Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, 2006 წელი პრობლემური იყო


რადიო “თავისუფლება” განაგრძობს სიუჟეტების ციკლს, რომლითაც 2006 წლის მნიშვნელობას ვაფასებთ მსოფლიოს ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთვის. დღეს ადამიანის უფლებების დაცვაზე ვისაუბრებთ

- ანალიტიკოსებისა თუ აქტივისტების აზრით, 2006 წელი ამ კუთხით პრობლემური იყო. ჩვენს გადაცემებში უკვე არაერთხელ ვილაპარაკეთ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ 2006 წელს საქართველოში არსებულ ვითარებაზე და, რასაკვირველია, ამ თემატიკას მომავალშიც განვაგრძობთ. დღეს კი საქართველოს არ შევეხებით და რეგიონალურ სურათს მოგაწვდით - მოგითხრობთ, რა მოუტანა 2006-მა წელმა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ზოგიერთ იმ ქვეყანას, სადაც რადიო “თავისუფლება” მაუწყებლობს.

ჩეჩნეთში, ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ბრძოლების თუ უზბეკეთში, ირანსა და ბელორუსიაში მოქალაქეთა რეპრესიების ფონზე, 2006 წელს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საკმაოდ ბევრი პრობლემა ახლდა.

ამ თვალსაზრისით, რთულ რეგიონად დარჩა შუა აზია. უზბეკეთში წლის განმავლობაში ვითარება არ გაუმჯობესებულა - გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში კვლავ ფართოდ მიმართავენ წამებას. ლონდონში განთავსებული ორგანიზაციის, ”Human Rights Watch"-ის, წარმომადგენელს ტომ პორტოს მიაჩნია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ტაშკენტის მიმართ საკმარის სიმკაცრეს არ ავლენს:

[პორტოს ხმა] ”უზბეკეთთან მიმართებით ჩვენ ყველაზე მეტად ის გვაწუხებს, რომ ევროკავშირი მიზანმიმართულ ქმედებებს აღარ ახორციელებს და საკმარისად მკაცრ პოლიტიკას არ ატარებს იმისათვის, რომ ანდიჟანის ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ამ ქვეყანაში რეალური ცვლილებები გამოიწვიოს. მოგეხსენებათ, ევროკავშირმა უზბეკეთს საკმაოდ მკაცრი სანქციები დაუწესა დაახლოებით ერთი წლის წინ.”

2006 წლის ბოლოს გარდაიცვალა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმის ლიდერი - თურქმენეთის პრეზიდენტი საფარმურატ ნიაზოვი. წლის მანძილზე უცვლელი იყო ქვეყანაში გამეფებული რეპრესიები. სექტემბერში თურქმენეთის ციხეში გარდაიცვალა რადიო “თავისუფლების” თურქმენული სამსახურის კორესპონდენტი ოგულსაფარ მურადოვა. მას 6 წლით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. მურადოვას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს დასავლეთის უფლებადამცველი ორგანიზაციები ”შეთითხნილს” უწოდებდნენ. მურადოვას ოჯახის წევრების თქმით, გარდაცვლილს თავის არეში დიდი ჭრილობა ჰქონდა. თურქმენეთის ჰელსინკის ჯგუფმა მურადოვას სიკვდილი ”პოლიტიკურ მკვლელობად” შეაფასა.

მდგომარეობა რთული იყო ყაზახეთშიც, სადაც საეჭვო ვითარებაში მოკლეს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალტინბეკ სარსენბაევი, და გაძლიერდა მედიაზე ზეწოლა. ყაზახეთში არსებული რთული ვითარება ქვეყნისა და ეუთოს ურთიერთობაზეც აირეკლა. ყაზახეთს სურს, 2009 წელს ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარე გახდეს - ეუთომ კი ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალ წლამდე გადადო.

ტაჯიკეთში ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა - არჩევნებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა იმ მოტივით, რომ შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული მოქმედი პრეზიდენტის იმომალი რახმანოვის სასარგებლოდ.

***** *****

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, 2006 წელი პრობლემური იყო რუსეთისთვის. იმის გამო, რომ ამ სიუჟეტისთვის განკუთვნილი დრო შეზღუდულია, რუსეთის ფედერაციაში ეთნიკური ქართველების დევნისა და შევიწროების პროცესებს დღეს დეტალურად ვერ შევეხებით. ვიტყვით მხოლოდ, რომ 2006 წელს რუსეთში, ზოგადად, გაიზარდა რასისტული თავდასხმები მუქკანიან იმიგრანტებსა და უცხოელებზე. ორგანიზაცია ”სოვა” ამგვარი თავდასხმების აღრიცხვას აწარმოებს. ორგანიზაციის მონაცემებით, 2006 წელს რასისტულ თავდასხმებს მინიმუმ 45 ადამიანი ემსხვერპლა, მაშინ როდესაც 2005 წელს 28 ადამიანის მკვლელობა აღირიცხა. დაიჭრა ასობით ადამიანი. მთელი წლის განმავლობაში ეწყობოდა დემონსტრაციები ულტრანაციონალისტებისა, რომლებიც რუსეთიდან უცხოელების გაძევების მოწოდებებით გამოდიოდნენ:

[სკინჰედების ხმები]

7 ოქტომბერს მოსკოვში მოკლეს ცნობილი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია. ის თავისი სახლის ლიფტში ჩაცხრილეს. პოლიტკოვსკაიამ, ძირითადად, ჩეჩნეთის კონფლიქტის გაშუქებით გაითქვა სახელი. ეს კონფლიქტი 2006 წელს კვლავ გაგრძელდა, მიუხედავად მოსკოვის განცხადებებისა, რომ ჩეჩენ სეპარატისტთა წინააღმდეგ წარმოებული ომი მოგებული იყო.

[პორტოს ხმა] ”ჩეჩნეთში არსებული სიტუაცია აშკარად წამლავს ატმოსფეროს მთელი ფედერაციის მასშტაბით. რუსეთის მთავრობა აცხადებს, რომ ჩეჩნეთის ომი დასრულებულია. ეს ასე არ არის. ომმა მიწისქვეშეთში გადაინაცვლა და ძალიან ბინძური ფორმა მიიღო. ჩვენ მოგვეპოვება მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ჩეჩნეთის მთავრობა ახორციელებს უკიდურესად რეპრესიულ ქმედებებს, წამების ჩათვლით.”

ეს გახლდათ ტომ პორტო, ორგანიზაცია ”Human Rights Watch"-ის წარმომადგენელი. 2006 წელს გახმაურდა ფაქტი, რომ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ორიენტაციის პრემიერ-მინისტრის, რამზან კადიროვის, ერთგული უშიშროების სამსახურები პატიმართა წამების სცენებს მობილური ტელეფონებითაც კი აღბეჭდავდნენ.

ტომ პორტო რუსეთში არსებულ სხვა პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას:

[პორტოს ხმა] ”ჩვენ ძალიან გვაშფოთებს რუსეთის ფედერაციაში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა, რაც განსაკუთრებით 2006 წელს აღინიშნა. არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელახალ რეგისტრაციას სთხოვენ, მათ შორის, Human Rights Watch"-ს, და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს რუსეთში თავისუფლების უკანასკნელ სიმაგრეზე თავდასხმაა.”

***** *****

ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, 2006 წელი პრობლემური იყო საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანისთვის. მედიაზე განხორციელებული ზეწოლის გამო, პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გააკრიტიკა პარიზში განთავსებულმა ორგანიზაციამ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ”. ორგანიზაცია დამოუკიდებელი სააგენტო ”ტურანისა” და ორი ოპოზიციური გაზეთის ოფისებიდან გამოძევების ფაქტებს აკრიტიკებდა.

ამ ფაქტებს დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ANS"-ისთვის ლიზენციის შეჩერება მოჰყვა. ეს კომპანია BBC-ს, რადიო “თავისუფლებისა” და “ამერიკის ხმის” გადაცემების ტრანსლაციას ახდენდა. თუმცა სამი კვირის შემდეგ ტელეკომპანა ”ANS"-ის მაუწყებლობა აღდგა. აზერბაიჯანის სამაუწყებლო საბჭო აცხადებს, რომ ტელეკომპანიამ 2007 წელს ახალი ლიცენზია უნდა მოიპოვოს.

***** *****

ერაყში გრძელდება შეტაკებები, რასაც ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი. 2006 წლის 26 ნოემბერს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ლუიზ არბურმა ერაყში მიმდინარე ძალადობას უკიდურესად მწვავე უწოდა და მთავრობას კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მოუწოდა.

2006 წელს ერაყში ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის, სასამართლო პროცესი ჩატარდა. დიქტატორს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო და ორგანიზაცია ”Human Rights Watch"-ი, სასამართლო პროცესს აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის საერთაშორისო იურიდიული სტანდარტების დარღვევით წარიმართა. სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში ერაყში ჩადენილ დანაშაულთა იურიდიული და ფაქტობრივი დამტკიცება რთული არ იქნებოდა, მაგრამ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე ეს სრულფასოვნად არ მომხდარა, - აცხადებდნენ უფლებადამცველები.

შაბათს დილით სადამ ჰუსეინის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.

***** *****

ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, 2006 წელი რთული იყო ირანისთვის. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ მნიშვნელოვნად გაძლიერდა ცენზურა, შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება, დაიხურა გაზეთები და შეავიწროეს ჟურნალისტები.

თეირანმა ინტერნეტზეც გააძლიერა ცენზურა - აკრძალა გარკვეული ვებგვერდები, მათ შორის, ადგილობრივი და უცხოური ახალი ამბების, პოლიტიკური შინაარსის და ქალებისა თუ, ზოგადად, ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის შემცველი საიტები.

უნივერსიტეტებში სამსახურიდან გაათავისუფლეს შედარებით ლიბერალური შეხედულებების მქონე პროფესორები; აუდიტორიებში არ უშვებდნენ სტუდენტებს. ამას სტუდენტების მიერ მოწყობილი რამდენიმე საპროტესტო აქცია მოჰყვა - მაგალითად, 11 დეკემბერს თეირანის ამირკაბირის უნივერსიტეტში სტუდენტებმა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს სიტყვის წარმოთქმა გააწყვეტინეს და მას ”დიქტატორი” უწოდეს. აქციის ერთ-ერთმა მოწმემ, ბიჯან პურუსეფიმ, რადიო “თავისუფლების” ირანულ სამსახურს მომხდარი ასე აღუწერა:

[პურუსეფის ხმა] ”პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა პრეზიდენტის და ახალი მთავრობის მიერ უნივერსიტეტებში გატარებული პოლიტიკის საწინააღმდეგო განცხადებებით დაიწყეს გამოსვლა. ისინი ყვიროდნენ: “სიკვდილი დიქტატორს!” “ძირს ჩაგვრა!” “აჰმადინეჟადის ბრალია სიღარიბე და კორუფცია!” და ასე შემდეგ.”

***** *****

2006 წელს ვითარება რთული იყო ავღანეთშიც - იქ ბევრი სამოქალაქო პირი მეამბოხეებისა და ტერორისტების თავდასხმებს, სხვები კი ნატოსა და შეერთებული შტატების ძალების მიერ წარმოებულ კონტრტერორისტულ ოპერაციებს ემსხვერპლა.

შემაშფოთებელი ვითარება შენარჩუნდა ავღანეთში მცხოვრები ქალების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ნოემბერში ქაბულში ჩატარდა კონფერენცია ქალების მიერ თავის დაწვის პრაქტიკის თემაზე. თალიბანის რეჟიმის დამხობიდან ხუთი წლის შემდეგ, ავღანელი ქალები კვლავ ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.

წლის მიმოხილვის ბოლოს ევროპაში გადავინაცვლოთ. 2006 წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთი განცხადება გააკეთეს ბელორუსიაში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების მასშტაბურ დარღვევებზე. საუბარია არჩევნების გაყალბებაზე, საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაპატიმრებასა და სამთავრობო ძალაუფლების გამოყენებაზე ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG