Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2006 წელი: ირანი და ჩრდილოეთი კორეა უარს არ ამბობენ ატომურ ამბიციებზე და საერთაშორისო თანამეგობრობის ნებას არ ემორჩილებიან


ატომური იარაღის გავრცელება მსოფლიოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება, რის შემცირებაც მიმავალმა 2006-მა წელმა ბევრით ვერაფრით შეძლო.

კრიზისი, ძირითადად, ორ ფაქტორს უკავშირდება - ეჭვს, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობს და დადასტურებულ ფაქტს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული შეიარაღების პროგრამა არსებობს. რა მოიტანა 2006-მა წელმა ბირთვული იარაღის გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში?

2006 წლის ბოლოს ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილმა კრიზისმა გადამწყვეტ ეტაპს მიაღწია. თვეების განმავლობაში გაწეული დიპლომატიური მუშაობის შემდეგ, 23 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ირანს ავალდებულებს, შეწყვიტოს ბირთვული გამდიდრების პროგრამა. თუმცა რეზოლუციის დამტკიცებული ტექსტი, თავდაპირველ ვარიანტებთან შედარებით, ნაკლებად მკაცრია. ეს შერბილება ტექსტისა საბჭოს მუდმივ წევრებს შორის გამართულ მოლაპარაკებას მოჰყვა: რუსეთმა და ჩინეთმა უარი განაცხადეს თეირანისთვის მკაცრი სავაჭრო სანქციების დაწესებაზე, როგორც ეს თავდანვე სურდა შეერთებულ შტატებს.

ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მიღებიდან რამდენიმე საათში უარყო. ოფიციალური თეირანი კვლავ იმეორებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და აცხადებს, რომ ნატანცის ბირთვულ ცენტრში - ურანის გამდიდრების მიზნით - სამი ათასი ცენტრიფუგის დამონტაჟებას იწყებს. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა მძაფრად გააკრიტიკა გაეროს რეზოლუცია და მას "აზრს მოკლებული ფარატინა ქაღალდი" უწოდა.

რეზოლუციის მიღებას, როგორც უკვე ითქვა, წინ ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა უძღოდა.

[ბეკეტის ხმა] ”ირანს ორი არჩევანი აქვს. ჩვენ მას მოვუწოდებთ, დადებით გზას დაადგეს და სერიოზულად მოეკიდოს ჩვენს წინადადებას, რაც ირანისთვის აშკარად ხელსაყრელი იქნება.”

ამ განცხადებით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგარეტ ბეკეტი 2006 წლის 1 ივნისს ვენაში გამოვიდა. მაშინ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყნისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები თეირანისთვის მნიშვნელოვანი წამახალისებელი ინიციატივების შეთავაზებაზე შეთანხმდნენ იმ პირობით, რომ ქვეყანა გაეროს მოთხოვნას დაემორჩილებოდა და ურანის გამდიდრებას შეწყვეტდა. ინიციატივები მოიცავდა ირანის ბირთვული ენერგეტიკის ინდუსტრიისათვის დახმარების აღმოჩენასა და პირობას, რომ ქვეყანას ურანის საწვავით დიდი ხნის განმავლობაში მოამარაგებდნენ. ამდენად, ირანს საკუთარი საწვავის გამომუშავება აღარ უნდა დასჭირვებოდა ურანის გამდიდრების მეშვეობით, ანუ იმ გზით, რომელიც ატომური იარაღის შექმნაშიც გამოიყენება.

მაგრამ ივნისში მიღწეულმა შეთანხმებამ კრიზისის განმუხტვა ვერ შეძლო. მალე ნათელი გახდა, რომ პრობლემის საბოლოოდ მოგვარება, მართლაც, ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენდა. საერთაშორისო ძალების წინადადებას ირანმა ”სერიოზული” მოლაპარაკების გამართვის შეთავაზებით უპასუხა. აი, რა განცხადებით გამოვიდა ივლისში ატომურ საკითხებში ირანის მთავარი წარმომადგენელი ალი ლარიჯანი:

[ლარიჯანის ხმა] ”მოლაპარაკების შედეგის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების მიზეზს ვერ ვხედავ. ჩვენ მეტი დრო გვესაჭიროება მოსალაპარაკებლად. ეს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს და, ვფიქრობ, ურთიერთნდობის ხარისხის გაზრდისათვის ყველა საკითხსა და პრობლემაზე უნდა ვისაუბროთ. ჩვენი მიზნების მისაღწევად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უნდა შევძლოთ.”

ამგვარი განცხადებების პარალელურად, ირანის არაერთი ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებდა, რომ თეირანი არ დათმობდა ატომური პროგრამის განვითარების უფლებას. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ხელი არ შეეშალა ირანის ატომური პროგრამისათვის:

[აჰმადინეჟადის ხმა] ”თუ კვლავაც შეეცდებით შეაჩეროთ ირანის ატომური პროგრესი და ირანის უფლებების წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ, პროპაგანდისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების თვალსაზრისით, ირანელი ხალხი ამას მტრული აქტის კვალიფიკაციას მისცემს.”

პრეზიდენტ აჰმადინეჟადის ამ განცხადებიდან სულ მალე გაეროს უშიშროების საბჭომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სიუჟეტის დასაწყისში ნახსენები რეზოლუცია მიიღო, რომელსაც, როგორც უკვე ვთქვით, ირანი ჯერჯერობით არ დამორჩილებია. ამდენად, როგორც ჩანს, ირანის ატომური პროგრამის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობა საერთაშორისო პოლიტიკაში მომავალ წელსაც იარსებებს.

*****
პარალელურად, 2006-მა წელმა ატომური იარაღის გავრცელებასთან ბრძოლაში კიდევ ერთი პროგრამის ირგვლივ არსებული კრიზისის ესკალაცია მოიტანა. საუბარია ჩრდილოეთ კორეაში მოქმედ ბირთვული იარაღის პროგრამაზე:

[პაკ გირ იონის ხმა] ”მე ძალიან ვამაყობ ჩვენი მეცნიერებითა და მკვლევრებით, რომლებმაც ასეთი წარმატებული ბირთვული გამოცდა ჩაატარეს.”

ეს განცხადება გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა პაკ გირ იონმა ოქტომბერში გააკეთა - მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გამოაცხადა, რომ ქვეყანაში პირველი ატომური გამოცდა ჩატარდა.

გამოცდამ, რომელიც, ფხენიანის განცხადებით, წარმატებული იყო, მთელ მსოფლიოში განგაში გამოიწვია, ვინაიდან ამით ნათლად გამოჩნდა, რომ ჩრდილოეთი კორეა ბირთვულ იარაღზე მუშაობის გაგრძელებას აპირებდა. და ეს, მიუხედავად იმ ექვსმხრივი მოლაპარაკებისა, რომელიც გარკვეული პერიოდულობით იმართებოდა და ჩრდილოეთ კორეას ამ პროგრამის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

გამოცდა დაგმო მოლაპარაკებაში მონაწილე ხუთივე ქვეყანამ: შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ჩინეთმა, იაპონიამ და სამხრეთმა კორეამ.

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას სადამსჯელო სანქციები დაუწესა ვაჭრობის, მოგზაურობის და სხვა სფეროებში. თუმცა ის, თუ რამდენად მკაცრად მოხერხდება სანქციების ამოქმედება, კვლავაც გაურკვეველია:

[ვანგის ხმა] ”ვფიქრობ, ჩვენ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მაგრამ, ამასთან, ჩემი აზრით, პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრის შესაძლებლობა კვლავაც არსებობს.”

ვანგ გუანგუა, გაეროში ჩინეთის ელჩი, ამ განცხადებით ფხენიანისთვის სანქციების დაწესებამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა. ჩინეთმა, რომელიც ფხენიანის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, მას შემდეგ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ გაეროს ჩრდილოეთ კორეაში შემავალი ყველა ტვირთის ჩხრეკის სანქცია აქვს გაცემული. ჩინეთს მალე რუსეთიც შეუერთდა და განაცხადა, რომ თუ ფხენიანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებული კრიზისი მშვიდობიანი გზით არ მოგვარდა, ეს საფრთხეს შეუქმნის მთელ რეგიონს.

22 დეკემბერს პეკინში განახლდა ექვსმხრივი მოლაპარაკება, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა. მოლაპარაკების მონაწილე ხუთი ქვეყანა - შეერთებული შტატები, ჩინეთი, იაპონია, რუსეთი და სამხრეთი კორეა - ცდილობდა, ფხენიანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად მიმდინარე სამუშაოების შეჩერებაზე დაეყოლიებინ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური დახმარების პირობით. მაგრამ ფხენიანმა უარი თქვა ამ საკითხის განხილვაზე, ვიდრე შეერთებული შტატები არ გააუქმებს ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედ ფინანსურ სანქციებს. მოლაპარაკების მონაწილეებს შემდეგი რაუნდის თარიღი არ დაუსახელებიათ, თუმცა მიანიშნეს, რომ საუბარია რამდენიმე კვირაზე და არა თვეებზე.

*****
ის უუნარობა, რომლითაც ჯერჯერობით ხასიათდება საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობები, შეაჩეროს ირანისა და ჩრდილოეთი კორეის ბირთვული ამბიციები, ზრდის შეშფოთებას და იმის მოლოდინს, რომ ბირთვული იარაღის შესააქმნელად სხვა ქვეყნებშიც დაიწყებენ მუშობას. გაეროს ატომური უწყების - ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს - ხელმძღვანელის მუჰამედ ელ-ბარადეის თქმით, ”ატომური ბომბი ატომურ ბომბს შობს”.

”მანამ, სანამ ზოგიერთი ქვეყანა აცხადებს, რომ ატომური იარაღი მისი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, ეს იარაღი სხვა ქვეყნებისთვისაც სასურველი იქნება,” - ამბობს ელ-ბარადეი, გასული წლის ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი.

გაეროს ატომური უწყების თავმჯდომარე ყველა ქვეყანას მოუწოდებს უარი თქვან ბირთვულ შეიარაღებაზე. მისი თქმით, ატომური იარაღის განვითარების გაგრძელება იმის საშიშროებას ქმნის, რომ მომავალში ასეთი შეიარაღება 20-დან 30-მდე ქვეყნის განკარგულებაში იქნება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG