Accessibility links

logo-print

ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთშია საიდუმლო ადგილას დაკრძალული


ახლახან გავრცელდა ცნობა,

თითქოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტი საქართველოში გადაესვენებინოთ.
ზვიად გამსახურდია, მიუხედავად იმისა, რომ ის საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში საქართველოში გარდაიცვალა, ჩეჩნეთშია დაკრძალული, რადგან ჩეჩნეთის სტუმარი იყო იმ დროს. ჩეჩნებმა სტუმარმასპინძლობის წესი იციან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ბევრი ჩეჩნისთვის იყო არა, უბრალოდ, სტუმარი, არამედ კავკასიის ხალხის წარმომადგენელი, რომელიც კავკასიაში რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ იბრძოდა ყოველთვის როგორც დისიდენტი და, შემდგომ, როგორც პოლიტიკოსი. ჩეჩნეთში კი ამასაც აფასებენ - განსაკუთრებით აფასებდა ხელისუფლება იმ დროისა, როცა გამსახურდია იქ ცხოვრობდა და როცა იქ მისი ნეშტი ჩაასვენეს და დაკრძალეს. დაკრძალვის თაობაზე მოგვიანებით მეტს გეტყვით, ჯერ კი - გადასვენების ცნობაზე.
ეს ცნობა ოჯახის წევრებმა უარყვეს, უარყო მისმა ქვრივმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და ჩვენთან საუბარში - მისმა ვაჟმაც, პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების” თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელმაც გვითხრა, რომ ზვიად გამსახურდიას ირგვლივ წინა ხელისუფლებამ დაიწყო გაუგებრობისა და დეზინფორმაციის გარემოს შექმნა, რაც დღესაც გრძელდება:

(გამსახურდიას ხმა) “ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან არსებოდა საკმაოდ მძლავრი ტენდენცია და ეს მოდიოდა მაშინდელი სახელმწიფო ინტერესებიდან, კერძოდ, რომ შეექმნათ გაუგებრობა და დეზინფორმაციული გარემო ზვიად გამსახურდიას უკანასკნელ წელთან დაკავშირებით, მისი სიკვდილის გარემოებასა და ასევე მისი დასაფლავების ადგილთან დაკავშირებით. ეს გასაგებია, ეს იყო შევარდნაძის და მისი (ზვიად გამსახურდიას) დაუძინებელი მტრების ვიტალური ინტერესი და ეს, როგორც ჩანს, დღევანდელმა ხელისუფლებამაც გადაიბარა, რამდენადაც დღევანდელი ხელისუფლება არის არა მხოლოდ მემკვიდრე, არამედ თანამონაწილე ყველა იმ ცოდვებისა და ყველა იმ, ასე ვთქვათ, დამანგრეველი კრიმინალური, დანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელსაც ახორციელებდა შევარდნაძის ხელისუფლება - დე ფაქტო ხელისუფლება.”(სტილი დაცულია)

კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება ზვიად გამსახურდიას შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მისი ნაამბობით, ის ჩეჩნეთის შესაბამის უწყებებს დაუკავშირდა, რათა მათგან მიეღო ცნობა, თქვა თუ არა რამზან კადიროვმა, რომ ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთიდან საქართველოში გადაასვენეს:

(გამსახურდიას ხმა) “მე დღეს დავუკავშირდი ჩეჩნეთის სახელმწიფო უწყებას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს და ვესაუბრე მის ხელმძღვანელს იბრაჰიმ ზუბაირაევს. ასევე მქონდა კონტაქტი რამზან კადიროვის სამდივნოსთან. მსგავსი განცხადება რამზან კადიროვისა მათ არ დაადასტურეს.”

აქვე მინდა მოგასმენინოთ ამავე საკითხთან დაკავშირებით ჩეჩნეთის (იჩქერიის) რესპუბლიკის ემიგრაციაში მცხოვრები საგარეო საქმეთა მინისტრის, ახმედ ზაკაევის, განმარტება, რომელიც მან რადიო “თავისუფლების” ჩრდილოკავკასიური სამსახურის ჩეჩნურ განყოფილებას მისცა:

(ზაკაევის ხმა) “ზუსტად ვიცი საფლავის ადგილსამყოფელი. მაგრამ, გასაგები მიზეზით, არ ვიტყვი, სადაა. იმიტომ რომ მისი დაკრძალვის შემდეგ ეს საკითხი პოლიტიკური გახდა. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩეჩნეთშია დაკრძალული. როცა საქართველოსა და ჩეჩნეთში იქნება სტაბილური ხელისუფლებები, ისინი გაარკვევენ, რა მოიმოქმედონ ამ მხრივ.”

სანამ კვლავ ჩვენს რესპონდენტებს მოვუსმენდეთ, ათზე მეტი წლის წინ მინდა დაგაბრუნოთ. იმ დღეს, 23 თებერვალს, 1994 წელს, ჩეჩნეთის დედაქალაქში, გროზნოში, ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა მოეწყო. ეს დღე ჩეჩენთა სამშობლოდან გადასახლების დღეა. ამ ტრაგიკული მოვლენის აღნიშვნა სამხედრო აღლუმით ხდებოდა გროზნოში, სადაც იმავე დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი უნდა დაეკრძალათ. არსებობს ამ აღლუმის ვიდეოჩანაწერი. აღლუმს მეთაურობდა ჯოხარ დუდაევი, რომელიც იქ თავმოყრილი ჯარისკაცების მისალმებისა და ჩეჩნეთის ჰიმნის შემდეგ, ბრძანებას აძლევს აღლუმს დახარონ დროშები, დუდაევის სიტყვებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და კავკასიის ღირსეული წარმომადგენლის პატივსაცემად:

(დუდაევის ხმა)

ზვიად გამსახურდია გროზნოში სტუმართა რეზიდენციის ეზოში დაკრძალეს. ის ადგილი ჩეჩნეთის მეორე ომის დროს განადგურდა. მაგრამ, სხვადასხვა ინფორმაციით, მანამდე გამსახურდიას ნეშტი საიდუმლო ადგილას გადაასვენეს და გამოთქვამენ ხოლმე ვარაუდს, რომ გადაასვენეს არაერთხელ. თუმცა ეს საიდუმლოა.

შეუძლია თუ არა ვინმეს, საქართველოს მხრიდან, ყურადღება მიაქციოს ზვიად გამსახურდიას კვლავ გადასვენებას, მაშინ როცა ეს ადგილი სახელმწიფო საიდუმლოა?
კონსტანტინე გამსახურდია მბობს, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მას, ჩეჩნური ემიგრაციის წყაროზე დაყრდნობით, მიაწოდეს შემდეგი ინფორმაცია:

(გამსახურდიას ხმა) “ზვიად გამსახურდია ჯერ კიდევ ჩეჩნეთის პირველი ომის მიმდინარეობისას, როცა ცოცხალი იყო პრეზიდენტი დუდაევი, იქნა გადასვენებული სულ სხვა ადგილას. და ეს ადგილი თითქოს იცოდა დუდაევმა და მასთან დაახლოებულმა პირებმა - სულ რამდენიმე კაცმა. და ეს იყო სახელმწიფო საიდუმლოება.”(სტილი დაცულია)

აქვე მოუსმინეთ ჩეჩნეთის (იჩქერიის) რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უსმან ფერზაულის, რომელიც ჯოხარ დუდაევთან დაახლოებული პირი იყო. მას ჩვენი კოლეგები ჩეჩნური სამსახურიდან ტელეფონით დაუკავშირდნენ.

(ფერზაულის ხმა) “იმის გათვალისწინებით, რომ გამსახურდია სტუმარი იყო, ის დაკრძალეს გროზნოში, სტუმართა რეზიდენციის ეზოში. ამ რეზიდენციაში ცხოვრობდა ის თავის ოჯახთან ერთად. ოჯახი იქ იყო ჩეჩნეთის მეორე ომამდე. ამ ომის დაწყების შემდეგ, მისი ცხედარი რომ ხელში არ ჩავარდნოდათ მის მოწინააღმდეგეებს, შევარდნაძის ხალხს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობდა, გამსახურდიას ყოფილმა მომხრეებმა ის გადაასვენეს ჩეჩნეთისვე ტერიტორიაზე. ცოცხალი თუ მკვდარი, სტუმარი ბოლომდე რჩება მასთან, ვინც მიიღო.”

ერთია სტუმარმასპინძლობის ადათი, მეორეა რეალური პოლიტიკური ვითარება. ამ ვითარებიდან გამომდინარე, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჩეჩნეთის ახლანდელ დე ფაქტო ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრ კადიროვს გულზე არ უნდა ეხატებოდეს ჩეჩნეთში ზვიად გამსახურდიას - ისევე როგორც ჯოხარ დუდაევის- საფლავის არსებობა. როგორც ყოველკვირეული “ ჯორჯია ტუდეი” იუწყება, კავკასიის საკითხთა ექსპერტის მამუკა არეშიძის აზრით, ეს საფლავები უარყოფითი სიმბოლოებია.
ამ სიმბოლოთაგან ერთ-ერთს, ზვიად გამსახურდიას, მის დაკრძალვას ჩეჩნეთში უმღერა ჩეჩენმა ბარდმა იმამ ალიმსულტანოვმა, რომელიც მოგვიანებით ოდესაში მოკლეს.
სხვათა შორის, ამ სიმღერის ბოლოს ალიმსულტანოვი ერთგულ მეგობრობას უმღერის, რომლის მოწმე კავკასიონია: მისმა მთებმა კი არ გაგვყვეს არამედ შეგვაერთეს, ზვიად, მონანიების ჟამს შენს ნეშტს თბილისში გადაიტანენ, მანამდე კი, დაე იყოს მსუბუქი შენთვის ჩეჩნეთის მიწაო. (სიმღერის ხმა)
XS
SM
MD
LG