Accessibility links

logo-print

რატომ გაძვირდა თბილისში სასმელი წყალი


2007 წლის 1 იანვრიდან თბილისში სასმელი წყალი გაძვირდა. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიის საქალაქო საწარმო "თბილისის წყლის" მომსახურება

თვეში 2 ლარი და 40 თეთრი ეღირება, არადა, სულ ცოტა ხნის წინ - უფრო ზუსტად კი, ახალ წლამდე - თბილისის მასშტაბით სასმელი წყლის ყოველთვიური საფასური სულზე ლარსა და ოც თეთრს არ აღემატებოდა. რატომ გაძვირდა სასმელი წყალი და როგორ შეხვდნენ სიახლეს თბილისელები?
საქართველოს დედაქალაქის უზრუნველსაყოფად მერიის საქალაქო საწარმო „თბილისის წყალი“ სასმელი წყლის საჭირო მარაგს არაგვის ხეობის საბადოებიდან და მდინარე ივრის აუზიდან ივსებს. თბილისელები, ისევე როგორც შარშან, წელსაც წამში 20 ტონამდე სასმელ წყალს მოიხმარენ, თუმცა განსხვავებულია საფასური, რომელიც, „თბილისის წყლის“ გენერალური დირექტორის გეგი ქელბაქიანის თქმით, 2007 წლის პირველი იანვრიდან 100 პროცენტით გაიზარდა:

[გეგი ქელბაქიანის ხმა] „დადგინდა, რომ ერთ სულ მოსახლეზე ტარიფი იქნება 2,4 ლარი, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი ტონა წყალი ეღირება 10 თეთრი. ერთ ტონა წყალში 10 თეთრი, მე მგონი, ძვირი არ არის.“

ძვირია თუ არა წყალი, რომელიც თბილისელთა ონკანებიდან მოედინება? საინტერესოა, რას ფიქრობენ დედაქალაქელები წყლის საფასურის გაზრდის თაობაზე.

[მამაკაცის ხმა] „ჩემ ჭკუაზე მაინც არაფერს გადაწყვეტენ და ძალიან გთხოვთ, თავი დამანებეთ.“

[ქალბატონის ხმა] „წყალი ყველაზე მეტად გვინდა, ეგ ერთი გვაქვს და ძალიან ცოდოები ვართ, ეგეც რომ არ გვექნეს.“

წყალი იქნება, თუმცა ორჯერ გაძვირებული, და ამ გადაწყვეტილებას მხარი 2006 წლის 30 დეკემბრის სხდომაზე თბილისის საკრებულომ დაუჭირა. დედაქალაქის მესვეურთა ეს გადაწყვეტილება მყისიერად გააპროტესტა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა 2007 წლის 1 იანვარს ხვდება აბსოლუტური შიმშილით, სიღატაკით. პრეზიდენტმა გააორმაგა წყლის გადასახადი მოსახლეობისთვის: 1,2 ლარის ნაცვლად, პირველი იანვრიდან გადავიხდით 2, 4 ლარს.“

ლეიბორისტები ამტკიცებენ, რომ, ობიექტური ეკონომიკური გათვლებით, წყლის საფასურის გაზრდის მყარი საფუძველი არ არსებობდა. გიორგი გუგავას, პარტიის პოლიტიკური მდივნის, კომენტარი:

[გიორგი გუგავას ხმა] „ეკონომიკური გათვლები იქით იყოს. ავიღოთ სოციალური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. წყალი არის სასიცოცხლო რესურსი და, აქედან გამომდინარე, როცა დგინდება მისი ტარიფი, გათვალისწინებული უნდა იყოს ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქეს წირავს სასიკვდილოდ. ეს არის იმ შადრევნების გადასახადი, რომლებიც ასე მოამრავლეს ქალაქში და რომლებითაც ასე ტრაბახობდნენ, საჩუქარია და ალამაზებს ქალაქსო. ახალი ტარიფი პრაქტიკულად ამის გადასახადია.“


თუმცა მერიის საქალაქო საწარმო „თბილისის წყალში“ აცხადებენ, რომ წყლის ტარიფის გაზრდა ელექტროენერგიის გაძვირებამ გამოიწვია. გეგი ქელბაქიანი, საწარმოს გენერალური დირექტორი, ამბობს, რომ „თბილისის წყალი“ წლის განმავლობაში 320 მილიონ კილოვატ ენერგიას მოიხმარს და, აქედან გამომდინარე, გაზრდილი ტარიფიც კი ვერ ფარავს იმ ხარჯს, რომელსაც კომპანია სასმელი წყლის მოპოვებაზე, დამუშავებასა და მიწოდებაზე გასწევს:

[გეგი ქელბაქიანის ხმა] „წყლის საფასური არათუ ძველი, ახალიც კი არის სუბსიდირებული, ანუ არ ასახავს რეალურ ღირებულებას. საფასურის გაზრდას ხელოვნურს ვერანაირად ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ერთი კუბური მეტრი წყლის მოპოვება-მიწოდება ჯდება 25 თეთრი, მოსახლეობისთვის კი 10 თეთრი გახდა, ანუ კიდევ შორს არის რეალური ღირებულებიდან.“

გეგი ქელბაქიანის თქმით, სუბსიდია წლის განმავლობაში 40 მილიონ ლარს აღემატება. სწორედ ამ თანხიდან დაიფარება სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიერ მოხმარებული წყლის საფასურის ნახევარი, თუმცა ამგვარი შეღავათის დაწესებას არასაკმარისად მიიჩნევს ლეიბორისტული პარტია, რომლის წარმომადგენლები, თბილისის საკრებულოს დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, 3 იანვარს სააპელაციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ.

XS
SM
MD
LG