Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონის მოსახლეობა შველას ითხოვს


როგორც მოსალოდნელი იყო, სეპარატისტების მიერ გალში დანიშნული მილიციელების ოთარ ტურნანბასა და ალიკ ხიშბას მკვლელობა ოფიციალურმა სოხუმმა უპასუხოდ არ დატოვა.

28 დეკემბერს გალის ქართულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზ და ჩრდილოკავკასიელ "ბოევიკებს" გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ქართველი ახალგაზრდები ჰყავთ დატყვევებული, თუმცა გალის სეპარატისტული ადმინისტრაციის უფროსი რუსლან ქიშმარია ირწმუნება, რომ ქართულ სოფლებში მხოლოდ გეგმური შემოწმება და უკანონო იარაღის ამოღება მიმდინარეობს. რა ხდება გალის რაიონში და როგორ აპირებს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების დაცვას?

„გალის მოსახლეობა შველას ითხოვს“ - ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს პაატა დავითაია, ხელმძღვანელი პოლიტიკური მოძრაობისა „ჩვენ თვითონ“. მისი თქმით, სადამსჯელო ოპერაციას თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის დაცვის უფროსი ერიკ ვოუბა ხელმძღვანელობს:

[პაატა დავითაიას ხმა] „შემოვიდა 200-კაციანი ჯგუფი სოფელ ოტობაიაში. მოსახლეობა გახიზნულია ტყეში, ორი ოჯახი გაყვანილია სოფლიდან, დგინდება მათი გვარები... დაიწყო 1998 წლის მოვლენების მსგავსი მოვლენების განვითარება, დაიწყო ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და არ არის გამორიცხული, რომ ამას მოჰყვეს ძალიან დიდი მსხვერპლი, იმიტომ რომ საზღვარი ჩაკეტილია და გამოსვლა თითქმის შეუძლებელია.“(სტილი დაცულია)

იმას, რომ გალის რაიონში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია, რაიონის ქართული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გია ლომიაც ადასტურებს:

[გია ლომიას ხმა] „გუდაუთელები გალელებს განსაკუთრებული სისასტიკით ექცევიან. გადაკეტილია ყველა გადასასვლელი. თითქმის ყველა ოჯახში შევიდნენ. არ ვიცი რას ეძებენ. აპატიმრებენ ახალგაზრდებს. ძალიან დაძაბული სიტუაციაა, კერძოდ, ოტობაიაში.“

სწორედ ოტობაიაში მოკლეს უცნობმა პირებმა 25 დეკემბერს აფხაზი მილიციელები - ოთარ ტურნანბა და ალიკ ხიშბა, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ და რომლებიც, თუ ქართულ წყაროებს ვერწმუნებით, კრიმინალურ გარჩევას შეეწირნენ. თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელიც მკვლელობის ორგანიზატორად საქართველოს სპეცსამსახურს მიიჩნევს. ბაღაფშის მიერ გალის გამგებლად დანიშნული რუსლან ქიშმარია კი ამბობს, რომ მკვლელობების შემდეგ რაიონში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

[რუსლან ქიშმარიას ხმა] „ჩვეულებრივი სამილიციო სამუშაოა. არავინ მოუკლავთ, ჩამოუხრჩვიათ და აუფეთქებიათ. რაც შეეხება ოტობაიაში ბაშვების დაკავებას... რა ბაშვები, რა სისულელეა!“

რუსლან ქიშმარიას სიტყვების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს თემურ მჟავიას, რომელიც საომარი მოქმედებების განახლების საფრთხეზე ლაპარაკობს:

[თემურ მჟავიას ხმა] „არის საოცრად რთული სიტუაცია. გალის მოსახლეობა შველას ითხოვს. შემოსულია რუსული სპეცნაზი, მაგრამ რა მიზნით, არ ვიცით. ალბათ, მზადდება ძალიან სერიოზული ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ისევ და ისევ საომარი მოქმედებების განახლებას.“

გალში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე, სიმშვიდეს ინარჩუნებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელსაც დღის პირველ ნახევარში გალის ამბებთან დაკავშირებით კომენტარიც კი არ გაუკეთებია, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ზვიად ძიძიგური, ხელისუფლებას გალის ქართული მოსახლეობის დასაცავად ქმედითი ღონისძიებების გატარებას ურჩევს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „როცა ჩვენებს ხოცავენ, ჩვენ გვაქვს სრული მორალური და პოლიტიკური უფლებაც იმისი, რომ გადავდგათ მსგავსი ნაბიჯები. ვითხოვ საქართველოს ხელისუფლებისგან ქმედებებს და არა სირაქლემას პოზიციაში დგომას.“

ქმედებები, რომელზეც ზვიად ძიძიგური ლაპარაკობს, არ უნდა გადაიზარდოს შეიარაღებულ დაპირისპირებაში, ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც აფხაზებთან პირდაპირი კონტაქტის აღდგენის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] „არ არსებობს არანაირი მუდმივმოქმედი კონტაქტი აფხაზურ მხარესთან და, შესაბამისად, გარკვევა იმისა, თუ რა ხდება სინამდვილეში. ყველაფერი ეს ეფუძნება ლეგენდებს, მითებსა და გამონთქვამებს, რომელიც შეიძლება არც არის სწორი. ამიტომ ჯერ უნდა დადგინდეს რა მოხდა სინამდვილეში და შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით მოხდეს განმუხტვა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჯარების შეყვანა. ეს იქნება კატასტროფა.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG