Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო მიმოხილვა


მუსიკალური, თეატრალური კინოფესტივალები,

აღდგენილი და გარემონტებული მარჯანიშვილის თეატრის გახსნა, კინოთეატრ ”რუსთაველის” ახალი დარბაზები, ოპერის, ჯაზის ვარსკვლავების გასტროლები... 2006 წლის კულტურული ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. თუმცა, ბოლო წლების მსგავსად, ქართული ტელეარხების ეგრეთ წოდებულ ”კულტურულ ბლოკებში” ყურადღება იუმორისტულ კონცერტებსა და სკანდალურ მუსიკალურ კლიპებს უფრო ეთმობოდა (”სკანდალის” არსი ისაა, რომ სიმღერის შემსრულებელი ვაჟი ერთ კადრში შიშველი მოგვევლინა). საინტერესოა, რომ, კინოკრიტიკოსების აღიარებით, წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმის, დიტო ცინცაძის ”რევერსის” , სანახავად მაყურებელი მას შემდეგ წავიდა, რაც ტელეკომპანია ”იმედმა” ”რევერსში” ჩართული რამდენიმე ეროტიკული სცენა წარმოადგინა; წლის ბოლოს გიო მგელაძის სურათის, ”ჩემი თვითმფრინავის”, პრემიერაზე პუბლიკა განსაკუთრებით მაშინ გამოცოცხლდებოდა ხოლმე, როცა ეკრანიდან ისმოდა გინება ან ჟარგონი, ე.ი. ენა, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მაინც მკვიდრდება თანამედროვე ქართულ კულტურაში. კულტურა რეალობას უახლოვდება, მაგრამ უფრო ზედაპირული ხდება. მაისში ქართული კულტურის თეორეტიკოსებმა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ამ პროცესს ”კულტუროფობია” უწოდეს. სწორედ ეს სიტყვა ახსენა კულტურის ფსიქოლოგმა რუსუდან მირცხულავამ რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში:

[რუსუდან მირცხულავას ხმა] “საერთოდ, საქართველოში შეინიშნება
“კულტუროფობია” არა მარტო მაღალი ფენების დონეზე, ე.ი. იმ ხალხის დონეზე, ვინც მართავს საზოგადოებას, არამედ საზოგადოების წიაღშიც. ესაა შიში ნებისმიერი სულიერი ღირებულების მიმართ – იქნება ეს ზნეობრივი ღირებულება, ინტელექტუალური თუ ესთეტიკური. უფრო მეტიც, აღინიშნება ფობია პიროვნებების მიმართ. ხდება მასების როლის არნახული ზრდა.”

კულტურაში მასების როლის გაზრდა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული მოვლენა. თუმცა წელს უკვე აშკარა გახდა, რომ, მასკულტურის მომძლავრებასთან ერთად, ქართველ ხელოვანთა ერთი ნაწილი თავად მასების, ე.ი. ხალხის, ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებს. 2006 წლის ქართული კულტურით ძნელი გასაგები ხდება, რა აწუხებდა რეალურად ხალხს, რაზე ფიქრობდა, რას ვერ წყვეტდა. თუმცა გამონაკლისებიც იყო, მაგალითად, რეჟისორ ლია ჯაყელის ფილმები - ”სადა ხარ, ჩემო სულიკო” და ”კოდექსები და ლექსები” - სოციალური კინოს დამკვიდრების ცდა, რომელიც წარმატებით დასრულდა: ავტორმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება.

[ლელა გაფრინდაშვილის ხმა] “ეს სოციალური ფილმია. საერთოდ, მიმაჩნია, რომ თანამედროვე საქართველოში ყველაზე აუცილებელი დღეს სოციალური კინოა. თუ შენ არ გაინტერესებს სოციალური პრობლემები, ე.ი. არ გაინტერესებს, რომ რამე შეიცვალოს, შენ არა ხარ სკეპტიკოსი, რადგან მიმაჩნია, რომ სკეფსისი აუცილებელია.”(სტილი დაცულია)

ჩვენთან საუბარში ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა ქართულ კულტურაში ჰუმანიზმის დეფიციტსა და მასობრივი ღონისძიებების პათეტიკურ და ზოგჯერ მილიტარისტულ სტილზე გაამახვილა ყურადღება. 2006 წელს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ზურაბ წერეთლის ქანდაკების დადგმამ თავისუფლების მოედანზე... ხელოვნებათმცოდნეები არა იმდენად ქანდაკების მხატვრულ ღირებულებაზე, რამდენადაც კულტურული ცხოვრების ავტორიტარულ მართვაზე მსჯელობდნენ. ერთი შეხედვით, ”მასებზე” გათვლილი კულტურა ნელ-ნელა კარგავს დემოკრატიულ მუხტს. ხშირია, როცა ამა თუ იმ ძეგლის დადგმა, ამა თუ იმ შენობის რესტავრაცია ერთი ან ორი ჩინოვნიკის სურვილზეა დამოკიდებული. ასეთ პირობებში, როცა სახელისუფლო ელიტა პროფესიონალებთან დისკუსიის გარეშე წყვეტს, რომელი კულტურული პროექტია უფრო მნიშვნელოვანი, ალტერნატიულ კულტურას სრული მარგინალიზაცია ემუქრება. ნიშანდობლივია, რომ 23 ნოემბერს, როცა თავისუფლების მოედანზე წერეთლის ძეგლი იხსნებოდა, ”თანასწორობის ინსტიტუტმა”, ”თავისუფლების ინსტიტუტთან” ერთად, პოლიტიკურ-კულტურული აქცია გამართა. პოეტმა ზურაბ რთველიაშვილმა, აი, ასეთი ლექსი წაიკითხა:

[ზურაბ რთველიაშვილის ხმა] ”ვიგინდარები იწერდნენ პირჯვარს... დააკანონე ვარდი.”

მიუხედავად კულტურის ასეთი ”ცენტრალიზაციისა”, 2006 წელს ქართულ ხელოვნებაში ერთი საიმედი ტენდენცია მაინც გამოიკვეთა - გაიზარდა მეცენატების როლი. თანაც, ქართველმა ბიზნესმენებმა კულტურის იმ სფეროსაც მიხედეს, რომელსაც ”მასკულტურას” ნამდვილად ვერ უწოდებ. სწორედ მათი ხელშეწყობით გახსნა სეზონი მარჯანიშვილის თეატრმა ახალ დარბაზში. ეს სეზონი ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა: მარჯანიშვილელები თვეში ერთხელ მართავენ პრემიერებს. იგივე შეიძლება ითქვას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრზე. ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასმა რეპერტუარის მუდმივი განახლების გზა აირჩია, საოპერო დასის ხელმძღვანელობამ კი შეძლო უცხოელი რეჟისორების, დირიჟორების, მომღერლების ჩამოყვანა თბილისში. წლის ბოლოს ოპერაში თემურ ჩხეიძემაც დადგა სპექტაკლი - ლეონკავალოს ”ჯამბაზები”, რომელშიც, სხვებთან ერთად, ლადო ათანელმა იმღერა.

[”ჯამბაზები”. ლადო ათანელი]

თემურ ჩხეიძის სპექტაკლზე ოპერისა და ბალეტის თეატრში, ბილეთები პრემიერამდე დიდი ხნით ადრე გაიყიდა, რაც ახალი წლის მიწურულს იმის იმედს იძლევა, რომ საქართველოში კვლავაც არსებობს განსხვავებული ხასიათის კულტურის განვითარების შანსები.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG