Accessibility links

logo-print

ევროინტეგრაცია – 2006


2006 წელს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ

გადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით უმთავრეს მოვლენებად საქართველოსა და ნატოს შორის ინტენსიური დიალოგის რეჟიმში კონსულტაციების დაწყება და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის ხელმოწერა უნდა მივიჩნიოთ. საქართველოს ხელისუფლება ოპტიმისტურად აფასებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გრძელვადიან პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია. ყოველკვირეულ რუბრიკაში “ახალი ევროპა” ნინო გელაშვილი ამ ორი პროცესის შესახებ გესაუბრებათ:

2007 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირში ბულგარეთისა და რუმინეთის გაწევრიანების შემდეგ საქართველო შავი ზღვიდან ბლოკის უშუალო მეზობელი ხდება. 2006 წლის ნოემბერში ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ხელმოწერით ძალაში შედის ურთიერთობის ახლებური რეჟიმი. სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს ვთხოვე ჩვენი მსმენელისთვის განემარტა, თუ რას გულისხმობს ეს ახლებური ურთიერთობა:

[ბარამიძის ხმა]
“სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა საქართველოს დაეხმარება უფრო სწრაფად და ადვილად გახდეს ევროპული სტანდარტის ქვეყანა, ანუ ჩვენ განვავითაროთ როგორც ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები, ისე ქვეყნის ეკონომიკა და მივხედოთ სოციალურ სფეროს, გადავჭრათ შიდა კონფლიქტები ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა ევროკავშირისგან ამგვარი სტატუსის მიღების გარეშე და შესაბამისად, ინსტიტუციურად ჩამოყალიბებული მხარდაჭერის მექანიზმების გარეშე. ბუნებრივია, მარტო ეს ბევრად უფრო გაგვიძნელდებოდა ევროკავშირთან ეს ბევრად უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის”.

აქვე გასათვალისწინებელია სამეზობლო პოლიტიკის ერთი თავისებურებაც, რომელსაც ჩვენს რადიოსთან საუბარში თავის დროზე ხაზი გაუსვა ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის წარმომადგენელმა დევიდ ლიპმანმა:

[ლიპმანის ხმა]
“სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პარალელურად 2007 წლის იანვრიდან ძალაში შედის ახალი ფინანსური პროგრამა, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი ეწოდება. ამ ინსტრუმენტის მიზანია საქართველოსთვის დახმარების გაწევა. რაც მეტ პროგრესს მიაღწევთ სამოქმედო გეგმის შესრულებაში, მეტი იქნება ფინანსური დახმარება ევროკავშირისგან იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებზეც სამოქმედო გეგმაშია საუბარი. სამოქმედო გეგმის შესრულების ხარისხზე იქნება აგრეთვე დამოკიდებული ის, თუ რამდენად მიუახლოვდება საქართველო ევროკავშირის შიდა ბაზარს. ანუ რეალურად სამეზობლო პოლიტიკა ეს არის წახალისებისა და შესაძლებლობების შეთავაზების პოლიტიკა”.

ევროკავშირისთვის არ არის სულ ერთი როგორი სამეზობლო ეყოლება მას. სახელმწიფოთა ამ გაერთიანების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ ევროკავშირის ინტერესი სამხრეთი კავკასიის მიმართ იზრდება. ამის ერთ-ერთ მიზეზად ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა მარტინ ვინკლერმა მიმდინარე წელს საქართველოში ვიზიტისას ენერგოუსაფრთხოება დაასახელა:

გასახმოვანებელია[ვინკლერის ხმა]
“სამხრეთი კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის ინტერესი იზრდება მრავალ მიზეზთა გამო. ერთ-ერთი ენერგეტიკა გახლავთ. მოგეხსენებათ ევროკავშირის საბჭომ მარტში განიხილა ენერგეტიკის საკითხები ისე, როგორც არასდროს განუხილავს. ეს იყო ევროპის ენერგოპოლიტიკის შემუშავების დასაწყისი. ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების მხრიდან ამ თვალსაზრისით ძალიან ძლიერი სიგნალი გაისმა. საკითხის გადაჭრის ერთ-ერთი გზა არის ენერგორესურსებისა და მიღების გზების (ტრანსპორტირების, ტრანზიტის) დივერსიფიკაცია.”

