Accessibility links

logo-print

პირველი იანვრიდან საქართველოში ახალი საბაჟო კოდექსი ამოქმედდა


2007 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საბაჟო კოდექსის ცვლილებები.

ახალი კოდექსის მიხედვით, საბაჟო გადასახადების უმრავლესობა 0-ის ტოლი გახდა და თავად გადასახადების განაკვეთიც 16-დან 3-მდე შემცირდა. გადასახადების 30-დან 12 და 5 პროცენტამდე შემცირება პირველად 2006 წლის სექტემბერში განხორციელდა. ამ ცვლილებებს თავის დროზე საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურ ფრაქციებში და უმრავლესობაშიც მოწინააღმდეგენი გამოუჩნდნენ. ეკონომიკის ექსპერტები კი საბაჟო გადასახადების თითქმის გაუქმებას ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმას უწოდებენ. რა სარგებლობის მოტანა შეუძლია საბაჟო გადასახადების გაუქმებას ქვეყნის ბიუჯეტისა და მოსახლეობისთვის?

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულია დოკუმენტი საბაჟო გადასახადების ჩამონათვალითა და განაკვეთებით. ვრცელ დოკუმენტში ასახული თითქმის ყველა განაკვეთის გასწვრივ წერია ნული, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი აღარ არსებობს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა გოცირიძის კომენტარი:

[ლაშა გოცირიძის ხმა] ”პრაქტიკულად პროდუქციის უმეტესი ნაწილი, რაც კი შემოდის საქართველოში, დაახლოებით 80 პროცენტი, არის განულებული. ანუ მომხმარებელს შეუძლია პროდუქციის უფრო იაფად შეძენა და ნაკლები ფულის დახარჯვა. მწარმოებლისთვის ეს არის იაფი ნედლეული. თუ ის რაღაც პროდუქციაში იხდიდა 12 პროცენტს, ამ შემთხვევაში მას აღარაფრის გადახდა არ მოუწევს.”(სტილი დაცულია)

საბაჟო გადასახადების შემცირება ყველაზე პირველად საქართველოს იმ მოქალაქეებმა იგრძნეს, რომლებიც მცირე ბიზნესით, ვაჭრობით არიან დაკავებული და თურქეთიდან სხვადასხვა პროდუქციის იმპორტს ეწევიან. მათ ახლა მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა უწევთ.

[იმპორტიორი ქალბატონის ხმა] ”ყველაზე არის გადასახადი 18 პროცენტი და ...”

ამ ქალბატონმა, რომელიც თურქეთიდან ტანსაცმლის იმპორტითაა დაკავებული, ვინაობის გამხელა არ ისურვა და ჩემთან საუბარში სხვა გადასახადების გადახდის იმ უსამართლო სისტემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საბაჟო გადასახადების გაუქმების შემდეგაც დარჩა.
საქართველოს საბაჟო სისტემის რეფორმირების მიუხედავად, საბაჟო მაინც გამხდარა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტების კრიტიკის საგანი, ძირითადად, იქ არსებული ადმინისტრაციული პრობლემების გამო. მათ შესახებ ჩემი ინკოგნიტო რესპონდენტიც საუბრობს:

[იმპორტიორი ქალბატონის ხმა] ”პირობები არ არის. რიგი დგას. ხან დეკლარაციის ფურცლები უთავდებათ და ხან რა. უსამართლობა არ იყო, პირიქით...”

ადმინისტრაციული პრობლემების მოგვარების მიზნით საქართველოს მთავრობამ საბაჟო-საგადასახადო სამსახურებისა და ფინანსური პოლიციის ერთ უწყებაში გაერთიანება გადაწყვიტა. სანამ ამ რეფორმის შედეგები გამოჩნდება, მანამდე იმის შესახებ, თუ რას მოელის საქართველოს მთავრობა უკვე განხორციელებული საბაჟო კოდექსის რეფორმირებიდან. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა გოცირიძის განცხადების თანახმად, ამით სახელმწიფო ბიუჯეტს დაახლოებით 160 მილიონი ლარი დააკლდება:

[ლაშა გოცირიძის ხმა] ”ვფიქრობთ, რომ ღირს ამ 160 მილიონის მიღებაზე უარის თქმა იმის სანაცვლოდ, რომ მომხმარებელს ჰქონდეს უფრო იაფი პროდუქცია და მწარმოებელს ჰქონდეს უფრო იაფი ნედლეული და, შესაბამისად, უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს ის საქართველოს თუ სხვა ბაზრებზე. ეკონომიკის განვითარების კვალობაზე, იზრდება გადასახადების ამოღება და ამით მოხდება ამის კომპენსირება.”(სტილი დაცულია)

2006 წლის მანძილზე საქართველოში, დაახლოებით, 8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა აღინიშნა. ხელისუფლებაში იმასვე მოელიან 2007 წლის მანძილზე.

XS
SM
MD
LG