Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი და რუმინეთი “ევროპულ ოჯახში” დაბრუნდნენ


ორშაბათიდან ევროკავშირს ახალი წევრები ჰყავს: ბულგარეთი და რუმინეთი, ბალკანეთის ორი ქვეყანა, რომელთაც საზღვრის გარდა კიდევ ბევრი აქვთ საერთო,

მათ შორის კომუნისტური წარსული და მართლმადიდებლური ტრადიციები. ორივეგან მხიარული და ხმაურიანი დღესასწაულებით იზეიმეს ახალი, 2007 წლის დადგომა. 1 იანვარს ბულგარეთი და რუმინეთი, თუ ერთ ხშირად ნახსენებ მეტაფორმას მოვიშველიებთ, ევროპულ ოჯახში დაბრუნდნენ.

[ბუქარესტელი მამაკაცის ხმა] "ჩვენ ევროპელები ვართ. მადლობას ვუხდით ევროკავშირს, ვინაიდან ის ძალიან კარგად მოგვექცა. ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას".

[ბუქარესტელი ქალის ხმა] “ჩვენ ვართ ძალიან მდიდარი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა, რაც, მაგალითად ამერიკა არ არის. იმედი მაქვს, რუმინელები გააცნობიერებენ, რას ნიშნავს, იყო ევროპის მოქალაქე”.

ბუქარესტში, სადაც ეს ხმები იყო ჩაწერილი, ისევე როგორც სოფიის ცენტრში, ათასობით ადამიანი შეეგება 2007 წელს. სულ კი ორივე ქვეყნის მოსახლეობა 30 მილიონს აღწევს. ამდენად, ევროკავშირში, მის 27 ქვეყანაში მცხოვრებთა რიცხვი 493 მილიონამდე გაიზარდა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მონუელ ბაროზუ ირწმუნება, გაფართოება არა მარტო ახალი, არამედ ძველი წევრებისთვისაც სარგებლის მომტანია. როგორც ბაროზუმ გერმანელ ჟურნალისტებს შეახსენა მათთან ინტერვიუში (გერმანიას ევროკავშირში, როგორც ცნობილია ამჟამად განსაკუთრებული როლი, მორიგე თავმჯდომარის როლი ეკისრება), ბოლო 12 წელმა აჩვენა, რომ ევროკავშირის გაფართოება ხელს უწყობეს გერმანიის ექსპორტის გაზრდას, თვით გერმანიაში სამუშაო ადგილების შექმნას.

თუმცა, ახალი წევრების მიღება ცალსახა პროცესი მაინც არ არის: ბულგარეთისა და რუმინეთის შემთხვევაში თუნდაც იმიტომ, რომ საქმე ეხება, ევროკავშირის კრიტერიუმებით, ეკონომიკურად სუსტ ქვეყნებს, რომელთაც კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემა აწუხებთ. ასეა თუ ისე, ექსპერტების უმრავლესობის, მათ შორის ჩვენი რუმინელი კოლეგა მირჩა ტიკუდეანის შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანება, მთლიანობაში, ძალიან პოზიტიური მოვლენაა:

[მირჩა ტიკუდეანის ხმა] “ცხადია, პირველ რიგში ის უნდა ითქვას, რომ რუმინეთს, რუმინელებს - კულტურული მემკვიდრეობიდან გამომდინარე - ისეთი შეგრძნება აქვთ, რომ დაბრუნდნენ ევროპაში, სადაც მათი აზრით, ყოველთვის იყო მათი ადგილი. და რომ შევიდნენ ექსკლუზიურ კლუბში - მსოფლიოში კეთილდღეობით ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ კლუბში. ეკონომიკას რაც შეეხება - ბევრი მოელის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, უცხოური ინვესტიციების მატებას. სხვა პოზიტიური ამბავი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება, არის ყველა რუმინელის ცხოვრებაში ის, რომ შეუძლიათ, თავისუფლად იმგოზაურონ ყველგან, სადაც სურთ”.

როგორც ჩვენი კოლეგის ეს ჩამონათვალიც ცხადჰყოფს, ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან პოზიტიურად ფასდება თვით რუმინელების მიერ. რაც შეეხება საქმის უარყოფით მხარეს და არც უამისობაა, ისევ მირჩა ტიკუდეანს მოვუსმინოთ:

[მირჩა ტიკუდეანის ხმა] “ყველაზე ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ცხოვრება გაძვირდება. თუმცა, ხელისუფლება სულ ცდილობს მოსახლეობას აუხსნას, რომ მაშინ როცა ზოგი რამ მართლაც გაძვირდება, ზოგი პირიქით - გაიაფდება, როგორც ეს მოხდა ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში, რომლებიც 2004 წელს გაწევრიანდნენ ევროკავშირში”.

ის, რაც გაიაფდა, განმარტავს ჩვენი რუმინელი კოლეგა, უწინარეს ყოვლისა ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან იმპორტს შეეხო საბაჟო გადასახადის გაუქმების შედეგად.

მოსალოდნელია ისიც, რომ მეტი რუმინელი, ისევე როგორც ბულგარელი არა მარტო სამოგზაუროდ, არამედ სამუშაოდაც მიაშურებს ევროკავშირის ძველ წევრებს. ხოლო თვით ორი ახალი წევრი - უფრო ღარიბი ქვეყნებიდან მიიზიდავს სამუშაოს მაძიებლებს, არ არის გამორიცხული - ქართველებსაც.

დაბოლოს, ევროკავშირის ბოლო გაფართოების ერთი ფრიად საყურადღებო გეოპოლიტიკური განზომილება: 1 იანვრიდან ევროკავშირის საზღვარმა შავ ზღვას მიაღწია. მართალია, გაფართოების შემდეგი ტალღა რამდენიმე წელი აღარ არის მოსალოდნელი (გამონაკლისი, შესაძლოა, ხორვატია გახდეს 2010 წელს), მაგრამ აშარად უმჯობესდება შავი ზღვის საპირისპირო მხარეს მდებარე ქვეყნების შანსი, დაიმსახურონ ევროკავშირის სულ უფრო მზარდი ყურადღება.
XS
SM
MD
LG