ერთია მზარდი ინტერესი სამხრეთი კავკასიის მიმართ, მეორე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. საქართველოს ხელისუფლების პროგნოზი ამასთან დაკავშირებით ბოლო დროს შედარებით თავშეკავებული გახდა. თუმცა, საგულისხმოა, რომ ამგვარ პერსპექტივას არ გამორიცხავენ თავად ევროკავშირის წარმომადგენლებიც. ჯერჯერობით განუსაზღვრელ მომავალში, მაგრამ მაინც – არ გამორიცხავენ. ევროკომისიის ყოფილმა ელჩმა ტორბენ ლოცემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა:

[ჰოლცეს ხმა]
“საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ჯერ კიდევ ათ წელზე მეტი ხნის წინ გადაწყვიტეს, რომ სურთ შექმნან დასავლეთ ევროპული ტიპის სისტემა. მთავრობების შეცვლის მიუხედავად არ შეცვლილა მიზანი, რაც ევროპული სისტემის შექმნის გარდა ქვეყნის ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას გულისხმობს, ანუ იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ გახდებით ევროკავშირის წევრი, როგორიც უნდა იყოს ევროკავშირი 5-10 წლის შემდეგ. თუკი ვისაუბრებთ ინტერესთა განსხვავებულობაზე, ამას, როგორც წესი, ხანმოკლე ხასიათი აქვს ხოლმე. მიზანი უცვლელი რჩება და აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად ამ მიზნის მიღწევის გზებს შეეხება ხოლმე, თუმცა, ეს განსხვავებებიც არ არის დიდი.”

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიდგომა ოპტიმისტურთან ერთად თავშეკავებული და რეალისტურია. სახელმწიფო მინისტრი განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კომპეტენციაში შედის რეფორმების გატარება ქვეყანაში და არა ის, თუ როდის გაწევრიანდება ის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში:

[ბარამიძის ხმა]
“ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვიქნებით მზად 2008 წლისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რახან ჩვენ ვიქნებით მზად, ამიტომ აუცილებლად გავწევრიანდებით ნატოში. მუდმივად ვიმეორებთ ჩვენ ამას, მაგრამ, სამწუხაროდ, პრესაც და საზოგადოების დიდი ნაწილი რაღაცნაირად ტოვებს ამ ნაწილს – მეორე ნაწილს, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ორი კომპონენტი არის იმისთვის, რომ ორი აუცილებელი კომპონენტი არის იმისთვის, რომ გავწევრიანდეთ ნატოში: ერთი – ჩვენი მზადყოფნა და მეორე – თვითონ ნატოს მზადყოფნა, ანუ ნატოს 26 წევრი ქვეყნის კონსენსუსი ამა თუ იმ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებაზე”.

ნატოში ინტეგრაციის გზაზე ბოლო დროს არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი ამ პროცესის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებასთან მიმართება. საქართველო კონფლიქტების მოგვარების შემდეგ შეძლებს ნატოში შესვლას, თუ ეს მათ მოგვარებამდეც შესაძლებელი გახდება. გიორგი ბარამიძე ამ თემით სპეკულირებას დაინტერესებულ ძალებს მიაწერს და აცხადებს:

[ბარამიძის ხმა]
“ჩვენ ნატოში შესვლა არ გვიღირს ჩვენს ტერიტორიებად და საერთოდ არაფერი არ გვიღირს ჩვენ ტერიტორიებად და ეს აბსურდული აზრი ყველამ უნდა ამოიგდოს თავიდან. ეს არის გამორიცხული და ამას არც ნატო არ ლაპარაკობს, ამიტომ ეს არის, მინდა გითხრათ, პროვოკაციული აზრი, რომელზედაც წამოეგო ჩვენი საინფორმაციო საშუალებები და ხშირად ამაზე ლაპარაკობენ. ამიტომ, ჩვენ ნატოში გასაწევრიანებლად, რა თქმა უნდა, გვესაჭიროება სერიოზული პროგრესი კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების საქმეში და ამ გზას ვადგავართ. ანუ, ეს პროგრესი იქნება განპირობებული იმით, რომც არ მოინდომოს მეორე მხარემ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იმიტომ, რომ, ბუნებრივია, ისინი ყველანაირად შეეცდებიან ამ პროგრესის არ დაშვებას იმიტომ, რომ ჩვენ დაგვბრკოლონ ნატოში შესაშვებად და ეს გასაღები მათ ხელში არ არის... ჩვენ შეგვეძლება ცალმხრივად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რითაც დავანახებთ დასავლეთს, რომ ჩვენ გულწრფელად გვინდა ამ კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირება და მართლა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები მშვიდობიანად მოგვარდეს. მაგრამ, თუ რაღაცა ძალები კიდევ გააგრძელებენ აშკარა წინააღმდეგობას, ეს არ იქნება იმის საფუძველი, რომ ამ ძალებს სწორედ თავიანთი დესტრუქციულობისთვის საჩუქრად ნატომ მიართვას ის, რომ საქართველოს გაწევრიანება დაბლოკოს. ასეთ საჩუქარს ნატო არავის არ გაუკეთებს და არავინ არ იფიქროს, რომ ვინმე ნატოში არის თვალდაბნელებული და რაღაცას ვერ ამჩნევს”.

გიორგი ბარამიძეს მიაჩნია, რომ ის, რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის თვალსაზრისით 2006 წელს მიაღწია, პროგრამა მაქსიმუმის რეალიზაცია იყო.
XS
SM
MD
LG