Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასრულებდა თუ არა კონტროლის პალატა პროკურატურისა და უშიშროების სამინისტროს შეკვეთებს?


სატყეო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა გიორგობიანისა და მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქსტანდარტის ასევე ყოფილი უფროსის მიხეილ ჯანიკაშვილის სასამართლო პროცესების

მიმდინარეობისას კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ნუგზარ ნაჭყებიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კონტროლის პალატის თანამშრომლებს მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ აქტების შედგენას გენერალური პროკურატურიდან და უშიშროების სამინისტროდან ავალებდნენ. ნაჭყებიას მტკიცებით, სწორედ ზეწოლის შედეგად დაწერილი აქტები გახდა გიორგობიანისა და ჯანიკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი. თუმცა, როგორც კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, ამჯერად პასუხისგებაში მიცემით სწორედ მას, ნუგზარ ნაჭყებიას, ემუქრებიან. საინტერესოა, მართლა ასრულებდა თუ არა კონტროლის პალატა პროკურატურისა და უშიშროების სამინისტროს შეკვეთებს.

„კონტროლის პალატის შესახებ კანონის“ თანახმად, პალატა დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. თუმცა, როგორც კონტროლის პალატის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ნუგზარ ნაჭყებია ამტკიცებს, კონტროლის პალატის თანამშრომლებზე ზეწოლა ეგრეთ წოდებული „ოდეერების“, ანუ უშიშროების სამინისტროს ოფიცრების, საშუალებით ხორციელდება:

[ნუგზარ ნაჭყებიას ხმა] „იერარქიულად ჩემთან კონტროლის პალატაში მე ვერავინ გამიბედავდა მითითებას, ასე დაწერე და ისე დაწერეო. როდესაც ვერ მომერია ჩვენი „ოდეერი“ ლაფანაშვილი, მაშინ დამხმარე ძალად მოიყვანა გარემოს დაცვის სამინისტროს „ოდეერი“ პაპაშვილი, რომელთანაც მე, წესით, საერთო არ უნდა მქონოდა. მაგრამ მე გავუძელი ზეწოლას.“

თუმცა, ნუგზარ ნაჭყებიას მტკიცებით, ზეწოლას კონტროლის პალატის ყველა თანამშრომელმა როდი გაუძლო. კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის თქმით, სწორედ ზეწოლის შედეგად შედგენილი აქტების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სატყეო დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ბიძინა გიორგობიანის წინააღმდეგ. ნუგზარ ნაჭყებიას ამ სკანდალურ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა მოთხოვნითაც გასული წლის ერთ-ერთ უკანასკნელ სხდომაზე პარლამენტმა სამთავრობო საათზე შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური პროკურორი დაიბარა. დეპუტატების შეკითხვას, რატომ იდევნება ბიძინა გიორგობიანი, ვანო მერაბიშვილმა ასე უპასუხა:

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „გიორგობიანმა გააგრძელა იგივე, რასაც აკეთებდნენ მისი წინამორბედები. კერძოდ, მან 12 ლარად გაყიდა ხე-ტყე, რომლის საბაზრო ფასი იყო 200 დოლარი.“

ბიძინა გიორგობიანის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი გოგმარ გაბუნია იცავს. თუმცა სატყეო დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ქომაგები არასამთავრობო სექტორშიც გამოუჩნდნენ. ლაშა ჩხარტიშვილი, „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, ამტკიცებს, რომ გიორგობიანმა ხელისუფლებისა და ცხინვალელი სეპარატისტების მანკიერი კავშირი ამხილა:

[ლაშა ჩხარტიშვილის ხმა] „ბიძინა გიორგობიანი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც არ დაემორჩილა ხელისუფლების უკანონო ბრძანებებს და ამის გამო გახდა პოლიტიკური დევნილი. საუბარია იმაზე, რომ გიორგობიანს აძალებდნენ იმას, რომ გაეფორმებინა ყალბი დოკუმენტები ხე-ტყის თითქოსდა სამხრეთ ოსეთიდან გამოზიდვის შესახებ, მაშინ როცა რეალურად ხე-ტყე სხვაგან იჭრებოდა.“(სტილი დაცულია)

გიორგობიანის მხარდამჭერთა ამ არგუმენტის გაბათილება გენერალურმა პროკორორმა ზურაბ ადეიშვილმა სცადა:

[ზურაბ ადეიშვილის ხმა] „საექსპორტო ლიცენზიას გასცემს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ბუნებრივია, სხვისი დადანაშაულება, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა, ეს არის ტყუილი. მხოლოდ სატყეო დეპარტამენტს შეეძლო ამის გაკეთება და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეს უფლებამოსილი პირები უნდა დაისაჯონ. ყოველივე ამის შესახებ წერილობით მოგაწვდით ინფორმაციას.“(სტილი დაცულია)

თუმცა, ვიდრე გენერალური პროკურორი დეპუტატებს გამოძიების მასალებს წერილობით მიაწვდის, შესაძლოა, პასუხისგებაში კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი ნუგზარ ნაჭყებიაც მისცენ. საქმე ის არის, რომ პროკურატურამ ორი წლის წინანდელი საქმის გამოძიება განაახლა. პროკურატურაში ეჭვობენ, რომ კონტროლის პალატის ყოფილმა თნამშრომელმა მოქალაქე დაჭრა. რას ფიქრობს ყოველივე ამის შესახებ თავად ნუგზარ ნაჭყებია?

[ნუგზარ ნაჭყებიას ხმა] „რამდენიმე საათით დამაკავეს 2005 წლის 4 თებერვალს, როცა ბიძინა გიორგობიანის წინააღმდეგ იწერებოდა აქტი. ვფიქრობ, რომ შეგნებულად დამაკავეს, რადგანაც ვეწინააღმდეგებოდი ამ არასწორი აქტის დაწერას. იმ დღესვე გამომიშვეს, იმიტომ რომ მოწმეებმა არ დაადასტურეს ჩემი იქ არყოფნა. ჩემს ცოლისძმაზეც აკეთებენ ზეწოლას: თქვიო, რომ იქ იყო შენი სიძეო, თორემ 3-დან 6 წლამდე მოგცემთ ციხესო.“(სტილი დაცულია)

ნუგზარ ნაჭყებია ეჭვობს, რომ მას მართლაც ემუქრება პატიმრობა, თუმცა გოგა ხაინდრავა, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და “თანასშორობის ინსტიტუტის” წევრი, ამბობს, რომ კონტროლის პალატის ყოფილ თანამშომელს საზოგადოება გაჭირვებაში არ მიატოვებს:

[გოგა ხაინდრავას ხმა] „ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ამ ხელისუფლებას, ამ ადამიანებს, ვისთვისაც არც სამართალი, არც კანონი და არც კონსტიტუცია არაფერს არ ნიშნავს, რომ დაჩაგრონ ადამიანები. ჩვენ ჩავატარებთ მონიტორინგს... ყველა წუთი, ყველა საათი... იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისაც დღეს უკანონო პატიმრობა ელოდება. და ის, რომ ბატონ ნაჭყებიას უკანონო პატიმრობა ელოდება, ამაზე მეტყველებს ის მოვლენები, რომელთა მოწმეც ყველანი ვართ.“(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG