Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუში ერაყში შეერთებული შტატების ახალ სტრატეგიას გამოაცხადებს


რამდენიმე საათში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყთან დაკავშირებით თავისი ახალი სტრატეგია უნდა გამოაცხადოს.

ოპოზიციური დემოკრატიული პარტია, რომელიც უკანასკნელ არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებს, აფრთხილებს პრეზიდეტს, რომ მხარს არ დაუჭერს ერაყში ომის ესკალაციას.
რას ფიქრობს ამერიკის მოსახლეობა და რამდენად იზიარებს ის პრეზიდენტის პოლიტიკას?

ჩვენმა ვაშინგტონელმა კორესპონდენტმა ჰეზერ მეიერმა ვაშინგტონიდან 20 კილომეტრზე მდებარე პატარა ქალაქ გეითერსბურგს მიაშურა ერაყში შეერთებული შტატების პოლიტიკისადმი დამოკიდებულების გასარკვევად.

ამ ქალაქში მრავალ სამეცნიერო დაწესებულებასა და კომპიუტერულ და სეტელეკომუნიკაციო კომპანიას უდევს ბინა. აქვეა მერილენდის ეროვნული გვარდიის რეკრუტირებისა და წვრთნის ცენტრი. ანუ ამ რეგიონში ცხოვრობს სამხედროთა მრავალი ოჯახი, რომელთა ნათესავები ერაყში იმყოფებიან.

როგორც მოელიან, თავის გამოსვლაში ბუში გამოაცხადებს, რომ ერაყში შეერთებული შტატების ჯარების 20 ათასი კაცით გაზრდას აპირებს. დღეისთვის იქ უკვე მსახურობს 132 ათასი ჯარისკაცი.

პასუხები, რომლებიც ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვისას მივიღეთ, ძირითადად სამი ტიპისაა. ერთნი ეწინააღმდეგებიან დამატებითი ჯარების გაგზავნას. მეორენი ფიქრობენ, რომ ჯარების გაზრდა არავითარ შედეგს არ გამოიღებს. მესამეთა აზრით კი, მხარს დაუჭერენ ჯარების გაზრდას, თუკი ეს ხელს შეუწყობს იქ სამხედრო კამპანიის დასრულებას და ამერიკელ სამხედროთა შინ დაბრუნებას.

ჯოზეფი პენსიონერია. როგორც მან გვითხრა, არჩევნებში მან ბუშს მისცა ხმა, მაგრამ ახლა ძალიან ნანობს:

[ჯოზეფის ხმა] "ერაყზე გალაშქრების მომხრე არასოდეს ვყოფილვარ. არვითარი საფუძველი არ გვქონია მის წინააღმდეგ იერიშისთვის. ეს იყო ყველაზე დიდი სისულელე, რის გაკეთებაც კი შეიძლებოდა. მე ვფიქრობ, რაც უფრო სწრაფად გამოვიყვანთ ჯარებს, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის."

ბიზნესმენი ჯორჯი ფიქრობს, რომ დამატებითი ჯარების გაგზავნა ვითარებას არ გამოასწორებს.

[ჯორჯის ხმა] "არა მგონია, ამან რამე შეცვალოს. ასე მგონია, ვითარება ჩამოჰგავს ვიეტნამს, სადაც გავზარდეთ ჯარების რაოდენობა და ამით უბრალოდ იმატა მსხვერპლმა. ამიტომ მგონია, ვეღარაფერს შევცლით, ომი წაგებულია. ომი მაშინ წავაგეთ, როცა არ აღმოგვაჩნდა გამოსვლის სტრატეგია. სწორი იყო უფროსი ბუშის სტრატეგია სპარსეთის ყურეში ომის თაობაზე: ნაწილობრივ შედი და სწრაფად გამოდი."

არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ ერაყში დამატებითი ჯარების გაგზავნას. მათ შორისაა გრეგი, რომელიც 2003 წელსვე უჭერდა მხარს ერაყში ჯარების გაგზავნას და ახლაც ფიქრობს, რომ ეს კარგი იქნება, თუკი ბუში ფიქრობს, რომ ამ გზით შეძლებს ომის დასრულებას.

[გრეგის ხმა] "ნებისმიერი გზით უნდა ეცადონ, ჩვენები მშვიდობიანად დააბრუნონ შინ. თუკი მეტი ჯარის გაგზავნაა საამისოდ საჭირო, უნდა გავგზავნოთ. თუკი ესაა საშველი, ასე ყოფილა საჭირო."

ფელიშა მიიჩნევს, ერაყში ჯარების გაგზავნაზე უკეთესი იქნებოდა, ბუშს უფრო მეტი ეკონომიკური დახმარება აღმოეჩინა ერაყისთვის.

[ფელიშას ხმა] "თუკი ეს შედეგს გამოიღებს, მხარს დავუჭერ. მაგრამ არ ვიცი, გამოიღებს თუ არა შედეგს. დარწმუნებული ვარ, იქ მანამდე უნდა დავრჩეთ, სანამ ვითარებას დავამშვიდებდეთ, ვინაიდან ჩვენ ავურიეთ იქ საქმე. მაგრამ არა მგონია, დიდი აზრი ჰქონდეს იქ სასიკვდილოდ მეტი ხალხის გაგზავნას."

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვები ნათელყოფს, რომ ბუშის ინიციატვის თაობაზე ამერიკელთა აზრი ორადაა გაყოფილი.

იანვრის პირველი სამი დღის მანძილზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 45 პროცენტი მეტი ჯარების გაგზავნას ემხრობა და 48 ეწინააღმდეგება.

55 პროცენტის აზრით, ჯარების გაგზავნა ბაღდადში ძალადობის შესუსტებას ხელს ვერ შეუწყობს. 35 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს მოხერხდება.

52 პროცენტი მიიჩნევს, რომ ერაყი ვერ იქცევა სტაბილურ დემოკრატიად, სულ ერთია, შეერთებული შტატების დახმარების თუ მის გარეშე. 17 პროცენტი ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები ომში წარმატებას მოიპოვებს.

რაც შეეხება თავად ბუშს, 23 პროცენტი მხარს უჭერს ერაყში მის მიერ წარმოებულ პოლიტიკას, 72 კი უკმაყოფილოა.
XS
SM
MD
LG