Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია ''გაზპრომთან'' მტკივნეულ დათმობებზე მიდის


2007 წლის დადგომამდე, ფაქტობრივად, წუთებიღა რჩებოდა, როცა ბელორუსიამ და რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომმა” გაზის ფასზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ამით ბოლო მოეღო დავას, რომლის მოუგვარებლობის შემთხვევაში ორივე მხარე მკვეთრი ზომებით იმუქრებოდა: “გაზპრომი” - ბელორუსიისთვის გაზის გადაკეტვით, ბელორუსია - დასავლეთ ევროპაში რუსეთის გაზის ტრანზიტისთვის ბოლოს მოღებით. ამდენად, 31 დეკემბრის ღამეს მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმება ერთდროულად ბევრი ქვეყნისთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი.

რომ არა ეს შეთანხმება, ბელორუსია თავისი 10-მილიონიანი მოსახლეობით, შუა ზამთარში მთავარი ენერგეტიკული წყაროს გარეშე დარჩებოდა და, შესაძლოა, ბუნებრივი აირის მიწოდება შემცირებოდა ევროკავშირს. ახალი ფასია 100 დოლარი 1000 კუბურ მეტრ გაზში, ანუ გაორმაგებულზე უფრო გაზრდილი ფასი. აქამდე ბელორუსია 46 დოლარს იხდიდა.

[ალექსეი მილერის ხმა] განცხადება, ახალი წლის დადგომამდე მიღწეული შეთანხმების შესახებ, “გაზპრომის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსეი მილერმა გააკეთა. იმავე პრეს-კონფერენციაში მონაწილეობდა ბელორუსიის პრემიერ-მინისტრი სიარჰეი სიდორსკი, მაგრამ მან მტკივნეულ დათმობაზე გააკეთა აქცენტი: ბელორუსია წელიწადში 21 მილიარდამდე კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს, შესაბამისად, მისი ფასის გაორმაგება უსიამოვნო სიახლეა ბელორუსიისთვის, მისი მოსახლეობისთვის.

[სიდორსკის ხმა] “როგორც ცნობილია, ბელორუსიის მოსახლეობის 60 პროცენტს - ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებულები შეადგენენ. მოგვიწევს, მივმართოთ ამ ადამიანებს - ჩერნობილელებს, მივმართოთ ჩვენს პენსიონერებს. მათ ავუხსნით, რომ ბელორუსიას ორჯერ უფრო გაუზარდეს ფასი, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. როგორც იცით, იყო მოლაპარაკება ფასზე 57 დოლარიდან 75 დოლარამდე. ამ საკითხზე მოლაპარაკებას ვაწარმოებდით მთელი წლის მანძილზე. მაგრამ უარი გვითხრეს. ამდენად, პატივს ვცემთ რა ჩვენს პარტნიორებს, პატივს ვცემთ რა ჩვენს ურთიერთობასა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ვთანხმდებით ამ ფასს”.

ასე აუწყა მოსკოვში პრეს-კონფერენციაზე შეკრებილებს მოლაპარაკების შედეგი ბელორუსიის პრემიერ-მინისტრმა. ცნობილია ისიც, რომ ბელორუსიისთვის გაზის გაძვირების პროცესი 100 დოლარზე არ შეჩერდება: ეს პროცესი მომდევნო 5 წლის მანძილზე გაგრძელდება და მსოფლიო ფასამდე ავა, რაც 1000 კუბურ მეტრში ამჟამად 250 დოლარია.

თუმცა, ბელორუსიის კომპრომისი მარტო გაძვირებაზე დაყაბულებით არ ამოიწურება: მოსკოვში მიღწეული შეთანხმებით, იზრდება “გაზპრომის” გავლენა გაზის ტრანზიტზე ბელორუსიის ტერიტორიაზე. საქმე ისაა, რომ “გაზპრომი” ბელორუსიის კომპანია “ბელტრანსგაზის” აქციების 50 პროცენტს იღებს - 4 წლის მანძილზე 2,5 მილიარდ დოლარს გაიღებს ამ აქციებში.

“გაზპრომი” აქამდეც ცდილობდა “ბელტრანსგაზის” გაკონტროლებას, მაგრამ წარუმატებლად, რადგან უარზე იდგა პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელსაც არ უნდოდა “გაზპრომისთვის” მიეცა გავლენის კიდევ უფრო გაზრდის საშუალება. “გაზპრომს” უკვე ეკუთვნის ბელორუსიაზე გამავალი ყველა სატრანზიტო მილსადენი. “ბელტრანსგაზი” კი ადგილობრივ ქსელს აკონტროლებს. მაგრამ ლუკაშენკას, როგორც ჩანს, სხვა გზა აღარ დარჩა - ის იძულებული იყო, დაყაბულებოდა კომპანიის აქციების 50 პროცენტის დათმობას, რათა რუსეთს კიდევ უფრო არ გაეძვირებინა ბუნებრივი აირი.

საერთოდ, როცა საუბარი “გაზპრომის” მიერ მეზობლებისთვის ბუნებრივი აირის ფასის გაძვირებაზეა ხოლმე, ბევრი ექსპერტი ამაში ხედავს კრემლის მიერ ფასის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას ზოგი ურჩის დასასჯელად - უწინარეს ყოვლისა საქართველოსი, რომელიც” როგორც ცნობილია, დასავლურ სტრუქტურებში, მათ შორის ნატოში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფის. მაგრამ ბელორუსია ამ სქემაში არ ჯდება: მის მმართველ რეჟიმს მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ფრიად დაძაბული დასავლეთთან, რომელიც პრეზიდენტ ლუკაშენკას დიქტატორულ მმართველობასა და ადამიანის უფლებათა ხელყოფაში ადანაშაულებს. “გაზპრომი” მარტივ ახსნას იძლევა: ფასის გაძვირებას ითვალისწინებს კომპანიის გადაწყვეტილება, ყველა კლიენტს გადაახდევინოს მსოფლიო ბაზრის ფასი. და “ყველაში” ბელორუსიაც შედის.
XS
SM
MD
LG