Accessibility links

თბილისის ნაწილს ბუნებრივი აირისა და დენის მიწოდება შეუწყდა - ენერგოკრიზისი თუ ლოკალური ავარია?


9 იანვარს, გამთენიისას, დიდუბის მაღალი ძაბვის ქვესადგურში მომხდარი ავარიის შედეგად, დენის მიწოდება შეუწყდა დიღომს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს, საბურთალოს ნაწილს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიას.

ავარიულ კვებაზე გადაიყვანეს "თელასის" ცენტრალური ოფისი და ეგრეთ წოდებული „სასიცოცხლო ობიექტები“, მათ შორის, დიღომში მდებარე საავადმყოფო. პარალელურად, გლდანში მაღალი წნევის გაზსადენის დაზიანების გამო, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა სოფელი გლდანი და გლდანის რამდენიმე მიკრორაიონი. რასთან გვაქვს საქმე - ენერგოკრიზისის დასაწყისთან თუ ლოკალური ავარიების თანხვედრასთან?

დიდუბის ქვესადგურში ხანძარი გამთენიისას, ოთხ საათზე, გაჩნდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მთავარი დისპეტჩერი უჩა უჩანეიშვილი ამტკიცებს, რომ ქვესადგურში ამომრთველების დაზიანება გარე ფაქტორმა გამოიწვია:

[უჩა უჩანეიშვილის ხმა] „თელასს დაუზიანდა ორი 110 კილოვოლტიანი ხაზი, რასაც მოჰყვა ჩვენთან ამომრთველის დაზიანება. ამჟამად ჩვენთან მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დაახლოებით 4-5 საათში იქნება ქვესადგურში ყველა ის ობიექტი ჩართული, რომელიც ამჟამად გამორთულია.“

თუმცა, დაპირების მიუხედავად, დედაქალაქის რამდენიმე რაიონი დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო თბილისელებმა სარდაფებიდან წლების წინ შენახული ელექტროგენერატორები ამოიტანეს და აამუშავეს.

[ისმის გენერატორის ხმა]

ელექტროენერგიის გათიშვამ დისკომფორტი შეუქმნა იმ მინი-საქვაბეებსაც, რომლებიც ცალკეულ კორპუსებს ცხელი წყლითა და სითბოთი ამარაგებენ. ბატონი შალვა რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ასეთ საქვაბეს ემსახურება.

[ბატონ შალვას ხმა] „იმის გამო, რომ დენი გამოირთო, გაგვეთიშა საქვაბეში დამონტაჟებული ავტომატიკა, რომელსაც დენის გარეშე ვერაფრით ჩავრთავ. გაზი გვაქვს, მაგრამ დენის გამო, ვერ ვაწვდით ცხელ წყალს.“

თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვალერი ფანცულაია კი ირწმუნება, რომ „თელასი“ მზადაა აბონენტებს დენი მიაწოდოს, თუკი „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ დიდუბის ქვესადგურს აღ
ადგენს. ვალერი ფანცულაიას კომენტარი:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] „სახელმწიფო ელექტროსისტემაში გვეუბნებიან, რომ რამდენიმე საათში აღადგენენ ქვესადგურს, მაგრამ ეს „რამდენიმე საათი“ რამდენჯერმე გავიდა. ჩვენი ინფორმაციით, იქ არის ძალიან სერიოზული ავარია, რომლის აღმოფხვრასაც ძალიან დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ, ალბათ, დროებითი სქემით აღადგენენ ჩვენთვის ელექტროენერგიის მოწოდებას. დენის გარეშეა დარჩენილი მთელი რიგი სასიცოცხლო ობიექტებისა: საავადმყოფოები, წყალსაქაჩი სადგურები. მოკლედ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვიწევს მუშაობა.“

ფორსმაჟორულ სიტუაციაში უწევს ასევე მუშაობა თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანია „ყაზტრანსგაზთბილისს“, რომლის მთავარი ინჟინერი თენგიზ არშილავა ამბობს, რომ, გლდანის სადგურში აღმოჩენილი დაზიანების გამო, დედაქალაქის ნაწილს აირის მიწოდება ორი დღით შეუწყდა:

[თენგიზ არშილავას ხმა] „სერიოზული ავარიაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორ დღეში დავამთავრებთ აღდგენას და მერე უკვე დავიწყებთ მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებას. მივმართავთ თბილისელებს, რომ ხელი შეგვიწყონ ჩართვის მომენტში, დაკეტონ ყველა მოწყობილობა, რომ დროულად მოხდეს ჩართვა.“

დედაქალაქის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება რომ უახლოეს საათებში აღდგება, ამაში ეჭვი არ ეპარება სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს არჩილ მამაცელაშვილს, რომლის თქმითაც, თბილისში შექმნილი ვითარება ლოკალური ავარიების თანხვედრის შედეგია და არა ენერგოკრიზისისა:

[არჩილ მამაცელაშვილის ხმა] „ელექტროენერგიის რეზერვი გვაქვს საკმაოდ კარგი. არანაირი კრიზისი არ არის და, მათ შორის, არც გაზსა და არც დენზე. უკმარისობის გამო დენი და გაზი არსად არ არის გათიშული. ყველგან 24 საათიანი რეჟიმით ხდება მიწოდება. მუშაობს „მტკვარი-ენერგეტიკა“, თბილსრესის მესამე და მეოთხე ბლოკები, გაზოტურბინა, „ენგურჰესში“ საკმაოდ კარგი მარაგია წყლის... იმპორტი არ გვაქვს, საკუთარი რესურსებით ვამარაგებთ ქვეყანას.“(სტილი დაცულია).
XS
SM
MD
LG