Accessibility links

logo-print

როგორ უყურებენ საქართველოში ერაყთან დაკავშირებულ ახალ სტრატეგიას


პრეზიდენტ ბუშის მიერ გახმოვანებულმა ერაყის ახალმა სტრატეგიამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოშიც,

სახელმწიფოში, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ე.წ. ”ამერიკული კოალიციის” წევრთა შორის და ერაყში გაგზავნილი სამხედრო კონტინგენტი თანდათან გააფართოვა კიდეც. როგორი განაცხადი გააკეთა ამით თავის დროზე საქართველომ და რამდენად სასარგებლო იყო ასეთი ნაბიჯი პატარა ქვეყნისთვის? ემხრობიან თუ არა ექსპერტები პრეზიდენტ ბუშის ახალ სტრატეგიას და როგორ უნდა მოიქცეს საქართველო, თუკი ამერიკა ერაყში შეყვანილ სამხედროთა რიცხვს 20 ათასით გაზრდის და მშვიდობისმყოფელთა კონტინგენტის გაზრდა საქართველოსაც მოუწევს?

მას შემდეგ, რაც საქართველო ”ამერიკულ კოალიციაში” გაწევრიანდა, ერაყში გაგზავნილ სამხედროთა რიცხვი 75-დან თანდათან 850-მდე გაზარდა. სახელმწიფოს მიერ (ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს) გადადგმულ ასეთ ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეები, ძირითადად, გაგებით შეხვდნენ და, ოდნავ მოგვიანებით, უკვე ვარდებით მოსული ხელისუფლების სტუმარს, პრეზიდენტ ბუშს, რომელიც ერაყის ომის ავტორად მიიჩნევა, დიდი ოვაციებითაც შეხვდნენ. პოლიტოლოგი შალვა ფიჩხაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”საქართველო ნატოში”, დარწმუნებულია, რომ, ერაყის ”ამერიკულ კოალიციაში” გაერთიანებით, საქართველომ მნიშვნელოვანი და მეტად წინდახედული განაცხადი გააკეთა:

(შალვა ფიჩხაძის ხმა) ”დაუმტკიცა ამერიკას, რომ არა მხოლოდ ამერიკაა ჩვენი მოკავშირე, არამედ ჩვენც ვართ ამერიკის მოკავშირე... და ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ძალიან მოკრძალებული, მაგრამ მაინც - წვლილი ამ რეგიონში ნორმალური ვითარების დამყარებაში. იმიტომ რომ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს პრაქტიკულად ჩვენთან ძალიან ახლოსაა და იქ მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინონ მთლიანად მთელს რეგიონზე, როგორც - დადებითი, ასევე - უარყოფითი.” (სტილი დაცულია)

იმან, რომ ამერიკა საქართველოს ერთგულებაში დარწმუნდა, პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის აზრით, სარგებლობა ჩვენს ქვეყანასაც მოუტანა. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წამყვანი ექსპერტი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ქულებზე საუბრობს:

(არჩილ გეგეშიძის ხმა) ”ამან, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია იმ პოლიტიკაზე, რომელსაც შეერთებული შტატები უკანასკნელ წლებში ახორციელებს საქართველოს მიმართ. იმ გაზრდილი, ვთქვათ, ყურადღების, მორალურ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ლობირების ჩვენი ინტერესების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში თუ ცალკეულ ქვეყნებთან ორმხრივ დიალოგში... ამ ყველაფერში აისახა, აი, ის პოლიტიკური ქულები, რაც ჩვენ მივიღეთ ამ კოალიციაში მონაწილეობის შედეგად.” (სტილი დაცულია)

კოალიციაში მონაწილეობიდან მიღებულ სარგებლობას სამხედრო ჭრილში განიხილავს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ამერიკის ომის წარმოების კოლეჯის საპატიო კურსდამთავრებული, გენერალი ვახტანგ კაპანაძე:

(ვახტანგ კაპანაძის ხმა) ”პირველ რიგში, ეს არის გამოცდილება. ყველაფერი შეიძლება მიიღო, ისწავლო, აითვისო, მაგრამ გამოცდილებას ვერ მიიღებ, თუ არ მიიღე მონაწილეობა ამ შეიარაღებულ მოქმედებებში.” (სტილი დაცულია)

უმაღლესი საბრძოლო ხელოვნების გამოცდილებისა და ცოდნის მიღების უდიდეს მნიშვნელობას ხაზს უსვამს შალვა ფიჩხაძეც. ყოველივე ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნატოსკენ მიმავალი ქვეყნისა და მისი არმიისთვის:

(შალვა ფიჩხაძის ხმა) ”ჩვენი შეიარაღებული ძალები და ჩვენი პირადი შემადგენლობა უფრო უკეთ ეცნობა ნატოს წევრი ქვეყნების, ასე ვთქვათ, სტანდარტებს და მათი მოქმედების გზებსა და წესებს... და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს გაწევრიანების მომხრეები არიან ნატოში, ეს კარგი კოზირია მათ დასარწმუნებლად, იგივე ნატოში, ვინც ჩვენი, ვინც ნატოს გაფართოების წინააღმდეგია ამჟამად.” (სტილი დაცულია)

ყოველივე ამის გათვალისწინებით, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველომ ერთხელ უკვე სწორად არჩეული გზიდან არ უნდა გადაუხვიოს და, თუკი ამის საჭიროება გაჩნდება, ერაყში გაგზავნილ სამხედროთა რიცხვიც უნდა გაზარდოს:

(შალვა ფიჩხაძის ხმა) ”მან უნდა განაგრძოს თავისი სამშვიდობო მისიის შესრულება ამ კოალიციაში და ერთადერთი იმედი შეიძლება გამოვთქვათ მხოლოდ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს არ შეეხება ის სისხლისმღვრელი შეტაკებები, რომლებიც იქ ხდება, ვთქვათ, აი, იმ პარტიზანებთან, თუ - ვინც არიან იქ... თუმცა, სამწუხაროდ, არაფერი გამორიცხული არ არის.” (სტილი დაცულია)

საქართველოდან წარგზავნილ სამხედროებს ერაყში სუბიექტებისა და ობიექტებისა დაცვა ევალებათ და, როგორც ამბობენ, ისინი შესანიშნავად ართმევენ თავს საკმაოდ სახიფათო დავალებებს. ხოლო იმას, რომ, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს:

(ვახტანგ კაპანაძის ხმა) ”რა თქმა უნდა, ეს არის მომზადება... რა თქმა უნდა - ჯარისკაცის, სამხედრო მოსამსახურის ნებელობითი ფიზიკური თვისებები და, რა თქმა უნდა - ბედიც, რომელიც, საბოლოოდ, გვწყალობს... და მინდა სამჯერ დავაკაკუნო ხეზე.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG