Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზპრომსა და ბელორუსიას შორის ვითარება დაიძაბა


მინსკი უარს ამბობს გაზპრომის მოთხოვნაზე, 2007 წელს მეტი გადაიხადოს რუსეთიდან იმპორტირებულ გაზში და რუსეთის ენერგოკომპანიის ამ ინიციატივას "პროვოკაციად" ნათლავს.

რამდენად შესწევს მოსკოვს იმის უნარი, რომ დაიყოლიოს მეზობელი ქვეყანა?

გაზპრომმა და ბელორუსიამ ერთ რამეში შეთანხმება შეძლეს: ბელორუსია ორნახევარ მილიარდ დოლარს მიიღებს გაზპრომისთვის სახელმწიფოს კუთვნილი გაზსადენის, ბელტრანსჰაზის, 50 პროცენტის დათმობის წილ.

გაზპრომის წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა ეს 27 დეკემბერს დაადასტურა.

მაგრამ გაზპრომი და ბელორუსია ჯერაც ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ რა სახით მოხდება ბელტრანსჰაზის წილის საფასურის გადახდა. ბელორუსიას ნაღდი ანგარიშსწორება სურს, გაზპრომი კი ითხოვს, რომ საფასური გადახდილ იქნეს 2007 წლისთვის გათვალისწინებული გაზის იმპორტის ნაწილით.

გაზპრომის ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის თანახმად, ასეთი ფორმულა შეიძლება გაგრძელებულ იქნეს 2011 წლამდე, როცა გაზპრომი გაზის მხოლოდ საბაზრო ფასებში ექსპორტზე გადასვლას გეგმავს.

მინსკი მოითხოვს, რომ ბელტრანჰაზისა და გაზის იმპორტის ფასების საკითხები ცალ-ცალკე იქნეს განხილული.

გაზის ფასზე მინსკსა და მოსკოვს სერიოზული უთანახმოება აქვთ.

გაზპრომი ათას კუბურ მეტრ გაზში ბელორუსიას 105 დოლარს სთხოვს (დღესდღეობით ბელორუსია 46,68 დოლარს იხდის). ბელტრანსჰაზის წილის ყიდვის შემთხვევაში გაზპრომი თანახმაა ბელორუსიისგან 75 დოლარი მიიღოს ათას კუბურ მეტრში.

ბელორუსიის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ვლადიმირ სემაშკომ 26 დეკემბერს "პროვოკაცია" უწოდა გაზპრომის პოზიციას.

მისი თქმით, ბელორუსია გადაიხდის 75 დოლარს, მაგრამ ეს საკითხი არ უნდა დაუკავშირდეს ბელტრანსჰაზის წლის გაყივდას.

[სიამაშკოს ხმა] "ჩვენ ხელს ვერ მოვაწერთ ჩვენი ეკონომიკის დაქცევას. ამ შემთხვევაში ჩვენი ვითარება გამოუვალია, ვინაიდან რუსეთის გაზსადენთან, რუსეთის გაზგამანაწილებელ ქსელთან ვართ დაკავშირებული."

ექსპერტები დაობენ იმის თაობაზე, მართლა დამანგრეველი იქნება თუ არა ბელორუსიისთვის გაზის ფასის ზრდა.

ჯერჯერობით ნათელია ერთი რამ - ბელორუსიას არ სურს გაზპრომს ჩაუგდოს ხელში ბელტრანჰაზზე კონტროლი. ამ საკითხისთვის თავის არიდებას მინსკი ხუთი წლის განმავლობაში ახერხებდა. მას შემდეგ რაც ცხადი გახდა, რომ მოსკოვი ენერგორესურსებს ზეწოლის იარაღად იყენებს, ბელორუსია ბელტრანსჰაზს სულ უფრო მეტად ანიჭებს სტრატეგიულ მნიშვნელობას.

ამჟამად რუსეთიდან ევროპაში ექსპორტირებული გაზის 24 პროცენტი მიედინება ბელორუსიის გავლით. ამიტომ მინსკი ფიქრობს, რომ ეს გარემოება მოსკოვზე ზეწოლის ბერკეტად შეიძლება გამოიყენოს.

ამიტომაც მინსკზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება არ მოუხდენია ალექსანდრ მილერის შემდეგ განცხადებას, რომელიც მან 27 დეკემბერს გააკეთა:

[მილერის ხმა] "იმ შემთხვევაში, თუ არ გაფორმდა კონტრაქტი მომავალი წლისთვის გაზის მიწოდების თაობაზე, 2007 წლის 1 იანვარს, მოსკოვის დროით დილის ათი საათიდან, "გაზპრომს" არ ექნება არავითარი საფუძველი საიმისოდ, რომ ბელორუსიას გაზი მიაწოდოს."

სემაშკომ არ დააყოვნა და განაცხადა, რომ გაზპრომს არ მისცემენ ბელორუსიის გავლით გაზის ტრანსპორტირების უფლებას:

[სიამაშკას ხმა] "ჩვენ ურთიერთდამოკიდებული ვართ. მე არ მაქვს ბატონ მილერთა კონტრაქტი ბელორუსიისთვის გაზის მიწოდების თაობაზე. ასევე მილერს არა აქვს ჩემთან კონტრაქტი ბელორუსიის გზით გაზის ტრანზიტზე. უნდა გითხრათ, რომ ბელორუსიის ტერიორიით ხდება 44 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი."

სემაშკო დარწმუნებულია, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გაზპრომმა მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება შეუმციროს ბელარუსიას გაზის მიწოდება.

როგორც ჩანს, მინსკს გადაწყვეტილი აქვს, ის გაზი, რომელსაც გაზპრომი ბელორუსიის გავლით გაატარებს ევროპისკენ, კონტრაქტის არარსებობის პირობებში "კონტრაბანდად" გამოაცხადოს და საკუთარი მოხმარებისთვის მიითვისოს იგი.

მეორე მხრივ, მილერმა 27 დეკემბერს მიანიშნა, რომ გაზპრომმა შეიძლება საერთოდ შეწყვიტოს ბელორუსიისკენ გაზის გადაქაჩვა და ევროპა სხვა მარშრუტებით დააკმაყოფილოს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ აგრესიული რიტორიკა ადრე თუ გვიან მიწყნარდება და გაზპრომი ბელორუსიასთანაც მიაღწევს სასურველ შედეგს, როგორც ეს სხვა მეზობლების შემთხვევაში მოხდა.

2007 წელს უკრაინა ათას კუბურ მეტრ გაზში 130 დოლარს გადაიხდის, მოლდავეთი 170-ს, საქართველო კი - 235-ს.
XS
SM
MD
LG