Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერებმა ემბრიონული ღეროვანი უჯრედების ”ალტერნატივას” მიაგნეს


ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ღეროვანი უჯრედების კვლევაში მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს - შეძლეს ამ უჯრედების ისეთი წყაროს პოვნა, რომელიც საშუალებას იძლევა უარი ვთქვათ ემბრიონების გამოყენებაზე.

მეცნიერების თქმით, მათ ღეროვანი უჯრედები მოიპოვეს ამნიონის გარსიდან, რომელიც ემბრიონს ერტყმის გარს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ დადგება დრო, როდესაც ამ უჯრედების გამოყენებით არაერთი დაავადების მკურნალობა გახდება შესაძლებელი.

ემბრიონული ღეროვანი უჯრედებიდან შესაძლებელია ორგანიზმში არსებული ნებისმიერი უჯრედის თუ ქსოვილის მიღება. სწორედ ეს გახლავთ ის თვისება, რომელიც ამ უჯრედებს მედიცინის განვითარების პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ამ უჯრედების გამოყენებით არაერთი დაავადების მკურნალობა გახდება შესაძლებელი - იქნება ეს ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებები თუ დიაბეტი.

მაგრამ ამ ეტაპამდე ამ სფეროში წარმოებული კვლევები ერთ მნიშვნელოვან პრობლემას აწყდებოდა - უჯრედების მოსაპოვებლად ადამიანის ემბრიონი ნადგურდებოდა.

ამას კი ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს - მათ შორის არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში.

ჰარვარდისა და უეიკ ფორესტის უნივერსიტეტების მკვლევართა მიერ შვიდი წლის განმავლობაში წარმოებულ კვლევას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სწორედ ეს ფაქტორი ანიჭებს. მეცნიერებმა შეძლეს ღეროვანი უჯრედების ისეთი წყაროს პოვნა, რომელიც ემბრიონების გამოყენებას აღარ საჭიროებს. კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი დოქტორი ენტონი ატალა კვლევის შედეგებს მოკლედ ასე აყალიბებს:

[ატალას ხმა] ”ეს არც ადამიანის ემბრიონის ღეროვანი უჯრედებია და არც მოზრდილთა უჯრედები. თუმცა მათ ორივე ჯგუფის მახასიათებლები აქვთ. ამდენად, ეს ღეროვანი უჯრედების ახალი ჯგუფია.”

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია იციან, რომ ამნიონის გარსი, რომელშიც ემბრიონი იმყოფება, მრავალფეროვან, მაგრამ ჩამოუყალიბებელ უჯრედებს შეიცავს. თუმცა ამ ეტაპამდე ცნობილი არ იყო, არსებობდა თუ არა ამ უჯრედებში ნამდვილი ღეროვანი უჯრედი.

ენტონი ატალას ხელმძღვანელობით მოქმედმა სამეცნიერო ჯგუფმა ორსული ქალების ამნიონის სითხე გამოიკვლია. შეაჯერეს და დაადგინეს, რომ გარსში არსებული უჯრედების მცირე ნაწილი მართლაც ღეროვანი იყო.

ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, მეცნიერები ამ უჯრედებს ამუშავებდნენ მათგან კუნთოვანი ქსოვილის, ძვლის, ცხიმის, სისხლძარღვების, ნერვებისა და ღვიძლის უჯრედების მისაღებად.

თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ამგვარად მიღებულმა ქსოვილმა დაზიანებულ ტვინში გარკვეული ფუნქციებიც კი აღადგინა.

ენტონი ატალა ფიქრობს, რომ ამ უჯრედებით მომავალში, შესაძლებელია, დაზიანებული ქსოვილები თუ ორგანოები ადამიანებშიც აღდგეს:

[ატალას ხმა] ”იმედი მაქვს, უჯრედების სხვადასხვა სახეობის გამოყენება ქსოვილის შექმნის მიზნით პაციენტებს წაადგება.”

მკვლევრები აცხადებენ, რომ მათი აღმოჩენით უკვე არსებული პოტენციური შესაძლებლობები კიდევ უფრო მყარდება. გამორიცხული არ არის, მომავალში ბავშვის მომლოდინე მშობლებმა ამნიონის უჯრედების გაყინვა შეძლონ - იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი დაავადდა, ამით მისთვის დაზიანებული ქსოვილის გამოცვლა იქნება შესაძლებელი.

თუმცა მეცნიერთა ჯგუფი აცხადებს, რომ კვლევა ჯერჯერობით ძალიან ადრეულ ეტაპზეა და კიდევ წლებია დარჩენილი, სანამ ადამიანებზე თუნდაც პირველი ცდები ჩატარდება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG