Accessibility links

logo-print

რა როლი ითამაშა ეროვნულმა ბანკმა საქართველოში 2006 წლის მანძილზე მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში


2007 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი 800 მილიონი აშშ დოლარის რეზერვითა და განმტკიცებული ეროვნული ვალუტით შეხვდა.


სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ინტერვენციებმა საქართველოს მთავრობას საშუალება მისცა ინფლაციის მაჩვენებელი 14 პროცენტიდან 9 პროცენტამდე შეემცირებინა. ეს იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ირგვლივ შექმნილი საგარეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ფაქტორები ხელს უწყობდნენ ინფლაციური პროცესების გაღრმავებას. როგორ შეძლო ეროვნულმა ბანკმა 2006 წლის მანძილზე ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება და ინფლაციის შემცირება? ასევე, სხვა რა წარმატებებს მიაღწია გასული წლის მანძილზე?

საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დღითი დღე მყარდება და მასზე გავლენას ვერ ახდენს ვერც გაზის საფასურის გაორმაგება და ვერც სხვა ეკონომიკური პროცესები. მოსახლეობას ლარის ამგვარი მდგრადობის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს:

[მოქალაქეთა ხმა] ”თუ მყარდება ლარის კურსი, კარგია...”

”ჩვენთვის და ყველასთვის კარგი იქნება ლარის კურსის გამყარება, თუ ეს პროდუქტების ფასებსაც დაეტყობა. ისე აზრი არ აქვს, მე მგონი.”

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე კი ამტკიცებს, რომ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ყველასთვის კარგია:

[რომან გოცირიძის ხმა] ”რეალური ეფექტური გაცვლის კურსი წლის დასაწყისიდან გამყარდა 0,7 პროცენტით, ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი...”

ეს განცხადება რომან გოცირიძემ 2006 წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სხვაგვარად ფიქრობს ეკონომიკის ზოგიერთი ექსპერტი, მათ შორის, ნიკო ორველაშვილიც:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] "გამყარებას რაიმე რეალური ეკონომიკური ტენდენცია საფუძვლად არ უდევს. როგორც წესი, ვალუტის კურსის ზომაზე მეტად გამყარება, რევალვაცია, ყოველთვის იწვევს ექსპორტის შემცირებას."

ექსპორტი, მართლაც, შემცირდა, თუმცა, მეტწილად, რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის გამო. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა ეკონომიკის ზრდით მაინც თავს იწონებს. ამაზე მეტყველებს საბანკო მომსახურების სფეროს გაფართოება და, როგორც რომან გოცირიძე ამბობს, ”საბანკო ბუმი”.

გასულ წელს საქართველოში საბანკო სისტემის მოგებამ 65 პროცენტით მოიმატა და 102 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო საბანკო სისტემის მთლიანი აქტივები 82 პროცენტით გაიზარდა და 4,6 მილიარდი ლარი შეადგინა.

[რომან გოცირიძის ხმა] ”ეგრეთ წოდებული საბანკო ბუმი კვლავ გრძელდება და ქვეყნის საბანკო სისტემა ვითარდება....”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ირწმუნება, რომ საბანკო სფეროს ზრდის პროცესი 2007 წელსაც გაგრძელდება. ეროვნული ბანკი აპირებს უახლოეს მომავალში უცხოური რეზერვები 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდოს და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა კვლავაც შეინარჩუნოს.
XS
SM
MD
LG