Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოგრაფიული მონაცემებიდან ყარსი-ახალქალაქის რკინიგზამდე


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირა გაზეთმა "ახალმა ვერსიამ" ქართული პრესისთვის ცოტა უჩვეულო სტატისტიკურ მონაცემთა გამოქვეყნებით დაიწყო.

მართალია, ბოლო წლებში ქორწინებებმა და ბავშვთა შობადობამ იმატა, წერდა გაზეთი, მაგრამ დემოგრაფიის მაჩვენებლები მაინც ძველებურად საგანგაშო რჩება. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ოჯახები არ იქმნება, ეკონომიკური პირობები და განსხვავებული მენტალიტეტია. დღეს მამაკაცისთვის სექსუალური პარტნიორი გაცილებით ადვილად მისაწვდომია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. გაიზარდა მოთხოვნები თავად ქალების მიმართ. გოგონების დიდი ნაწილი ოჯახის შექმნის მაგიერ კარგი განათლების მიღებაზე და კარგი სამსახურის შექმნაზეა ორიენტირებული. ბევრი მიდის საზღვარგარეთ, რაც ქორწინებას უფრო აფერხებს. გადაიწია ქორწინების საშუალო ასაკმაც: კაცებში ის 30, ხოლო ქალებში 26 წელია. ადრე ეს მაჩვენებელი შესაბამისად 27 და 23 იყო. ქორწინებათა რიცხვი ბოლო წლებში გაიზარდა (2005-ში დაქორწინდა 18012 ადამიანი), მაგრამ ეს მაინც ძალოიან მცირეა (შედარებისთვის: 1989 წელს საქართველოში იქორწინა 38288 ადამიანმა). ყველაზე ხშირად განქორწინდებიან წყვილები, რომლებიც ერთად 20 წელი და მეტი ცხოვრობდნენ. ისინი განქორწინებულთა თითქმის მეოთხედს შეადგენენ. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის სამჯერ გაიზარდა ქორწინების გარეშე დაბადებულთა რიცხვი და მთლიანად ახალშობილთა 6% შეადგინა. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ჩატარებული გამოკიტხვის თანახმად, დღეს საზოგადოება ნაკლებად მკაცრია მარტოხელა დედების მიმართ. იმავე სტატისტიკის თანახმად, დღეს მოსახლეობის მეოთხედი ქორწინების გარეშეა ანუ ან გაშორებულია, ან ქვრივია ან არასოდეს დაქორწინებულა.

კარდინალურად განსხვავებულ საკითხებს მიაპყრობდა მკითხველის ყურადღებას ”ახალი თაობა”. ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის დაფინანსებას თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან გაზეთი საქართველოსთვის საზარალოდ მიიჩნევდა. ”საქართველოს ხელისუფლებას, წესით, უნდა ადარდებდეს ბათუმისა და ფოთის პორტების ბედი, სადაც ყველა შემთხვევაში შემცირდება აზერბაიჯანულ-შუააზიური ტვირთების შესვლა, მოსახლეობაში უმუშევრობა იმატებს, შემოსავლები შემცირდება და მთლიანად ქვეყანა დაკარგავს თავის სატრანზიტო მნიშვნელობას” - ასეთი იყო ”ახალი თაობის” ხედვა.

გაზეთი ”24 საათი” მიმოიხილავდა უკრაინაში პრეზიდენტის სისუსტის შედეგად შექცეულ რევოლუციურ პროცესებს და დასძენდა: ”ამ გადმოსახედიდან საქართველოს ხელისუფლების არგუმენტები მისაღები თუ არა, გასაგებია - ყველაფრის ტოტალური კონტროლი კონტრრევოლუციის არდასაშვებად. სასამართლოსთან და მედიასთან მიმართებით ლოგიკა ასეთია: თავის ნებაზე მიშვების შემთხვევაში, მოსამართლეებს შეუძლიათ აიღონ ქრთამი ყველაზე საშიში დამნაშავეებისაგან ანუ მოსამართლეები დამოუკიდებლობისათვის მზად არ არიან. საჭიროა მედიის კონტროლი, რადგან ჟურნალისტური კორპუსი არაპროფესიონალურია და არ გააჩნია ღირებულებები. ასევე საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის გაკონტროლება, კორუფციაში რომ არ გაეხვიონ და საშიში ძალების გავლენის ქვეშ არ აღმოჩნდნენ. ერთი შეხედვით, შეფასებები მცდარი არ არის ანუ ყველა ეს გამოწვევა რეალურად არსებობს. ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში მარტივი გამოსავალი მონახა: ჩვენ ვიცით ის, რაც ტქვენ არ იცით; ჩვენ ვართ მართლები, უფრო მორალურები, უფრო დემოკრატები, უფრო პრინციპულები და ჩვენ, თქვენს გარეშე, მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც ქვეყანას სჭირდება”. 24 საათი სვამს კითხვას, რამდენად ადეკვატურია ეს გზა, აღიარებს, რომ ამ შეკითხვაზე გულწრფელი პასუხი ძნელი გასაცემია და შენიშნავს: ”ფაქტი ერთია - არანაირი პროგრესი არ იგრძნობა იმ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, რომელშიც ხელისუფლება ასე უხეშად ჩაერია და რომელთა გაძლიერება ასე მნიშვენლოვანია ქვეყნის მომავლისათვის”.

მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის ბოლოსწინა დღეა, შაბათის, 30 დეკემბრის პრესაში არა მარტო შეჯამებისა და ნომინირების ვნებით განწონილ მასალებს წაიკითხავთ, არამედ წმინდა ინფორმაციულსაც. შესაძლოა, მსმენელსა და მკითხველს გამოადგეს ”რეზონანსის” ინფორმაცია, რომ ახალი წლის რამეს თბილისში მეტრო დილის 4 საათამდე იმუშავებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამავე ღამეს სხვა სახის მუნიციპალური ტრანსპორტიც უფასო იქნება. უწყვეტი და შეუფერხებელი მომსახურების გარანტიებს იძლევიან თელასი და ყაზტრანსგაზ-თბილისი. ერთადერთი სფერო, სადაც გამორიცხული არ არის ხარვეზები, ტელეკომუნიკაციებია. გაზეთი წერს, რომ სატელეფონო ოპერატორი კომპანიები ახალი წლის ღამისთვის საგანგებოდ ემზადებიან, მაგრამ დასაშვებ რაოდენობაზე მეტი ზარის შემოსვლის შემთხვევაში ქსელი შეიძლება ავტომატურად გაითიშოს.
XS
SM
MD
LG