Accessibility links

logo-print

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი რექტორს ირჩევს


„უმაღლესი განათლების შესახებ კანონის“ თანახმად, 2007 წლის 10 იანვრის შემდეგ, ანუ კანონის ძალაში შესვლიდან ორი წლის თავზე, უმაღლეს სასწავლებლებს მხოლოდ არჩეული ორგანოები უნდა მართავდნენ.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევნების შემდეგ, ჯერი რექტორზეც მიდგა. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რექტორის არჩევნები 2007 წლის 5 იანვარს გაიმართება. აკადემიურმა საბჭომ, რომელიც 12 წევრისაგან შედგება, არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. რექტორის თანამდებობას ერთმანეთს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი გია ხუბუა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ედავებიან.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციაში გატარების ვადა 2006 წლის 2 დეკემბერს ამოიწურა. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის ლელა ჯანაშვილის თქმით, რექტორის არჩევნები ჩატარდება იმ დებულების საფუძველზე, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2005 წლის 26 დეკემბრის 721-ე ბრძანებულებით.

[ლელა ჯანაშვილის ხმა] „მითითებული დებულება ითვალისწინებს კანდიდატთა საჯარო მოსმენას მხოლოდ აკადემიური საბჭოს წინაშე. კანდიდატთა რეგისტრაცია დამთავრდა 2 დეკემბერს. პირველმა რეგისტრაცია გაიარა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გია ხუბუამ, ხოლო 2 დეკემბერს რეგისტრაცია გაიარა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ.“

ლელა ჯანაშვილის თქმით, კენჭისყრის დაწყებამდე რექტორობის კანდიდატები აკადემიური საბჭოს წინაშე მოქმედების გეგმით წარდგებიან. გია ხუბუა, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ამბობს, რომ უნივერსიტეტმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს დროის გამოწვევა და სათანადოდ აამაღლოს სწავლების დონე, რაც სასწავლო პროცესის ორგანიზებულად წარმართვის გარეშე ვერ მიიღწევა: [გია ხუბუას ხმა] „აუცილებელია სამეცნიერო კვლევებისა და სწავლების ინტეგრირება; მომავალში აუცილებლად უნდა განისაზღვროს სამეცნიერო კვლევების პრიორიტეტები, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური პროფილი, რა მიმართულებითაც ის ყველაზე ძლიერად იქნება წარმოჩენილი. უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ გახდეს, სულ მცირე, რეგიონში წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.“

გია ხუბუას თქმით, მოქმედების გეგმა, რომლითაც აკადემიური საბჭოს წინაშე უნდა წარდგეს, უნივერსიტეტში დაწყებული რეფორმის წყალობით, განხორციელების სტადიაშია, თუმცა რექტორობის მეორე კანდიდატი უნივერსიტეტის მოქმედ ხელმძღვანელობასა და განათლების სამინისტროს სწორედ რომ რეფორმას უწუნებს.

„რეფორმა არ არის არც ევროპული სტანდარტის, არც საქართველოს ინტერესების შესაბამისი,“ ამბობს ტარიელ ფუტკარაძე, რომელის თქმითაც, აკადემიურ საბჭოს არ გააჩნია რექტორობის კანდიდატთა „სამოქმედო გეგმების“ შეფასების კრიტერიუმი და ეს გარემოება შეუძლებელს ხდის არჩევნების მოგებას წესიერი გზით: [ტარიელ ფუტკარაძის ხმა] „მე მივმართავ აკადემიურ საბჭოს წინადადებით, რომ თავისუფალი, თანასწორი არჩევნების პირობების მომზადებამდე გადადოს რექტორის არჩევნები, ვინაიდან კრიტერიუმების არარსებობის გამო შეუძლებელია ობიექტურად შეფასდეს კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები. თუ არ შეიქმნება ეს პირობები, რასაც მე ვითხოვ, მაშინ მე ხვალ მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებას, მოვხსნა თუ არა კანდიდატურა.“

რექტორობის კანდიდატებისაგან განსხვავებით, 5 იანვრის არჩევნებს მშვიდად და ვნებათაღელვის გარეშე ხვდებიან უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები: [უნივერსიტეტის სტუდენტის ხმა] „არჩევნების შესახებ არაფერი გამიგია. მე ვისაც ვიცნობ, იმათაც არ იციან... ახლა პირველად გავიგე თქვენგან, რომ 5 იანვარს რექტორის არჩევნებია.“

[უნივერსიტეტის თანამშრომლის ხმა] „არჩევნები უნივერსიტეტს მოუტანს უკეთეს ხვალინდელ დღეს. ამის საფუძველს მაძლევს ის ხალხი, ვინც უნივერსიტეტის საკეთილდღეოდ მუშაობდა და დღესაც მუშაობს. არჩევნები გამოაჩენს, როგორი ხვალინდელი დღე ექნება უნივერსიტეტს.“

როგორი იქნება პირველი ქართული უნივერსიტეტის ხვალინდელი დღე, ანუ ვინ გაუძღვება სასწავლებელს უახლოესი 4 წლის განმავლობაში? ამ კითხვას პასუხს გასცემს აკადემიური საბჭო, რომლიც 5 იანვარს დილის 11 საათზე შეიკრიბება.

აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი ლელა ჯანაშვილი განმარტავს: [ლელა ჯანაშვილის ხმა] „რექტორის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით. აკადემიურ საბჭოში შედის 12 წევრი. არჩევა ხდება ხმათა მარტივი უმრავლესობით, ანუ არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს 7 ხმას.“
XS
SM
MD
LG