Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეი ტარკოვსკის ხსოვნას


საახალწლოდ მოსკოვში, პარიზსა და ფლორენციაში ანდრეი ტარკოვსკის ხსოვნის დღეებს აღნიშნავენ.



გაგახსენებთ, რომ დიდი რეჟისორი 1986 წლის 28 დეკემბერს პარიზში გარდაიცვალა. იგი 20 წლის წინ სენ-ჟენევიევ დიუ ბუას სასაფლაოზე დაკრძალეს. ჩვენს დღევანდელ პროგრამაში, რომელიც ტარკოვსკის ხსოვნას ეძღვნება, მინდა რუსი რეჟისორის ბიორგრაფიის შედარებით ნაკლებად ცნობილი ეპიზოდები შეგახსენოთ.


გასული წლის მიწურულს პარიზში, პიუვი დე შავანის ქუჩაზე, იმ სახლის კედელზე, სადაც ანდრეი ტარკოვსკი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა, რეჟისორის მემორიალური დაფა დაიკიდა. ეს იყო ტარკოვსკის საერთაშორისო ინსტიტუტის ინიციატივა, მემორიალური დაფა პარიზის მერიის დახმარებით გაიხსნა - დასავლეთში დღეს ტარკოვსკი მოდაშია. მისი გარდაცვალების 20 წლისთავს მთელი მსოფლიო აღნიშნავს...არადა, 1982 წლის მიწურულს, როცა მძიმედ ავადმყოფი ანდრეი ტარკოვსკი, მარინა ვლადის დახმარებით, პარიზში დასახლდა, რეჟისორის მკურნალობის ხარჯიც კი ძლივს შეგროვდა. შვეციაში დასრულებული ფილმის, ”მსხვერპლთშეწირვის”, ჰონორარი ამისათვის საკმარისი არ იყო. მართალია, საბჭოთა კავშირში ტარკოვსკის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო და რეჟისორს სამშობლოში დაბრუნება შესთავაზეს, ტარკოვსკის უკვე აღარსად შეეძლო გამგზავრება. 28 დეკემბერს იგი პარიზის ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.

ვერც ტარკოვსკის დაკრძალვისთვის გამოინახა საკმარისი თანხა. ჟენევიევ დიუ ბუას სასაფლაოზე, სადაც რუსი ემიგრანტები არიან დაკრძალულნი, მიწა ძვირი ღირდა.
ბოლოს და ბოლოს, ტარკოვსკი სხვის საფლავში დაკრძალეს. უზარმაზარი ქვის ჯვრის ქვეშ ლათინური ასოებით ეწერა: ”ვლადიმირ გრიგორიევი”, დაიბადა 1895 წელს, გარდაიცვალა 1973 წელს”. სასაფლაოზე არავინ იცოდა, ვინაა ეს გრიგორიევი - საფლავი სრულიად მოუვლელი იყო. ”გრიგორიევის ჯვრის” ქვეშ პატარა რკინის დაფა დაკიდეს, წარწერით, ასევე ლათინური, წვრილი ასოებით: ანდრეი ტარკოვსკი, გარდაიცვალა 1987 წელს (თუმცა რეჟისორი 86 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა). დაკრძალვაზე ჩავიდა საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი ელემ კლიმოვი. კლიმოვს ტარკოვსკის გადასვენება უნდოდა რუსეთში, მაგრამ რეჟისორის მეუღლისგან თანხმობა ვერ მიიღო.

მოგვიანებით თავისუფალი ადგილი გაჩნდა. ტარკოვსკის ნეშტი გადაიტანეს და საფლავზე ძეგლი დაუდგეს, წარწერით: ”კაცი, რომელმაც ანგელოზი იხილა”.

გაჭირვება ანდრეი ტარკოვსკის ცხოვრების თანამგზავრი იყო. რეჟისორი, რომლის ფილმებს საბჭოთა ცენზურა ან ამახინჯებდა, ან დიდხანს აყოვნებდა პრემიერას, წლების მანძილზე უმუშევარი იყო. ედუარდ არტემიევი, ანდრეი ტარკოვსკის ფილმების კომპოზიტორი, იგონებს, რომ ტარკოვსკისთან მუშაობა სხვებისთვისაც ერთგვარი მსხვერპლთშეწირვა იყო. მაგალითად, მუსიკა ფილმისათვის ”სოლიარისი” საბჭოთა ცენზურამ ”ფორმალიზმად” მონათლა, რეჟისორსა და კომპოზიტორს მოსთხოვა, შეეცვალათ მუსიკალური მოტივი რაღაც უფრო მელოდიურით. ტარკოვსკიმ აიძულა კომპოზიტორი კომპრომისზე არ წასულიყო. ”სოლიარისი” ეკრანებზე გამოვიდა, მაგრამ კომპოზიტორი დასაჯეს და ჰონორარის გარეშე დატოვეს.

