Accessibility links

logo-print

რა გახდა საქართველოს პარლამენტში სამთავრობო საათის მოწყობის მიზეზი


საპარლამენტო ოპოზიციის ძალისხმევის შედეგად, საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი და კონტროლის პალატის

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მიიწვიეს. სამთავრობო საათის მთავარი მიზეზია საქმე სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ბიძინა გიორგობიანისა, რომელიც თანამდებობიდან შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების გამო გადადგა და ახლა გერმანიაში ცხოვრობს. საქართველოში იგი ძებნილადაა გამოცხადებული და მის წინააღმდეგ სამართალდამცველები აქტიურ ქმედებებს ახორციელებენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ სატყეო მეურნეობის ყოფილ უფროსს უსამართლოდ ებრძვიან, რის დასაბუთებასაც ის სამთავრობო საათზე დასმული კითხვებით შეეცადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა გიორგობიანის სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დანაშაულზე სასამართლოს უკანასკნელად 12 დეკემბერს უნდა ემსჯელა. გიორგობიანს ბრალად ედება სახელმწიფო ქონების მითვისება და გაფლანგვა, რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მას წინასწარი პატიმრობა, დაუსწრებლად, ერთი წლის წინ შეუფარდეს.

[კახა კუკავას ხმა] ”ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობდა ბატონი ბიძინა გიორგობიანი. მან ჩვენ მოგვაწოდა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს შინაგან საქმეთა მინისტრის პარადად ჩართულობას ცხინვალის რეგიონიდან ხე-ტყის უკანონო კონტრაბანდაში. ეს არის ბლანკები და ნებართვები, რომლებიც გაიცემოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ცხინვალის სატყეო მეურნეობაზე, რომელიც არ არის ლეგიტიმური.”(სტილი დაცულია)

დეპუტატ კახა კუკავას მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის მამხილებელი ქმედება ჯერჯერობით გამოძიებით არ დასტურდება. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ბიძინა გიორგობიანს სწორედ ვანო მერაბიშვილის მამხილებელი დოკუმენტების გამო სდევნიან. ამ დღეებში ამის დამადასტურებელი რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ კი, კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი ნუგზარ ნაჭყებია ირწმუნება, რომ ძალოვანმა უწყებებმა გიორგობიანზე ყალბი აქტების შედგენა დაავალეს.

ამ ბრალდებებში გასარკვევად საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე სამთავრობო საათი დაინიშნა, რომელზეც, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იაშა მესხი მიიწვიეს.

ვანო მერაბიშვილმა დეპუტატებს კითხვის შინაარსი დაუწუნა და მას მოკლე პასუხი გასცა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] “ჰქონდა თუ არა კონტროლის პალატის თანამშრომელზე ზეწოლას ფაქტი, ჩემი ინფორმაციით არ ჰქონია...”

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - ძირითადად, “ახალი მემარჯვენეების” ფრაქციიდან - მწვავე კითხვები დასვეს ვანო მერაბიშვილის საქმიანობის გამოსააშკარავებლად:

[დეპუტატების ხმა] ”მას შემდეგ რაც ბიძინა გიორგობიანმა მიმართა ბატონ ზურაბ ჟვანიას მასზე ზეწოლა შეწყდა. რატომ შეწყდა თუ ეს კაცი დამნაშავე იყო...”

უმრავლესობა მინისტრის ღირსების დაცვას ასეთი გამოსვლებით შეეცადა:

[უმრავლესობის ხმა] ” თქვენ უფრო კომფორტულად იგრძნობდით თავს ტრიბუნასთან რომ კახა თარგამაძე იდგეს მაგრამ ეს ასე არ არის.”

შინაგან საქმეთა მინისტრის მსგავსად, ოპოზიციის ბრალდებების გაქარწყლება გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა სცადა და შემდეგი არგუმენტები მოიშველია:

[ზურაბ ადეიშვილის ხმა] ”ნათლად ჩანს რომ ეს ადამიანი საქმის კურსში იყო არამედ მისი ბრძანებით მოხდა ამ ხეტყის გასხვისება...”

ზურაბ ადეიშვილმა პარლამენტს ბიძინა გიორგობიანის საქმიანობის დამადასტურებელი ფაქტები და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებებიც წარუდგინა. ამას სულაც არ შეუცვლია საქმის მიმართ ოპოზიციის ან საპარლამენტო უმრავლესობის დამოკიდებულება. ოპოზიციამ საპარლამენტო გადაწყვეტილების მოსამზადებელი სპეციალური ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ გამოაცხადა. აღნიშნული ჯგუფი სამთავრობო საათის მასალებს გააანალიზებს და შედეგებს, მოხსენების სახით, პარლამენტის საგაზაფხულო სესიას წარუდგენს.
XS
SM
MD
LG