Accessibility links

logo-print

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტმა რექტორი აირჩია - პირველ ქართულ უნივერსიტეტს პროფესორი გიორგი ხუბუა უხელმძღვანელებს


2007 წლის 5 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ,

რომელიც 12 წევრისაგან შედგება, ფარული კენჭისყრით სასწავლებლის რექტორი აირჩია. საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, პირველ ქართულ უნივერსიტეტს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა უხელმძღვანელებს. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები უნივერსიტეტში და რატომ თქვა უარი კენჭისყრაში მონაწილეობაზე რექტორობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ.

უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ კენჭისყრის პროცედურა რამდენიმე წუთში დაასრულა, რის შემდეგაც ჯერი ხმის დამთვლელი კომისიის წევრებზე მიდგა.
[ისმის ხმა] „დავთვალოთ რამდენი ბიულეტენია. ეს საკონტროლო ფურცელია... ერთი, ორი, სამი...“
კენჭისყრის საბოლოო შედეგებით საზოგადოების წინაშე ხმის დამთვლელი კომისიის მდივანი ქეთევან ძამუკაშვილი წარდგა:
[ქეთევან ძამუკაშვილის ხმა] „2007 წლის 5 იანვარი, 13 საათი და 10 წუთი. ურნაში ჩაყრილი ბიულეტენების საერთო რაოდენობაა 12. აქედან ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა - ნული. კანდიდატის მიერ დაგროვილი ხმების რაოდენობაა - 12. ამგვარად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია რექტორის არჩევნებს აცხადებს ჩატარებულად. რექტორად არჩეულია ბატონი გიორგი ხუბუა.“
გიორგი ხუბუამ არჩევნებში გამარჯვებამდე აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმა გააცნო. მომავალმა რექტორმა ვრცლად ილაპარაკა სასწავლებლის მომავალზე და იმ გეგმაზე, რომელმაც პირველი ქართული უნივერსიტეტი, რეგიონული მასშტაბით, ლიდერად უნდა აქციოს:
[გიორგი ხუბუას ხმა] „უნივერსიტეტი არ შეიძლება იყოს უმაღლესი სკოლა, ის არ შეიძლება მთლიანად ფოკუსირებული იყოს მხოლოდ სწავლებაზე. მეცნიერული კვლევები და ამ კვლევების შედეგად მიღებული შედეგები იქნება უნივერსიტეტის წარმატებული მუშაობის მთავარი ინდიკატორი...“(სტილი დაცულია)
გიორგი ხუბუამ სამოქმედო გეგმის ჩაკითხვას 40 წუთზე მეტი მოანდომა. გაირკვა, რომ სულ მალე პირველ კორპუსთან ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობა აშენდება, მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებიდან გამოსული რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტი კი უნივერსიტეტს შეუერთდება, თვისებრივად შეიცვლება სასწავლებლის მართვის პრინციპი. აკადემიური საბჭოს წევრებისგან განსხვავებით, გიორგი ხუბუას სამოქმედო გეგმას სკეპტიკურად შეხვდნენ უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის მოწინააღმდეგე ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში უნივერსიტეტში მუშაობდნენ. მეტიც, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს დავით ქარქაშაძეს აკადემიური საბჭოს ობიექტურობაშიც შეაქვს ეჭვი:
[დავით ქარქაშაძის ხმა] „პროფესორ-მასწავლებელთა არჩევა, კონკურსი როგორ ჩატარდა, საბჭოები როგორ ჩამოყალიბდა - ყველაფერი ეს გაწერილი იყო ისე, რომ, საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბებულიყო ისეთი აკადემიური საბჭო, რომელიც ზუსტად იმ ადამიანს აირჩევდა, რა ჩანაფიქრიც იყო თავიდანვე.“(სტილი დაცულია)
სწორედ აკადემიურ საბჭოს გამოუცხადა უნდობლობა რექტორობის კანდიდატმა ტარიელ ფუტკარაძემ, რომელმაც ჯერ არჩევნების გადატანა მოითხოვა, მოგვიანებით კი საერთოდ უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე:
[ტარიელ ფუტკარაძის ხმა] „მე მიმაჩნია, რომ ის ადამიანები, რომლებიც არჩეულია გია ხუბუას რექტორობის მოვალეობის შესრულების დროს და არჩეულია მისი ხელდასხმით, არ არიან ობიექტურები, იმიტომ რომ შერჩევის კრიტერიუმები არ გააჩნიათ.“(სტილი დაცულია)
ტარიელ ფუტკარაძის კრიტიკა და შენიშვნები არ გაიზიარეს აკადემიური საბჭოს წევრებმა. უნივერსიტეტის სრული პროფესორებისა და აკადემიური საბჭოს წევრების -კონსტანტინე კორკელიასა და გუგული მაღრაძის -კომენტარები:
[კონსტანტინე კორკელიას ხმა] „მე ვფიქრობ, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდა. საკმაოდ დეტალურად გამოვკითხეთ და რექტორობის კანდიდატმაც კომპეტენტურად გაგვცა პასუხები. იმ გეგმის მიხედვით, რაც იყო წარმოდგენილი, ბევრი რამ შეიცვლება ძალიან ჩქარა და უკეთესობისკენ.“(სტილი დაცულია)
[გუგული მაღრაძის ხმა] „ჩვენს ხმას პატივს ვცემთ და ნამდვილად არ გვინდა, რომ უნივერსიტეტის საქმე ცუდად წავიდეს. ეს 4 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იქნება და აღარ არის იმისი დრო, რომ მიტინგებით ხელი შევუშალოთ უნივერსიტეტს.“


XS
SM
MD
LG