Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უნდა შეიცვალოს მოქმედი კონსტიტუცია?


საქართველოს პარლამენტის შენობაში დღემდე ინახება ის ოვალური მაგიდა, რომელზეც 1995 წლის 17 ოქტომბერს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ და სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ, დეპუტატებმა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს კონსტიტუციას,

რომელიც პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო, ხოლო ამოქმედებით იმავე წლის 25 ნოემბერს ამოქმედდა. კონსტიტუციის პრეამბულით გაცხადდა საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნება, დაამკვიდრონ თავისუფალი დემოკრატიული წესწყობილება და სამართლებრივი სახელმწიფო. კონსტიტუციის საერთო კონცეფცია დაეფუძნა თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად პრინციპებს, რომლებიც ცალკეულ მუხლებში იქნა ასახული, თუმცა კონსტიტუციის მიღებიდან 11 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ძირითადი კანონის შეცვლის ინიციატივით გამოდის. რა გახდა ამის მიზეზი?

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციაში საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები და დამატებები 13-ჯერ შეიტანა. სულ ბოლოს პარლამენტმა გასული წლის მიწურულს, 2006 წლის 29 დეკემბერს, იაქტიურა, თუმცა პრეზიდენტმა "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონს ხელი 10 იანვარს მოაწერა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]: ”ჩვენ ვაგრძელებთ კონსტიტუციურ რეფორმებს, და ამ საკონსტიტუციო ცვლილებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების გასაძლიერებლად, პირველ რიგში. რადიკალურად შემცირდა პრეზიდენტის ხელისუფლება, და მე მინდა ხაზი გავუსვა - პრეზიდენტის შეტანილი კანონით შემცირდა საქართველოს პრეზიდენტის ხელისუფლება”. (სტილი დაცულია).

ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი არ უხელმძღვანელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და აღარ დანიშნავს მოსამართლეებს, 2008 წლის შემოდგომაზე კი ერთდროულად ჩატარდება როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, ვახტანგ ხმალაძე, მიიჩნევს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ეს ცვლილება ხიფათს შეიცავს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა]: ’არჩევნები სხვადასხვა დროს იმართება ხოლმე, რომ ქვეყანაში ერთბაშად არ მოხდეს ცვლა ხელისუფლებისა ყველა დონეზე - იმიტომ, რომ ასეთი ცვლა შეიძლება იყოს რადიკალური; მაგალითად, შეიძლება მემარჯვენე ხელისუფლება შეცვალოს მემარცხენე ხელისუფლებამ, და თუ ყველა დონეზე, ერთდროულად ხდება ასეთი ცვლა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული პრობლემები. ქვეყნის განვითარებაში ნახტომისებური ცვლილება ყოველთვის არის ძალიან მტკივნეული”. (სტილი დაცულია).

ცვლილების ნაწილს იწუნებს პოლიტოლოგი გია ნოდიაც. მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლების ფეხზე დასაყენებლად მხოლოდ კანონების შეცვლა არ კმარა. გია ნოდია ასევე არასწორად მიიჩნევს არჩევნების დანიშვნას გარე, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით:

[გია ნოდიას ხმა]: ”ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს ის შესწორება, რომელიც შეეხება არჩევნების დანიშვნას. ნაკლი აქ არის ორი - ერთი ის, რომ ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების გაზრდას; მოქმედი პარლამენტის მიერ. მეორე - პრაქტიკულად, კონსტიტუცია იცვლება ერთჯერადად, რაღაც საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურის გამო. ჩემი აზრით, ეს მეტად არასასურველი ვითარებაა”. (სტილი დაცულია).

თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ ცვლილებებით არ კმაყოფილდება. მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]: ”მე მიმაჩნია, რომ საერთოდ, საქართველოს კონსტიტუციას სჭირდება ფუნდამენტური დახვეწა დემოკრატიზაციის კუთხით. ჩვენ მზად ვართ რომ შევქმნათ ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელიც უახლოეს წლებში დაწერს საქართველოს ახალ კონსტიტუციას. ამ კონსტიტუციას აქვს ბევრი ხარვეზი, და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ შეიძლება დავწეროთ თანამედროვე ევროპული ქვეყნის, უმაღლესი სტანდარტების დემოკრატიული კონსტიტუცია”. (სტილი დაცულია).

მაინც ასეთი რა ხინჯი და ხარვეზი აქვს მოქმედ კონსტიტუციას დემოკრატიის თვალსაზრისით? გია ნოდიას კომენტარი:

[გია ნოდიას ხმა]: ”შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სერიოზული პრობლემა დემოკრატიასთან საქართველოში ინსტიტუციონალური კუთხით არის სწორედ კონსტიტუცია. ანუ, ეს არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც ცალსახად უპირატესობას აძლევს აღმასრულებელ საპრეზიდენტო ხელისუფლებას, და არ იცავს ბალანსს საპრეზიდენტო და საპარლამენტო ხელისუფლებას შორის”. (სტილი დაცულია).

მაგრამ საინტერესოა, რის გამო შეიქმნა კონსტიტუციაში ამგვარი დისბალანსი? ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი 2004 წლის თებერვლამდე, ანუ მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე, სრულად პასუხობდა დემოკრატიის ძირითად მოთხოვნებს. მაინც რა შეიცვალა 2004 წლის 6 თებერვალს?

[ვახტანგ ხმალაძის ხმა]: ”შემოღებულ იქნა მთავრობის ინსტიტუტი - მაგრამ მთავრობისა, რომელიც რეალურად არის არა ხელისუფლების დამოუკიდებელი განშტოება, არამედ არის პრეზიდენტის ნების შემსრულებელი ორგანო, რომელსაც არანაირი გზა არ აქვს მოიქცეს სხვაგვარად, ვიდრე ისე, როგორც უნდა პრეზიდენტს. და პასუხს აგებს არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა. ასევე, მკვეთრად შემცირდა პარლამენტის უფლებები. ფაქტობრივად, საკმარისია პარლამენტმა წინააღმდეგობა გაუწიოს პრეზიდენტს, რომ პრეზიდენტს გაუჩნდება საფუძველი პარლამენტის დათხოვნისა, და დაითხოვს პარლამენტს. ამდენად, მას დამოუკიდებლობა დაკარგული აქვს”. (სტილი დაცულია).

ვახტან ხმალაძეს არა აქვს იმედი, რომ ამგვარი ცვლილებების ინიციატორ ხელისუფლებას კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდეს. შედარებით ოპტიმისტურადაა განწყობილი გია ნოდია, რომელიც მომავალი კონსტიტუციის კონტურებს მოხაზავს:

[გია ნოდიას ხმა]: ”ის უნდა იყოს საკმარისად ზოგადი; ის უდნა აყალიბებდეს ძირითად პრინციპებს, მხოლოდ მმართველობისას, და ზედმეტად არ უნდა წვრილმანდებოდეს, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო სტრუქტურის ყველა დეტალის აღწერით. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ერთ-ერთი კრიტიკა ბოლო წლებისა იყო ხშირი ცვლილებები კონსტიტუციისა, რაც თავისთავად კონსტიტუციონალიზმის, და, შესაბამისად, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ჩემი აზრით, მთლიანად, პოლიტიკურ ელიტას ამ ქვეყანაში ამაზე უნდა ჰქონდეს აქცენტი”. (სტილი დაცულია).
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG