Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემოკრატები ეწინააღმდეგებიან ერაყში ომის ესკალაციას


ერაყში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების პარალელურად მწვავდება სიტყვიერი შეტაკებები შეერთებული შტატების ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.



მიმდინარე კვირაში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყთან დაკავშირებით თავისი ახალი სტრატეგია უნდა გამოაცხადოს. ოპოზიციური დემოკრატიული პარტია, რომელიც კონგრესს აკონტროლებს, აფრთხილებს პრეზიდეტს, რომ მხარს არ დაუჭერს ერაყში ომის ესკალაციას. მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა ალტერნატივას სთავაზობენ პრეზიდენტს თავად დემოკრატები.

[ბაიდენის ხმა] "საკითხი ასე დგას: განვაგრძობთ თუ არა ბუშის მიერ წარმოებულ პოლიტიკას, რომელიც არ ამართლებს? ეს პოლიტიკა ორჯერ ვცადეთ უკანასკნელი თორმეტი თვის მანძილე, როცა ბაღდადში ჯარები მივაზღვავეთ. სამწუხაროდ, ჩემი რესპუბლიკელი მეგობრები უკუღმა მოიქცნენ. ჯერ პოლიტიკური მოგვარებაა საჭირო, სანამ სამხედრო გზით მოაგვარებდე საქმეს."

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯოზეფ ბაიდენი, მართალია, ერაყში ბუშის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგეა, მაგრამ იგი მაინც პრეზიდენტის ერთ-ერთი ოპონენტია. მას ტოლს არც სხვა დემოკრატი ლიდერები უდებენ.

განსაკუთრებით გამწვავდა ვითარება ვაშინგტონში ახლა, როცა ქვეყანა და, საერთოდ, მსოფლიო ბუშის ახალი ინიციატივის მოლოდინშია.

პარასკევს კონგრესის ორივე პალატაში წარმოდგენილმა დემოკრატმა კანონმდებლებმა წერილით მიმართეს პრეზიდენტს და ერაყიდან ჯარების ეტაპობრივად გაყვანისკენ მოუწოდეს.

ორმა წამყვანმა პოლიტიკოსმა, სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რიდმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, ჯარების გაყვანის დაწყება ოთხიდან ექვს თვემდე ვადაში მოითხოვა.

ეს დიამეტრულად ეწინააღმდეგება იმას, რასაც, როგორც მოელიან, აპირებს ბუში, კერძოდ, ერაყში დამატებითი ჯარების გაგზავნას და ერაყის აღდგენისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას.

როგორც ვარაუდობენ, პრეზიდენტი გამოაცხადებს, რომ კიდევ 20 ათას ჯარისკაცამდე სურს გაგზავნოს ერაყში და ერაყის ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად დამატებითი ერთი მილიარდი დოლარის მობილიზაცია მოახდინოს.

მაგრამ ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა სახის პასუხს გასცემენ დემოკრატები პრეზიდენტის ინიციატივას.

პელოსი და რიდი ცდილობენ, ოპოზიციის სტრატეგია იმგვარად გააერთიანონ, რომ მან მომხრეები მოიპოვოს თავად ბუშის რესპუბლიკურ პარტიაშიც. დემოკრატები ბუშისგან მოითხოვენ ისეთ ბიუჯეტს, რომელშიც ნათლად იქნება განსაზღვრული, თუ რისთვის დაიხარჯება თანხა.

მაგრამ სენატორი ბაიდენი აღიარებს, რომ კონგრესს არ მოეპოვება საკმარისი ძალაუფლება ომის ყოველი დეტალისთვის თვალყურის სადევნებლად.

ამის მიზეზი ისაა, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად, კონგრესი ვერ აიძულებს ადმინისტრაციას, წვრილმანების დონეზე განსაზღვროს, რა ტიპის ხარჯებს მოხმარდება ბიუჯეტი.

იგივე აზრი გამოთქვა ამ დღეებში სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა:

[მაკკონელის ხმა] "კონგრესის ბერკეტები, რაც საჭიროა ომის წარმოების ყველა დეტალში ჩასარევად, საკმაოდ შეზღუდულია. ერთადერთი, რის გაკეთებაც კონგრესს ძალუძს, თუკი იგი ამას გადაწყვეტს (მაგრამ არა მგონია, გადაწყვიტოს ამის გაკეთება), არის ის, რომ მას შეუძლია ჯარებს დაფინანსება შეუწყვიტოს. ამის გარდა შეიძლება მივიღოთ რეზოლუციები, შეიძლება გვქონდეს მოსმენები, შეიძლება დებატები გავმართოთ, რაც ნამდვილად მოხდება. მაგრამ არა მგონია, კონგრესს ამას გარდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობაც, რომ უბრალოდ მართოს ომის ტაქტიკა. და არც უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა."

ასე რომ, დემოკრატები უნდა დაკმაყოფილდნენ იმით, რაც უკვე სახეზეა. ანუ ისინი შეეცდებიან, კონგრესმა მეტი ყურადღება მიაქციოს იმას, თუ როგორ აწარმოებს ადმინისტრაცია ერაყში ომს, რათა ეს საკითხი მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყოს.

დემორატთა ლიდერები იმედოვნებენ, რომ ეს ადმინისტრაციას აიძულებს, უფრო მეტი ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს და ხელს ააღებინებს ისეთი პოლიტიკისგან, რომელიც განსაკუთრებული კრიტიკის საგანი შეიძლება გახდეს.

უკვე ეს პოზიცია ნიშნავს იმას, რომ კონგრესში ომის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. იგი ასევე მიანიშნებს იმ ტენდენციაზე, რომელიც იბატონებს ამერიკაში ბუშის საპრეზიდენტო ვადის დარჩენილი ორი წლის მანძილზე: ანუ წინ დიდი ბრძოლებია მოსალოდნელი იმის თაობაზე, თუ რა გზა უნდა აირჩიოს ვაშინგტონმა - განსუსაზღვრელი ვადით დარჩეს ერაყში თუ დაიწყოს ჯარების ეტაპობრივად გაყვანა.
XS
SM
MD
LG