Accessibility links

logo-print

დაიწყო მაჰმადიანთა დღესასწაული ჰაჯი


ჰაჯზე დასასწრებად საუდის არაბეთის ქალაქ მექაში ორ მილიონამდე მუსლიმანი ჩავიდა, იუწყება ამ ქვეყნის ხელისუფლება.

ჰაჯი ხომ მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალი ყოველწლიური თავყრილობაა. მისი მასპინძელი ქვეყანა, საუდის არაბეთი, ყველაფერს აკეთებს, რათა დაცული იყოს მლოცველების უსაფრთხოება, თავიდან იქნეს აცილებული ვიწრორელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება და თავდასხმა. სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ, ჰაჯი "ადგილისკენ დაძვრას" ნიშნავს. თუ ჯანმრთელობა და მატერიალური ყოფა ხელს უწყობს, ჰაჯზე ერთხელ მაინც დასწრება ყველა მუსულმანის მოვალეობაა.
ჰაჯი ისლამის მთელ სპექტრს აერთიანებს. მომლოცველები "იჰრამად" წოდებულ სადა, თეთრ სამოსს იცვამენ და ამით განსხვავებული სოციალური წარმომავლობის, მატერიალური მდგომარეობის თუ სხვადასხვა კულტურის ნიშნებს შლიან. ჰაჯის დროს გვერდიგვერდ ლოცულობენ ვაჭრები და პრემიერ-მინისტრები, მდიდრები და ღარიბები, პაციფისტები და ექსტრემისტები. მლოცველს, რომელიც ჰაჯიზე იმყოფება, ასევე “ჰაჯის” უწოდებენ.

მექადან მლოცველები დაახლოებით ათ კილომეტრში მდებარე მინას ველისკენ მიემართებიან. იქაურობა კარვების უზარმაზარ ქალაქად არის ქცეული. ჰაჯის განმავლობაში ისინი იქ იცხოვრებენ. თათრეთის მუფტის მოადგილე, ველიულა იაკუპი, რომელიც იქ იმყოფება, აგვიწერს ამ საცხოვრებელს:

(იაკუპის ხმა)
“კარვები მთელ ველზეა გაშლილი, თითოეულ კარავში 10, 20 ან 30 ჰაჯი ცხოვრობს. კარვებს შორის მთელი ქუჩებია, გამართულია ჯიხურები. შეგიძლია იყიდო, რაც გჭირდება, კარვებში ელექტროდენია შეყვანილი. ელექტროჩაიდნებით შეგიძლიათ მოიმზადოთ ჩაი. წყალი უფასოდა გვაქვს.”

მლოცველები პარასკევს მზის ჩასვლის შემდეგ აუყვებიან არაფატის მთას, სადაც, მაჰმადიანური წარმოდგენით, 632 წელს წინასწარმეტყველმა მაჰმადმა უკანასკნელად იქადაგა. არაფატზე ასვლა ჰაჯის უმნიშვნელოვანესი მომენტია. იქ მლოცელები ერთ დღეს დაყოფენ, ილოცებენ და ღმერთს შენდობას შესთხოვენ.
წელს არაფატის მთაზე ასვლა ამ მლოცველმაც, ალი ქაშემმაც, მოახერხა:

(ალი ქაშემის ხმა)
“დიდ ბედნიერებას ვგრძნობ, განსაკუთრებით აქ, არაფატზე. ეს ჰაჯის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შესანიშნავად ვგრძნობ თავს აქ, ამდენ ხალხთან ერთად. ღმერთსა ვთხოვთ, მიიღოს ჩვენი აქ სალოცავად ჩამოსვლა.”

ჰაჯის ერთ-ერთ პირველ და, ამავე დროს, უკანასკნელ რიტუალს "ტავაფი", ანუ "მოტრიალება", ეწოდება. ამ რიტუალის დროს მილიონობით მლოცველი მექის დიდი მეჩეთის ცენტრში მდებარე შენობას საათის საწინააღმდეგო მიმართულებით შვიდჯერ არტყამს წრეს. იმისათვის, რომ ჰაჯის რიტუალები დასრულებულად ჩაითვალოს, მეხუთე დღეს ყველა მონაწილემ "ტავაფი" ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს.
ეს ცენტრალური შენობა ქააბაა, ალაჰის სახლი – ისლამის წმიდათაწმიდა სალოცავი. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები მუსულმანები ლოცვის დროს პირს ამ სალოცავის მიმართულებით იბრუნებენ. ისლამური ტრადიციის თანახმად, ქააბა წინასწარმეტყველმა იბრაჰიმმა –აბრაამმა – და მისმა ვაჟმა ისმაილმა ააგეს და თან ის შავი ქვა ჩაატანეს, რომელიც, მუსულმანების რწმენით, მიწაზე ანგელოზმა ჯიბრილმა ჩამოიტანა. ჯიბრილი მთავარანგელოზ გაბრიელის მუსულმანური სახელია.
ჰაჯის რიტუალებს შორის არის საიც, რაც მარვაჰისა და საფაჰის მთებს შორის შვიდჯერ გავლას ითვალისწინებს. ეს რიტუალი განასახიერებს წინასწარმეტყველ იბრაჰიმის ცოლის - ჰაგარის - მიერ წყლის ძებნას უდაბნოში, როდესაც ჰაგარი იქ პატარა ისმაილთან ერთად მარტო დატოვეს.

მლოცველები კიდევ მინას ველზე მიდიან და სამი სვეტის სამდღიანი ჩაქოლვის რიტუალში იღებენ მონაწილეობას. სამი სვეტი ეშმაკს, იმავე ჯამრაჰს, გამოხატავს. სვეტების ჩაქოლვა წინასწარმეტყველ იბრაჰიმის, მისი ცოლისა და შვილის, ისმაილისგან, სატანის განდევნას ემსახურება. ამავე დროს, სვეტების ჩაქოლვით მორწმუნეები ქვებს, სიმბოლურად, თავიანთ ცდუნებებსაც ესვრიან.
სვეტების ჩაქოლვა ცხოველის - როგორც წესი, ცხვრის - დაკვლით მთავრდება. ამით სამდღიანი დღესასწაული ეიდ ადჰა, ანუ მსხვერპლშეწირვის ნადიმი, იწყება. წელს ჰაჯი დასრულდება, დასავლური კალენდრით, 31 დეკემბერს. სანამ მლოცველები შინისკენ გაემართებიან, ბევრი მათგანი წინასწარმეტყველ მაჰმადის სამუდამო განსასვენებლის ადგილს ეწვევა მედინაში.
XS
SM
MD
LG