Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


როგორი იქნება ბუნებრივი აირის ფასი, რა მდგომარეობაა გალის რაიონში და როგორ ჩაიარა სამთავრობო საათმა პარლამენტში – ასეთი გახლავთ დღევანდელი პრესის ძირითადი თემები. გაგაცნობთ რამდენიმე პუბლიკაციას.



“გალის ტყეებში ქართველ პარტიზანებს ეძებენ” – იუწყება “რეზონანსი”. ავტორი წერს, რომ აფხაზი მილიციელების დაღუპვის შემდეგ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ საღამოს სეპარატისტთა ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის მებრძოლებმა გალის ცენტრი და რაიონის სოფლები – ქვემო ბარღები, თაგილონი და ჭუბურხინჯი - დაიკავეს. ადგილობრივი ქართველობა პანიკაშია და სოფლებიდან რაიონში გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მოსახლეობის ინფორმაციით, აფხაზ სპეცრაზმელებთან ერთად იმყოფებიან რუსი სამხედროებიც, რომლებიც არ არიან სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები”, - წერს “რეზონანსი”. გალში ამგვარი ვითარების არსებობას ადასტურებს “24 საათიც”. “შურისძიების პირველი შედეგი” – ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ გალის რაიონის ქართული მოსახლეობა უმწეო მდგომარეობაშია და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.

იგივე “24 საათი” წერს გუშინდელ სამთავრობო საათზე: “შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი გუშინ საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდნენ: სამთავრობო საათზე ისინი ოპოზიციონერმა დაპუტატებმა “დაკითხეს”. თუმცა ეს პროცედურა ხელისუფლების ოპონენტებისთვის უშედეგოდ დასრულდა: მათ მხოლოდ ნერვები აიშალეს.”

“ახალ თაობას” კი მიაჩნია, რომ სამთავრობო საათზე “ოპოზიციამ თავი გაიმასხარავა”. “მერაბიშვილმა პოზიცია-ოპოზიცია ერთმანეთს დაატაკა,” - წერს გაზეთი. ამავე გაზეთში წაიკითხავთ პუბლიკაციას “ყაზტრანსგაზის” შესახებ. ავტორს მიაჩნია, რომ “ყაზტრანსგაზის” აფიორა გამოსაძიებელია”. საქმე ეხება იმ გაუგებრობას, რომელიც შეიქნა ბუნებრივი აირის მრიცხველებთან დაკავშირებით, როცა კომპანიის წარმომადგენლებმა მომხმარებლებს ახალი მრიცხველების შეძენა დაავალეს: “რადგან ხალხი, მედია, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთ პოზიციაზე დგანან, რთული არ იქნება გამოძიება, ვის შემოჰქონდა მრიცხველები, რატომ არ შემოჰქონდა “ყაზტრანსგაზს”, ამავდროულად, რატომ უწევდა ეს კომპანია რეკლამას ელიავას ჯიხურებს და ვინ უნდა დაისაჯოს ამ უდიდესი აფიორისთვის,” - წერს “ახალი თაობა”.

ბუნებრივი აირის თემას წამყვანი ადგილი უკავია დღევანდელ “რეზონანსში”. პირველ გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია შეეხება მთავრობის გეგმებს გაზის ტარიფის სუბსიდირების შესახებ. ავტორი ინტერესდება: “თუ შეწონილი ტარიფი სემეკს ჯერ არ დაუდგენია, ფინანსთა სამინისტრომ 120-მილიონიანი სუბსიდირება რა გათვლების შედეგად გააკეთა. ენერგეტიკის სუბსიდირების შემთხვევაში მთავრობას დასამშვიდებელი მაინც არ აქვს, ვინაიდან ძვირი გაზი, ყველა გათვლებით, ცხოვრებას მაინც გააძვირებს,” - წერს “რეზონანსი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG