Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ''გაზის საგანძურზე'' ზის


საქართველოს მსგავსად ამ ზამთარში გაზით მომარაგებაში პრობლემების წინაშე დგას უკრაინაც.

კიევი აცხადებს, რომ შეეცდება ნაკლებ დამოკიდებული გახდეს იმპორტირებულ საწვავზე და მეტი ყურადღება დაუთმოს ქვანახშირის გამოყენებას. ექსპერტების აზრით, უკეთესი ალტერნატივაა უკრაინის საკუთარი გაზის მარაგის ათვისება.

როგორც ვარაუდობენ, უკრაინა "გაზის საგანძურზე" ზის. მის ტერიტორიაზე არსებულ ქვანახშირის საბადოებში ბუნებრივი აირის მოცულობა, სპეციალისტების ვარაუდით, 11-12 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს, რაც სამჯერ მეტია თურქმენეთის გაზის საბადოებზე და ოთხჯერ მეტი რუსეთის შტოკმანის გაზის საბადოებზე.

ლოგიკურია, რომ ქვეყანა, რომელიც გაზის მომარაგების საკითხში პრობლემების წინაშეა, საკუთარი საბადოების ათვისებას ცდილობდეს.

მაგრამ უკრაინის ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი იკარგება და ატმოსფეროს აბინძურებს. ზოგიერთი გაანგარიშებით, წელიწადში დაახოლებით 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იპარება ქვანახშირის საბადოებიდან, რის გამოც უკრაინა მსოფლიოს იმ ათ ქვეყანას შორისაა, რომლებიც ყველაზე მეტად აბინძურებენ ატმოსფეროს მეთანით.

გარემოს დამცველთა თანახმად, ატმოსფეროში მეთანის ემისიის შემცირება, რაც მავნე გაზების საერთო ემისიის 16 პროცენტს შეადგენს, სერიოზულად შეუწყობდა ხელს კლიმატის დათბობის შენელებას.

მიუხედავად აშკარა ეკონომიკური და ეკოლოგიური უპირატესობებისა, უკრაინაში ცოტა რამ თუ კეთდება ქვანახშირის საბადოებში არსებული ბუნებრივი გაზის მოსაპოვებლად.

მართალია, ამ სფეროში უკრაინა არ განიცდის ინიცატივების დეფიციტს, სამაგიეროდ დეფიციტს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ექსპერტიზა.

2006 წლის ოქტომბერში უკრაინის მთავრობამ დაიწყო იმის განხილვა, თუ რამდენად არის შესაძლებელი ამერიკის კომპანია "იტერა ენერჯის" საპილოტო პროექტის განხორციელება დონბასის რეგიონში მეთანის მოსაპოვებლად.

ეს კომპანია, რომელიც წარმატებით ახორციელებს მსგავს პროექტებს შეეთებულ შტატებში, უკრაინაში გეოლოგიური ანალიზის ჩატარებას აპირებს იმის დასადგენად, თუ რა მოცულობის გაზია საბადოებში და რამდენად მომგებიანია მისი მოპოვება.

საცდელი პერიოდის მანძილზე "იტერა ენერჯი" 600 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებს და უკრაინის საწარმოებს მიჰყიდის ათას კუბურ მეტრს 135 დოლარად. ანუ იმავე ფასად, რა ფასადაც უკრაინა გაზპრომისგან ყიდულობს გაზს.

ადგილობრივი წარმოების მეთანი განსაკუთრებით მომგებიანი შეიძლება იყოს დონბაზის რეგიონის ქიმიური მრეწველობის საწარმოებისთვის, რომლებიც მთავრობას გაზის ფასის შემცირებას სთხოვენ რენტაბელობის შესანარჩუნებლად.

მთლიანად უკრაინისთვის კი გაზის ადგილობრივი მარაგის ათვისება სხვა მხრივაც იქნება მომგებიანი. იგი არა მხოლოდ მილიონობით დოლარს დაზოგავს, არამედ შეძლებს დაიბრუნოს ენერგიის ექსპორტიორის დაკარგული სახელიც.

საბჭოთა კავშირში უკრაინა გაზის ყველაზე დიდი მწარმოებელი იყო 70-იან წლებამდე, როცა მოსკოვმა გადაწყვიტა, ინვესტიციები იამალის ნახევარკუნძულსა და ცენტრალურ აზიაში გადაეტანა.
XS
SM
MD
LG