[ედუარდ არტემიევი. ”სოლიარისი”]

ანდრეი ტარკოვსკის შედარებით შეუმსუბუქა ცხოვრება ფილმმა ”სტალკერი”, რომლის მისტიკურ-მეტაფიზიკური მოტივები საბჭოთა იდეოლოგებმა, უბრალოდ, ”სამეცნიერო ფანტასტიკად” გაასაღეს. მიუხედავად ამისა, 80-იანი წლების დასაწყისშიც კი, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კრიტიკოსებს იგი ყველა დროის საუკეთესო რეჟისორების ათეულში შეჰყავდათ, ანდრეი ტარკოვსკის კვლავ არ უშვებენ საზღვარგარეთ, დიდ ფესტივალებზე, არ უმტკიცებენ სცენარებს. სწორედ ამ დროს, 1981 წლის შემოდგომაზე, რეჟისორი იღებს წერილს თბილისიდან - ორი უცნობი ახალგაზრდა, ლადო ტოგონიძე და ოთარ ჭედია, რომლებიც თავიანთ თავს ”კინოკლუბელებს” უწოდებენ, დიდ რეჟისორს თბილისში ეპატიჟებიან. წერილის ისტორიას ლადო ტოგონიძე დღეს ასე იგონებს:

[ლადო ტოგონიძის ხმა]” გვინდოდა შევხვედროდით ადამიანს, რომელმაც ასეთი გავლენა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაზე - ვწერდით, ვადგენდით წერილს.... ვწერდით, ჩვენ იმდენად გვიყვარს კინო და იმდენად შევტოპეთ, რომ უკან გამოსვლა არ შეგვიძლიაო.”

წერილს სატელეფონო ზარი მოჰყვა. ტარკოვსკიმ მიპატიჟებაზე უარი არ თქვა და 1981 წლის მიწურულს თბილისში ჩამოვიდა. არსებითად ასეთ ფუფუნებას - მაყურებელთან შეხვედრას და თავის შემოქმედებაზე საუბარს - იგი მოკლებული იყო. ახალგაზრდა კინოკლუბელები რეჟისორს ჰონორარსაც დაჰპირდნენ - ”რაღაცით გვინდოდა დავხმარებოდით ამ ბუმბერაზ ადამიანს,” ამბობს ლადო ტოგონიძე:

[ლადო ტოგონიძის ხმა] ”არ ჰქონდა კაპიკი ფული. ამხელა რეჟისორს. თვალები მიცრემლდება ხოლმე, როცა მაგონდება. არ ჰქონდა იმის ფული, რომ წამოსულიყო ოჯახთან ერთად. 76 მანეთი გავუგზავნეთ. აიღეს მატარებლის ბილეთი და ჩამოვიდნენ.”

თბილისში ტარკოვსკიმ 5 შეხვედრა გამართა თავისი ხელოვნების თაყვანისმცემლებთან - ოფიცერთა სახლში, პროფკავშირების სასახლეში და ძერჟინსკის კლუბში. ლადო ტოგონიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, კულტურის ჩინოვნიკები გაოცებას ვერ მალავდნენ - როგორ მოახერხა ყველასთვის უცნობმა ორმა კინოკლუბელმა დიდი რეჟისორის ჩამოყვანა თბილისში და ხალხით სავსე დარბაზებში შეხვედრების გამართვა.

[ლადო ტოგონიძის ხმა] ”ვინ არიან ეს მასხარები, რომ დაპატიჟესო... არავითარ ნომენკლატურასთან კავშირი არ გვქონია. მოვინდომეთ და დავპატიჟეთ.”

ანდრეი ტარკოვსკიმ 2 კვირა დაყო თბილისში ოჯახთან ერთად. რეჟისორი ამბობდა, რომ დიდი ხანია არ შეხვედრია ასეთ თავისუფალ აუდიტორიას, რომ მისთვის ასეთი საინტერესო კითხვები პროფესიონალ კინოკრიტიკოსებსაც არ დაუსვამთ. ლადო ტოგონიძის თქმით, პირველი, რაც ადამიანს ტარკოვსკისთან ურთიერთობისას თვალში მოხვდებოდა, დიდი რეჟისორის უბრალოება და უშუალობა იყო:

[ლადო ტოგონიძის ხმა] ”რომ გამოვედით, მანქანაში ბავშვს სთხოვდა, დაათვალიერე, ეს ძალიან საინტერესო ქალაქიაო. ფილარმონიასთან რომ ჩამოვიარეთ, უთხრა, ნახე, რა ლამაზი სახლებიაო.”

იგი ბედნიერი გაემგზავრა თბილისიდან 1982 წლის 8 იანვარს - შთაბეჭდილებებით და შემოქმედებითი ენერგიით სავსე. მოსკოვში მას ახალი ფილმის გადაღების უფლებას აღარ მისცემენ და ტარკოვსკი იტალიაში წავა ”ნოსტალგიის” გადასაღებად. ასე დაებედა დიდ რეჟისორს ახალი წლის შეხვედრა საქართველოში. სამშობლოში ტარკოვსკი აღარ დაბრუნდება.



  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG