Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რომელ რაიონებს ემუქრება გაზის მიწოდების შეწყვეტა და რატომ?


2007 წლის მანძილზე საქართველოს გაზით მომარაგების საკითხი მეტ-ნაკლებად გადაწყდა,

თუმცა საქართველოს ზოგიერთ რაიონს ცივ ზამთარში მაინც ემუქრება ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენა. ჯერ კიდევ 2006 წლის 22 დეკემბერს გაზის სადისტრიბუციო კომპანია ”იტერა-ჯორჯიამ” გამოაცხადა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტდა ხაშურს, თელავს, ზესტაფონს, გარდაბანს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონს. მოგვიანებით ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა რამდენიმე დღით გადაიდო საახალწლო დღეების მომიზეზებით. ახლა კი ”იტერა ჯორჯიამ” ორი რაიონის - ზესტაფონისა და მარნეულის - გაზით მომარაგების შეჩერება გადაწყვიტა.

საერთაშორისო კომპანია ”იტერას” შვილობილი "იტერა-ჯორჯია" საქართველოში რუსული გაზით 103 საწარმოს ამარაგებს, მათ შორის - 38 გაზგამანაწილებელ კომპანიას.

"იტერა-ჯორჯიას" მიმართ 2003 წლიდან დღემდე არსებული დავალიანების საერთო თანხა 6 მლნ ლარს შეადგენს. ამ დავალიანების თემა სამიოდე წლის წინ არაერთხელ ყოფილა საქართველოზე რუსეთის ზეწოლის იარაღი.

[ირაკლი ნიკოლაიშვილის ხმა] ”ეს არის სუფთად ეკონომიკურად ჩამოყალიბებული, ის არ ქმნის პოლიტიკას....”

ამბობს ”იტერა-ჯორჯიას” ხელმძღვანელი ირაკლი ნიკოლაიშვილი. და აი, იმის დასამტკიცებლად, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია, “იტერა” დათმობებზე წავიდა. თავდაპირველად მიმდინარე დავალიანების - დაახლოებით, 700 ათასი ლარის - გამო დეკემბრის ბოლოს 6 რაიონის გაზის გარეშე დატოვება გადაიფიქრა, შემდეგ კი ვალის დაფარვის გეგმაზეც დათანხმდა.

დავალიანების დაფარვის გეგმა ზესტაფონისა და მარნეულის რაიონებმა არ წარადგინეს. სწორედ მათი გათიშვა იგეგმებოდა 4 იანვრიდან, თუმცა “იტერა-ჯორჯიაში” გამართული კონსულტაციების შემდეგ ზესტაფონისა და მარნეულის გაზის გარეშე დატოვება რამდენიმე დღით გადაიდო.

თუ რატომ, “იტერას” პრეს-მდივნის ვიტალი ლომიძისგან შეიტყობთ:

[ვიტალი ლომიძის ხმა] ”ზესტაფონის რაიონის დეპუტატი იყო ჩამოსული...
... ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება, როდესაც წარმოადგენენ დავალიანების დაფარვის კონკრეტულ გრაფიკს.”

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ცერცვაძე თავის ამომრჩეველს აიმედებს, რომ ცივ ზამთარში გაზის გარეშე არ დარჩებიან:

[დავით ცერცვაძის ხმა] ”ჯერჯერობით ზესტაფონის რაიონს ბუნებრივი აირით მომარაგება არ შეუწყდება. შესაბამისად მიეწოდება ბუნებრივი აირი ზესტაფონის რაიონის იმ მოსახლეობას, რომელსაც კომუნალური მრიცხველების მიხედვით აქვს დაფარული გაზის საფასური.”

ზესტაფონის რაიონს “იტერას” მიმართ, საერთო ჯამში, 80 ათასი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან მიმდინარე მხოლოდ 12 ათასია. უფრო მეტი დავალიანება აქვს მარნეულის რაიონს - 209 ათასი ლარის ოდენობით, რომელშიც 54 ათასი მიმდინარეა. თუ ამ რაიონებმა 5 იანვრამდე აღნიშნული თანხების გასტუმრების გრაფიკი და გარანტიები ვერ წარადგინეს, მათთვის ბუნებრივი აირის გათიშვა გარდაუვალი გახდება.
XS
SM
MD
LG