Accessibility links

logo-print

საქართველოში, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური პარტია შეიქმნას


საქართველოში, შესაძლოა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნას. გავრცელებული ცნობებით, ეს ინფორმაცია ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრმა გია თორთლაძემ გაამჟღავნა.





თორთლაძის განცხადებაზე დაყრდნობით, გავრცელდა იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების აქტიური წარმომადგენლების სახელები და გვარები, რომლებიც ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას გეგმავენ. ზოგიერთმა მათგანმა უარყო ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანების შესაძლებლობა, ზოგმა კი დაადასტურა. რა სიახლეა მოსალოდნელი პოლიტიკურ ასპარეზზე და რა პრეტენზიები აქვთ ადამიანებს, რომლებიც ახალი პოლიტიკური გაერთიანების ფორმირებას ცდილობენ?

ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრის გია თორთლაძის განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეპუტატები კახა კუკავა , კოკა გუნცაძე და გიორგი ცაგარეიშვილი; მათთან ერთად, პოეტი რატი ამაღლობელი, ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე ახალი პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნებას გეგმავენ. ახალი პოლიტიკური პარტიის თუ მოძრაობის ფორმირება რომ მართლაც იგეგმება, ამას ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პირები არ უარყოფენ, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ზოგიერთი მათგანი გამორიცხავს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას. მაგალითად, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ” ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე და პოეტი რატი ამაღლობელი:

[რატი ამაღლობელის ხმა] ”მე ჩემს თავს არ მოვიაზრებ ადამიანად, რომელიც გახდება რაიმე პოლიტიკური პარტიის ან მოძრაობის წევრი. ”

მასთან ერთად “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილმა თავმჯდომარემ ანა დოლიძემაც უარყო გავრცელებული ცნობა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში მისი შესაძლო გაწევრიანების შესახებ. ”აღნიშნულის შესახებ მე განცხადება არ გამიკეთებია და არც პოზიცია გამომიხატავს, ” - განმარტა ანა დოლიძემ ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, თუმცა ნათქვამს დასძინა, რომ, დემოკრატიის თვალსაზრისით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა მისასალმებელი იქნება.

”არ მიმიღია ისეთ საუბარში მონაწილეობა, სადაც რამდენიმე ადამიანის მონაწილეობით პოლიტიკური პარტიის შექმნის საკითხი წყდებოდა. ” - ეს უკვე “მრეწველთა” ფრაქციის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებაა. ცაგარეიშვილი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ სმენია ზეპარტიული მოძრაობის ჩამოყალიბების იდეის არსებობა, იდეისა, რომლის თანახმადაც, ახალ მოძრაობაში, სასურველი იქნება, მძლავრი ოპოზიციური გაერთიანების ფორმირების მიზნით, ყველა პარტიის წარმომადგენლები შეკავშირდნენ.
არსებითად სწორედ ამგვარ მიზანს გულისხმობს იდეა, რომელიც კონსტიტუციური რეფორმების ჯგუფიდან წამოვიდა. თავის დროზე სწორედ ამ ჯგუფში გაერთიანდნენ ადამიანები, რომელთაგანაც ზოგიერთს მოუხდა უარეყო გავრცელებული ცნობა ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებაში მათი შესაძლო გაწევრიანების შესახებ. ახალი გაერთიანების შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი კოკა გუნცაძე, თუმცა, მისი თქმით, გადაწყვეტილი არ არის, ახალი პარტია იქნება ეს თუ არსებული პლიტიკური ძალების კოალიცია. ”მთავარია, რომ რაღაც სერიოზული გაერთიანება, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, ახალი სახეებითა და ახალი ენერგიით წარდგეს საზოგადოების წინაშე და, საბოლოოდ, ხელისუფლების ჯანსაღ ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბდეს, რადგან ასეთია საზოგადოების დაკვეთა,” -ამბობს კოკა გუნცაძე.

[კოკა გუნცაძის ხმა] ”ეს იქნება ახალი პოლიტიკური გაერთიანება თუ არსებული ძალების კოალიცია, მიზანია ამ ხელისუფლების ალტერნატივის ჩამოყალიბება. ”

ასე რომ, ახალი მძლავრი გაერთიანება ჯერჯერობით იდეის დონეზეა. ამ იდეას მაინცდამაინც სერიოზული ცვლილებების მომასწავებლად არ აღიქვამენ არც ხელისუფლებასა და არც ოპოზიციაში. ჩვენს შეკითხვას, როგორ უყურებენ, კონსტიტუციური რეფორმების ჯგუფის ბაზაზე, ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირების იდეას, დავით ბერძენიშვილმა ასე უპასუხა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”ჯერჯერობით საქართველოში არის ხელისუფლება, მარცხენა ფლანგზე - ლეიბორისტული პარტია, მარჯვენა ფლანგზე - რესპუბლიკური პარტია და მისი პარტნიორი, კონსერვატიული პარტია. კიდევ არის 2 ოპოზიციური ფრაქცია. ასეთია პოლიტიკური სპექტრი. სხვა თუ ახალი იქმნება, შეიქმნას და მერე შეიძლება მსჯელობა. ”
XS
SM
MD
LG