Accessibility links

logo-print

ახალი განგაში ტუბერკულოზთან დაკავშირებით


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი განგაში გამოაცხადა ტუბერკულოზთან დაკავშირებით.

ამჯერად მედიკოსები შიშობენ, რომ წამლების მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზის ეპიდემია ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. სამედიცინო ექსპერტთა თანახმად, აღმოჩნდა, რომ შესწავლილი 79 ქვეყნიდან თითქმის ყველაში არსებობს ტუბერკულოზის მდგრადი სახეობა.

ახალი ტიპის ტუბერკულოზით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ყაზახეთშია აღრიცხული. ტუბერკულოზის შემთხვევების 57 პროცენტი სწორედ ე.წ. ანტიბაქტერიული წამლების მიმართ მრავლობითი რეზისტენტობის სახეობაზე მოდის.

ჭლექის ახალი ძლიერი კერები არსებობს რუსეთში, ტომსკის ოლქში და უზბეკეთში, ყარაყალპაკეთში. დაავადების კერები არსებობს ასევე ჩინეთში.

მრავლობითი რეზისტენტობის ტუბერკულოზი ჩნდება იმ შემთხვევებში, როცა ჩვეულებრივ ტუბერკულოზს არასაკმარისად მკურნალობენ. პაციენტებმა წესით რამდენიმე თვე უნდა მიიღონ ანტიბიოტიკები. მაგრამ ისინი ხშირად არღვევენ ამ რეჟიმს.

მოუსმინეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დირექტორს, მარიო რავილონეს:

[რავილონეს ხმა] "თუ პაციენტები თავიანთ ნებაზე არიან მიშვებული, დიდია იმის ალბათობა, რომ ერთი-ორი თვის შემდეგ, როცა ისინი თავს უკეთ იგრძნობენ, თვითონვე დაიწყებენ საკუთარი რეჟიმის დადგენას. იტყვიან, არ მინდა ოთხი აბის მიღება. ერთი ან ორი მეყოფაო."

ანდა არის სხვა საფრთხეც. მაგალითად, ექიმები არასაკმარისი ვადით გამოუწერენ ხოლმე პაციენტს მედიკამენტებს ანდა პაციენტი ამა თუ იმ წამლის შოვნას ვერ ახერხებს.

მკურნალობის კურსის ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში დაავადება რამდენიმე თვეში შეიძლება ისევ განახლდეს.

მაგრამ კიდევ უფრო უარესი შედეგია ის, რომ შუა გზაზე მიტოვებული დაავადება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ხდება და პაციენტმა შეიძლება სხვებსაც გადასდოს ეს ახალი, მრავლობითი რეზისტენტობის ტუბერკულოზი.

ამ დაავადებას შენელებული ბომბის მსგავსი ეფექტი აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ხერხდება მისი მოთოკვა, ჯანდაცვის პროგრამების წარმატებით გატარება, მედიკამენტებით მომარაგების უზრუნველყოფა, მრავლობითი რეზისტენტობის ტუბერკულოზმა შეიძლება წლების შემდეგ კვლავ იჩინოს თავი.

რავილონეს თქმით, ბაცილით ინფიცირებულ ადამიანს შეიძლება თავად დაავადება ერთი-ორი წლის შემდეგ დაეწყოს. ზოგ შემთხვევაში ეს პერიოდი შეიძლება ათიდან ოც წლამდე გაგრძელდეს. ფაქტობრივად, მომავალი თაობები შეიძლება დაავადდნენ დავაადებით, რომლის ფორმირება დღეს ხდება.

არსებობს კიდევ უფრო უარესი საფრთხე - შეიძლება გავრცელდეს ე.წ. განსაკუთრებული რეზისტენტობის ტუბერკულოზი, რომლის მკურნალობა, თითქმის შეუძლებელია.

ამ პრობლემას მიეძღვნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების შეხვედრა, რომელიც სექტემბერში გაიმართა იოჰანესბურგში. მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, დოქტორმა ერნესტო ხარამიიომ ჩვენს რადიოს განუცხადა:

[ხარამიიოს ხმა] "ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის არსებულ ვითარებას და წლის ბოლოსთვის ზუსტ რეკომენდაციებს გააკეთებს, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ განსაკუთრებით რეზისტენტულ ტუბერკულოზს. მაგრამ ჯერჯერობით საგანგებო რეკომენდაციას ვაკეთებთ, რომ ე.წ. მეორე რიგის წამლები, რომლებიც მრავლობითი რეზისტენტობის ტუბერკულოზის წინააღმდეგ იხმარება, სწორად იქნეს გამოყენებული. მეორე რიგის წამლების რაციონალური გამოყენება ყველაზე ქმედითი საშუალებაა განსაკუთრებით რეზისტენტული ტუბერკოულოზის გაჩენისგან თავის დასაცავად."

ამ ტიპის ტუბერკულოზი განსაკუთრებით საშიშია შიდსით დაავადებული პაციენტებისთვის. აგვიტოში სამხრეთი აფრიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ამ ავადმყოფობით დაავადებული 54 პაციენტიდან 53 ერთ თვეზე ნაკლებ დროში გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG