Accessibility links

logo-print

როდის მიიღებს საქართველო აზერბაიჯანის ბუნებრივ აირს


საქართველოს მთავრობამ 2006 წლის მიწურულს ამაყად გამოაცხადა, ახალი წლის პირველი რიცხვებიდან საქართველო აზერბაიჯანული ბუნებრივი აირით მომარაგდებაო.

საქართველოსთვის ყოველდღიურად 1 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოწოდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრისას გადაწყდა. მოგვიანებით ითქვა, რომ აზერბაიჯანიდან საქართველო ყოველდღიურად, 1 მილიონის ნაცვლად, 3 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებდა, თუმცა პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში აზერბაიჯანიდან ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირიც არ შემოსულა. რა არის ამის მიზეზი?

მას შემდეგ, რაც ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტიდან შაჰდენიზის გაზის მიღება ტექნიკური მიზეზების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო, საქართველოს მთავრობამ გაზის დეფიციტის შესავსებად უშუალოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიაკითხა. აზერბაიჯანი, რომელიც თავად განიცდის ბუნებრივი აირის დეფიციტს, თავის სტრატეგიულ მოკავშირეს დახმარებას მაინც დაჰპირდა. იმის კომენტირება, თუ რა რესურსების ხარჯზე მოხდება საქართველოსთვის ყოველდღიურად 1 მილიონი კუბმეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება, აზერბაიჯანელ ექსპერტებსაც კი უჭირთ. აზერბაიჯანის პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორი საბიტ ბაგიროვი:

[საბიტ ბაგიროვის ხმა] ”გულახდილად რომ გითხრათ, მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შაჰდენიზის გაზი იყოს, მაგრამ ის მალე იქნება. შესაძლებელია, სხვა საბადოების გაზია, მაგრამ ეს ნამდვილად აზერბაიჯანული გაზია.”

ამ ნამდვილად აზერბაიჯანულ გაზს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება 120 აშშ დოლარად შეიძენს, თავდაპირველად 1 იანვრისთვის ელოდნენ. მაშინ ტექნიკური მიზეზების გამო მოწოდება 10 იანვრამდე გადაიდო, თუმცა, სხვადასხვა წყაროების ცნობით, აზერბაიჯანული გაზი საქართველოს საზღვრებს მხოლოდ 11 იანვრის საღამოს ან 12 იანვარს გადმოკვეთს.

[გაზის ხმა]
[ნიკა გილაურის ხმა]: ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ქვეყანას, საქართველოს, სამი ქვეყნიდან აქვს დივერსიფიცირებული გაზის მომარაგება.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ერთი წლის წინ ასე აღნიშნავდა იმ გაზსადენის მწყობრში შესვლას, რომლითაც ახლა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის განხორციელება ვერ ხერხდება. საქართველოს ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანი მალე საქართველოსთვის გაზის ძირითად მომწოდებლად იქცევა. ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტის გია ხუხაშვილის კომენტარი:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”აზერბაიჯანიდან შემოვა, დაახლოებით, მილიონი კუბმეტრი...”

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრეს ნიუსისათვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ისაკ ნავრუზოვი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანიდან გაზის მიღება მილსადენის ონკანის დაზიანების გამო შეფერხდა და ის უახლოეს დღეებში აღდგება. მთავრობას იმედი აქვს, რომ იაფფასიანი აზერბაიჯანული გაზით ძვირად ღირებული რუსული გაზის დაბალანსებას მოახდენს. სხვაგვარად ფიქრობენ ექსპერტები, რადგან რუსული ბუნებრივი აირის წილი თითქმის 7-ჯერ აღემატება აზერბაიჯანიდან მისაღები გაზის მოცულობას.

ამჟამად საქართველოში ყოველდღიურად რუსეთიდან, დაახლოებით, 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი შემოედინება. აქედან თბილისი 2 მილიონს მოიხმარს, დანარჩენი კი ელექტროენერგიის გენერაციას ხმარდება.
XS
SM
MD
LG