Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება ნავთობის ტრანზიტის გარშემო რუსეთ-ბელორუსიის დაპირისპირება


ორშაბათს მთელი ევროპა

- და არა მარტო ევროპა - აალაპარაკა რუსეთიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ნავთობის ექსპორტის შეწყვეტამ, რის მიზეზადაც რუსეთსა და ბელორუსიას შორის უთანხმოება სახელდება.

რატომ, ან ვისი ქმედების შედეგად შეწყდა რუსული ნავთობის ექსპორტი ევროპაში? ორშაბათსვე, უწინარეს ყოვლისა ეს შეკითხვები წამოიჭრა. [ტარადელას ესპუნის ხმა] “ვის ეკისრება პასუხსიმგებლობა? - ინფორმაცია, რომელიც ამის შესახებ ახლა გვაქვს, საკმარისად ნათელი არ არის”.

ეს განცხადება დღეს ბრიუსელში გააკეთა ევროკომისიის პრეს-მდივანმა, ფერან ტარადელას ესპუნიმ, რომელმაც იქვე მოუწოდა რუსეთს (რომლის ნავთობზეც არის ლაპარაკი) და ბელორუსიას (რომლის ტერიტორიაზეც გადის ნავთობსადენი “დრუჟბა”), მალე მოაგვარონ ერთმანეთში უთანხმოება: [ტარადელას ესპუნის ხმა] “ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუღებელია, როცა ენერგიის მომწოდებელი ტრანზიტული ქვეყნები პარტნიორებს არ ატყობინებენ გადაწყვეტილებების თაობაზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ექსპორტზე. ევროკომისარმა ენერგიის საკითხებში ანდრის პიბალგსმა ორივე მხარეს მოუწოდა, რომ სწრაფად გამონახონ ორივე მხარისთვის მისაღები გზა და დაუყოვნებლივ აღადგინონ ევროკავშირის ქვეყნებისთვის ნავთობის მიწოდება”.

ამასობაში, ბელორუსიის დელეგაციამ ვიცე-პრემიერ ანდრეი კაბიაკოვის ხელმძღვანელობით მართლაც მიაშურა მოსკოვს უთანხმოების გამომწვევ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. და ამასობაში ისიც გაირკვა, ვის ეკისრება ევროპისთვის ნავთობის მიწოდების შეწყვეტის პასუხისმგებლობა: რუსეთს, რომელმაც ორშაბათს ნავთობსადენ “დრუჟბას” მეშვეობით ექსპორტი შეაჩერა, იმ მიზეზით, რომ ბელორუსია თითქოსდა შეუდგა რუსეთის ევროკავშირელი კლიენტებისთვის განკუთვნილი ნავთობის მოპარვას. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოსკოვში უთხრა რუსეთის კომპანია “ტრანსნეფტის” დირექტორმა, სიმონ ვაინშტოკმა:

[ვაინშტოკის ხმა] “ბელორუსიის მხარემ გააუქმა შეთანხმებები, რომლებიც ეხებოდა მისი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების ნავთობის მომარაგებას იანვარში. რატომ? იმიტომ, რომ ვარაუდობდნენ, რომ ნავთობსადენიდან უკანონოდ აიღებდნენ ნავთობს”.

ბელორუსიის ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ ამ ბრალდებას და აცხადებენ, რომ რუსული ნავთობის გადაქაჩვა მათ შეაჩერეს იმის გამო, რომ რუსულ მხარეს სჯიან ახალი სატრანზიტო გადასახადის გადაუხდელობისთვის. აი, რას ამბობს ბელორუსიის კომპანია “ბელნაფტახიმის” თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ვოლკოვი: [ვოლკოვის ხმა] “გარწმუნებთ, რომ კომპანია - როგორც ტექნოლოგიური, ისე ტექნიკური და ორგანიზაციული თვალსაზრისით - მზად არის, დაუყოვნებლივ განაახლოს ნავთობის გადაქაჩვა, როგორც კი ამას რუსეთის მხარე განაახლებს. იმ საქაჩის ღილაკი, რომელმაც ნავთობი უნდა გამოუშვას, ამჟამად ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოს, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს”.

მაგრამ საქმეც ისაა, რომ რუსეთი უარს ამბობს ნავთობის ექსპორტის განახლებაზე, რადგან უკანონოდ მიიჩნევს ბელორუსიის მიერ დაწესებულ ახალ სატრანზიტო გადასახადს და ჯერ მის გაუქმებას მოითხოვს. შესაბამისად, რუსულმა მხარემ არ გამოთქვა მზადყოფნა მოსკოვში ჩასულ ბელორუსიის დელეგაციასთან ნავთობის ექსპორტის აღდგენაზე მოლაპარაკებისთვის. ასე რომ, დაპირისპირება გრძელდება და, იმავდროულად, იზრდება უკმაყოფილება ევროკავშირში, რომლის რამდენიმე ქვეყანასაც (პოლონეთს, გერმანიას, უნგრეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს) ნავთობის მიწოდება შეუჩერდა. უნდა ითქვას - ნავთობს აღარ აწვდიან არც უკრაინას.

მაგრამ ევროკავშირს დავუბრუნდეთ. მისი ამჟამინდელი მორიგე ქვეყნის, გერმანიის კაცნლერ ანგელა მერკელის განცხადება ნავთობის ექსპორტის შეწყვეტაზე: [ანგელა მერკელის ხმა] “ეს სპობს ნდობას და შედეგად, შეუძლებელია ნდობას დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება. ამიტომ აუცილებლად ვეტყვით ჩვენს პარტნიორებს რუსეთშიც და ბელორუსიაშიც, რომ, სულ ცოტა, კონსულტაციები მაინც უნდა გაიმართოს, როცა საქმე გარკვეულ სიძნელეებს ეხება და ვფიქრობ, ეს ნორმად უნდა იქცეს”.

არა მარტო ევროკავშირი - ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც გამოდის მოწოდებით, მოგვარდეს დაპირისპირება, რომელსაც ნავთობის ექსპორტის შეწყვეტა მოჰყვა. თუმცა ამავე უწყების მიერ გავცრელებული ინფორმაციით, ევროპას აქვს სტრატეგიული რეზერვები, რომელთა მეშვეობითაც გარკვეული პერიოდი გაუძლებს ნავთობის იმპორტის შეჩერებას. ამ პერიოდს ევროკავშირის ლიდერები დიპლომატიური ძალისხმევისთვის იყენებენ: ევროკომისარი ენერგიის საკითხებში ანდრის პიბალგსი ბერლინში გერმანიის კანცლერთან შეხვედრით, თვით კანცლერი კი 21 იანვარს მოსკოვს ეწვევა ენერგეტიკულ კრიზისზე პრეზიდენტ პუტინთან მოსალაპარაკებლად. როგორც იუწყებიან, ამ უკანასკნელმა დღეს მთავრობას დაავალა, იზრუნოს რუსეთის ნავთობკომპანიების მიერ პროდუქციის შემცირებაზე - ევროპაში ექსპორტის შეჩერებასთან დაკავშირებით. პუტინის განმარტებით, აუცილებელია ბელორუსიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების გაგრძელება, რათა დასასვლელი მომხმარებელი არ დაზარალდეს უთანხმოების შედეგებით. მაგრამ, ასევე პუტინის თქმით, აუცილებელია რუსეთის ეროვნული ეკონომიკური ინტერესების დაცვაც.
XS
SM
MD
LG