Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ურევია თუ არა გალში მომხდარ მკვლელობებში საქართველოს სპეცსამსახურების ხელი


აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ეჭვი არ ეპარებათ,

რომ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში გალის რაიონის ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობებში საქართველოს სპეცსამსახურების ხელი ურევია. 25 დეკემბერს ავტომანქანა, რომელშიც სეპარატისტული ადმინისტრაციის მიერ დანიშნული მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნანბა და პროკურორი ბესიკ კოღონია ისხდნენ, უცნობმა პირებმა ააფეთქეს. შედეგად, გარდაიცვალა ტურნანბა და მისი მძღოლი, ხოლო მძიმედ დაჭრილი კოღონია სააავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ტურნანბას ბედი გაიზიარა კიდევ ერთმა მილიციელმა, ალიკ ხიშბამ, რომელსაც მაშინ ესროლეს, როცა აფეთქების ადგილს ათვალიერებდა. რა მოხდა გალის რაიონში? ვის და რატომ უნდა დაეხოცა გალის მილიციის თანამშრომლები? ხომ არ უკავშირდება მკვლელობათა სერია თვითაღიარებული რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, 2007 წლის 4 მარტისთვისაა დანიშნული?

ვინ იყო ოთარ ტურნანბა? ამ, ერთი შეხედვით, მარტივ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. სეპარატისტებისთვის ის იყო აფხაზეთის ორგზის გმირი და რეჟიმის ერთგული მსახური, მაშინ როცა, თუ აფხაზეთის იუსტიციის ყოფილ მინისტრს პაატა დავითაიას ვერწმუნებით,
გალის ქართულ მოსახლეობაში ტურნანბას სახელი ძალადობასა და განუკითხაობასთან ასოცირდება:

[პაატა დავითაიას ხმა] „ეს ადამიანი აფხაზეთის ომის დროს იყო სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური, ატარებდა სადამსჯელო ოპერაციებს, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით, არ ინდობდა მშვიდობიან მოსახლეობას. ჩაიდინა არაერთი მკვლელობა, შემდეგ დაინიშნა გალის მილიციის უფროსად და სწორედ ის აკონტროლებდა გატაცებებს, თხილისა და ნარკოტიკების ბიზნესს და ასე შემდეგ.“

ალბათ, ამიტომაც გალში მომხდარი აფეთქების კომენტირებისას დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ტერაქტში საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობა ეჭვს არ იწვევს, თუმცა დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია ამტკიცებს, რომ მკვლელობა თბილისის ინტერესებში არ შედიოდა:

[თემურ მჟავიას ხმა] „ის, რაც დღეს აფხაზეთში კეთდება, არის ისევ და ისევ რუსული სპეცსამსახურების ინტერესებში, რათა მაქსიმალურად დაძაბონ ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის.“

თუმცა არც თემურ მჟავია უარყოფს, რომ, სწორედ 25 დეკემბერს მოკლული ოთარ ტურნანბას წყალობით, გალის რაიონში დაბრუნებულ დევნილებს დღენიადაგ შიშის ქვეშ უწევდათ ცხოვრება. „გამოსყიდვის მიზნით ადამიანებს ლამის ყოველდღე იტაცებენ, არაფერს ვამბობ წლის მოსავლის წართმევაზე,“ მითხრა ბატონმა რეზომ, აფხაზეთიდან დევნილმა, რომელსაც მე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გამოველაპარაკე:

[ბატონ რეზოს ხმა] „იტაცებენ ხალხს, ადამიანები ქრებიან. ოჯახებში უვარდებიან და აყაჩაღებენ. თხილის სეზონი როცაა, თხილის გამო კლავენ...“

ბატონი რეზო არ გამორიცხავს, რომ გალის მილიციის თანამშრომლები, მართლაც, ქართველებმა მოკლეს, მით უმეტე, რომ აფეთქების დროს გამოყენებული იყო სპეციალური მოწყობილობა. ამ ვერსიას არც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გამორიცხავს, თუმცა ჩემი რესპონდენტი ამბობს, რომ გალის რაონში დესტაბილიზაციის მოწყობით სეპარატისტებიც არიან დაინტერესებულნი. პაატა ზაქარეიშვილი 25-26 დეკემბერს მომხდარ მკვლელობებს 2007 წლის 4 მარტისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ჭრილში განიხილავს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „მავანი და მავანი დაინტერესებულია იმით, რომ გალის რაიონში იყოს დაძაბულობა. აფხაზების ინტერესებში არ შედის არჩევნების ისე ჩატარება, როგორ ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, როცა გალის რაიონმა გადამწვეტი როლი ითამაშა. ახლა, ცხინვალის არჩევნების შემდეგ, აფხაზებს ეშინიათ, რომ საქართველო მსგავსი ტიპის ღონისძიებებს გაატარებს როგორც გალის რაონში, ასევე კოდორის ხეობაში. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ გარკვეული ძალა დაინტერესებული იყოს გალში დაძაბულობის შექმნით, რათა არჩევნები არ შედგეს საქართველოს სცენარით. ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი ისაა, რომ თვითონ საქართველოა დაინტერესებული, რომ გალის რაიონში არ ჩატარდეს არჩევნები სეპარატისტების სცენარით. ასე რომ, ორივე მხარე - როგორც სოხუმი, ასევე თბილისი - დაინტერესებულია გალის რაიონში არეულობის შექმნით.“

თუმცა აფხაზეთიდან დევნილი ბატონი რეზო დარწმუნებულია, რომ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში არჩევნები ვერაფერს შეცვლის, მშვიდობა კი აფხაზეთის მიწაზე მანამ არ იქნება, ვიდრე ძალთა ბალანსი არ შეიცვლება:

[ბატონ რეზოს ხმა] „რუსების, რუსების ზურგით მოქმედებენ. სანამ რუსი იდგება ენგურთან, სულ ასეთი ვითარება იქნება.“

დაბოლოს, თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ აფხაზი მილიციელების სიკვდილში საქართველოს სპეცსამსახურების ხელი ურევია. სერგეი ბაღაფშის ინფორმაციით, გალში ვითარების გართულებამდე რამდენიმე დღით ადრე ზუგდიდს სტუმრობდა ვანო მერაბიშვილი, რომელიც, თუ სეპარატისტთა ლიდერს დავუჯერებთ, პარტიზანული დაჯგუფებების მეთაურებსაც შეხვდა. თუმცა ეს ყველაფერი ვარაუდია, ფაქტი კი ის არის, რომ 25-26 დეკემბრის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსად, თავს დაცულად ვეღარც გალის სეპარატისტული ადმინისტრაცია გრძნობს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG