Accessibility links

logo-print

ახალი კონსტიტუციის კონტურები და არშემდგარი საზღვაო დაპირისპირება სოხუმის აკვატორიაში


ქართული პრესის ყურადღების ცენტრში პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილება და გაფართოებული უშიშროების საბჭოს ფორმატში



ახალი კონსტიტუციის შექმნის თაობაზე ოპოზიციასთან დიალოგის დაწყების ინიციატივა რჩება. გაზეთ ”24 საათის” თანახმად, ”პრეზიდენტის ახალმა ინიციატივამ ოპოზიცია კიდევ ერთხელ გახლიჩა. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზად არის, სხვები კი მმართველ ძალასთან ყოველგვარ კონტაქტზე უარს ამბობენ და ქუჩის აქციებით იმუქრებიან.”

ქუჩის აქციებით არ იმუქრება, თუმცა უშიშროების საბჭოს ფორმატში, საბჭოს მდივნის კოტე კემულარიას ფაქტორის გამო, დიალოგი მიუღებლად ეჩვენება რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, თინათინ ხიდაშელს. მასთან ვრცელ ინტერვიუს ბეჭდავს გაზეთი ”ახალი ვერსია”, სადაც ხიდაშელი, კერძოდ, აცხადებს: ”კოტე კემულარია დამნაშავეა, რომელმაც პასუხი უნდა აგოს იმ დანაშაულებისათვის, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში მისი მინისტრობის დროს ხდებოდა. იგი თანამდებობიდან სწორედ ამის გამო მოხსნეს და ახლა მასთან ერთად რაღაც ფორმატში თანამშრომლობა იგივეა, ვანო მერაბიშვილი რომ დანიშნონ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ. ასე რომ, ახლა ოპოზიციის კემულარიასთან თათბირი ამ პიროვნების რეაბილიტაცია იქნება, რაც თავისთავად მიუღებელია”.

გაზეთ ”რეზონანსში” კი აღწერილია ვითარება, რომელშიც 10 იანვარს ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის აკვატორიაში რუსული და უკრაინული გემები დააკავეს. ”ოჩამჩირის სანაპიროსთან 4 ქართული საპატრულო კატარღის გამოჩენის შემდეგ სოხუმის ხელისუფლების სამხედრო დანაყოფებში განგაში გამოცხადდა. სეპარატისტთა საბრძოლო ვერტმფრენები უკვე ჰაერში იყვნენ. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და დაკავებული გემები ქართველმა მესაზღვრეებმა ფოთის პორტში გადაიყვანეს,” - წერს გაზეთი ”რეზონანსი” და ვარაუდობს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ქართულ-აფხაზური ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბება.

ყოველკვირეული ”ახალი თაობა” კონფლიქტების დარგში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, კინორეჟისორ გიორგი ხაინდრავას სამომავლო შემოქმედებით გეგმებს გვაცნობს. გოგა ხაინდრავა გამოთქვამს სურვილს, მომავალში დოკუმენტური ფილმების გადაღება მოახერხოს: “გადავიღებდი დოკუმენტური ფილმების ციკლს: პოსტსაბჭოთა 20 წელი - 86 წლის “პერესტროიკიდან” 2006 წლამდე. გავაკეთებდი ანალიზს, რა გავიარეთ, რა იყო ჩვენი შეცდომები, სად არის სამართლე. სახელად ”მითის ნგრევა” ერქმევა. ძალიან ბევრი მითია, რომელიც რეალობის აღქმაში ხელს გვიშლის. მითები ყოველთვის არსებობდა. მაგრამ ხალხმა, რა თქმა უნდა, უნდა იცოდეს რეალობა, რომ არ მოხდეს ჩვენი ყოფის მითოლოგიზება. ჩვენ საქმე გვაქვს უკვე მისტიფიკაციასთან. ხალხი თავად გადაწყვეტს, მითები მითებად დატოვოს თუ დაამსხვრიოს,” აღნიშნავს კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა გაზეთ ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში.
XS
SM
MD
LG