Accessibility links

logo-print

როგორ აფასებენ ექსპერტები ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის ინიციატივას


ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა 27 დეკემბერს, ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს, გაახმიანა.



მიხეილ სააკაშვილმა აღწერა ბიზნესმენებისთვის მეტად მომხიბვლელი და მიმზიდველი გარემო, სადაც საქმის წამოწყება რამდენიმე წუთში გახდება შესაძლებელი, სადაც კანონი ოპერატიულად იკანონებს და სიმართლის დამტკიცება სულ რაღაც 1-2 საათში მოხერხდება. როგორ აფასებენ ექსპერტები პრეზიდენტის ახალ ინიციატივას - რა სარგებლობას მოუტანს თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფოთსა და დარჩენილ საქართველოს და რატომ სჭირდება მას საგანგებო კონტროლი?

როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი ახალ ინიციატივას აცნობდა, ბიზნესმენებს ისიც გარკვევით უთხრა, რომ ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონა არაფრით დაემსგავსება ასლან აბაშიძის მიერ ერთ დროს ჩაფიქრებულს და რომ იქ კანონი აუცილებლად იკანონებს. პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდება:

(მიხეილ სააკაშვილის ხმა) ”ეს იქნება არა ფოთის ეკონომიკური ზონა მხოლოდ, ეს იქნება ეკონომიკური ზონა, რომელიც მოემსახურება მთელ სამეგრელოს, გურიას, აჭარას და დანარჩენ საქართველოს... სადაც საწარმოს დარეგისტრირება მოხდება 15 წუთში, სადაც დავებს გაარჩევენ იქვე, 1-2 საათში, სადაც განხორციელება კანონის იქნება მყისიერი, სადაც ბიუროკრატია იქნება ნულთან ახლოს და სადაც ექსპორტიორებისა და მწარმოებლებისთვის იქნება აბსოლუტურად იდეალური პირობები შექმნილი.” (სტილი დაცულია)

მიხეილ სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის დაიწყება ეს პროცესი. თუმცა ექსპერტის ეკონომიკურ საკითხებში დავით ნარმანიას პროგნოზით, იმას, რომ ”ყველაფერი მართლაც უმაღლეს დონეზე გაკეთდეს,” 3-4 წელიწადი დასჭირდება. გარდა იმისა, რომ აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება, საჭიროა შესაბამისი ინფრასრუქტურის შექმნაც. ფოთი ახლებური, აქტიური ცხოვრებისთვის უნდა მოემზადოს:

(დავით ნარმანის ხმა) ”საქართველოში მოქმედი ბიზნესის, ექსპორტიორების, იმპორტიორების, გადამზიდავების, საბაჟო საწყობების დიდი კონცენტრაცია მოექცევა ფოთში, რაც ფოთის პრაქტიკულად მეორე საფინანსო და ეკონომიკურ ცენტრად განვითარებას შეუწყობს ხელს, დედაქალაქის მერე.” (სტილი დაცულია)

ნარმანიას მსგავსად, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეას მიესალმებიან სხვა ექსპერტებიც. მათ რიცხვშია გია ხუხაშვილი, რომელიც საკითხს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი კუთხით აფასებს:

(გია ხუხაშვილის ხმა) ”აქ ბიზნესის განვითარებაზე, აქტივობის გაზრდაზე, ახალ ინვესტიციებზეა საუბარი. ამ ზონას ექნება არა მხოლოდ სავაჭრო დატვირთვა, არამედ აქ შესაძლებელია თავისუფალი საწარმოო ზონის გაკეთებაც. ეს ნიშნავს ძალიან სოლიდური რაოდენობის სამუშაო ადგილებს და, გარკვეულწილად, ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, იმიტომ რომ, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ძალიან ბევრი ტრანსნაციონალური კომპანია თავის საწარმოო სექტორს განათავსებს ამ ზონაში.” (სტილი დაცულია)

იმის გამო, რომ შემოტანილ ნედლეულსა თუ ნახევარფაბრიკატებს საბაჟო გადასახადი არ შეეხება, დაბალი იქნება თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება და, შესაბამისად, ფასიც. მით უმეტეს, თუკი გადასახადებისგან თვით წარმოებაც გათავისუფლდება. დავით ნარმანია ფიქრობს, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კონკურენტული გარემოს შესანარჩუნებლად, კანონმდებლებმა გარკვეული შეზღუდვები უნდა გაითვალისწინონ:

(დავით ნარმანიას ხმა) ”კერძოდ, ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის შიგნით იწარმოება და რომლის წარმოებაც, ასე თუ ისე, განვითარებულია, ეს პროდუქცია თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არ უნდა იწარმოებოდეს. შეიძლება იყოს იქ, უბრალოდ, მისი გადამუშავება, საბოლოო სახის მიცემა, შეფუთვა, მარკირება...” (სტილი დაცულია)

ამასთან, ექსპერტი შეგვახსენებს მსოფლიო პრაქტიკას, რომელიც მოწმობს, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონა ერთ-ერთი ყველაზე რთულად ადმინისტრირებადი მექანიზმია, რომ არასათანადო ადმინისტრირების პირობებში, ამგვარ ზონებს საეჭვო წარმოშობის კომპანიების მიერ ”ფულის გათეთრების” ზონებად გადაქცევის საფრთხე ემუქრება. თეორიულ საფრთხეს ხედავს გია ხუხაშვილიც, თუმცა ის ფიქრობს, რომ ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული:

(გია ხუხაშვილის ხმა) ”თუ პოლიტიკური ნება იქნა, მე იქ ადმინისტრირების კუთხით სერიოზულ ტექნიკურ პრობლემებს ვერ ვხედავ. ახლა, ყველა კარგი იდეის გაფუჭება შესაძლებელია. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნება, რომ არ გახდეს რაღაც კორპორატიული ინტერესების, კლანური ინტერესების საჯირითო არეალი.” (სტილი დაცულია)

თავისუფალი ეკონომიკური ზონები ამჟამად მსოფლიოს დაახლოებით 20 ქვეყანაში მოქმედებს. საუბარია ძირითად აზიურ ქვეყნებზე, რომლებიც ბიზნესისთვის, როგორც წესი, პორტებითა და იაფი მუშახელით არიან მიმზიდველნი.
XS
SM
MD
LG