Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია მცირე ბიზნესის სამსახურში


„დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“ - ასე ჰქვია პროგრამას, რომლის განხორციელება დედაქალაქის მერიამ გასული წლის სექტემბერში დაიწყო.

მერიის ბიზნესის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, პროგრამა მიზნად ისახავს 35-დან 50 წლამდე ასაკის უმუშევარი, მაგრამ ინიციატივიანი მოქალაქეების წახალისებას და, კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, მათ მიერ შედგენილი ბიზნესპროექტების დაფინანსებას. პირველ ეტაპზე ბიზნესის ანბანის შესასწავლად მერიამ 500 მოქალაქე შეარჩია, მათგან დაახლოებით 300-მა ბიზნესპროექტის შედგენა შეძლო, თუმცა, მერიის ბიზნესის საინფორმაციო ცენტრის გადაწყვეტილებით, დაფინანსებას მხოლოდ 15 პროექტი მიიღებს.

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობის, დაახლოებით, 15-20 პროცენტი უმუშევარია, თუმცა, თბილისის მერიის ახალი პროგრამის წყალობით, უმუშევართა მრავალრიცხოვანი არმია რამდენიმე ათეული ადამიანით შემცირდა.

[დიქტორის ხმა] „სულხან მუმლაძე, მაია ნაროშვილი, მაია ჯანგულაშვილი...“

სწორედ ამ მოქალაქეების მიერ შედგენილმა ბიზნესპროექტებმა დაიმსახურა ბიზნესის საინფრმაციო ცენტრისა და ბანკების: „თი-ბი-სი“-სა და „საქართველოს ბანკის“ მოწონება. თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი ზვიად არჩუაძე ამბობს, რომ, პროგრამის მიხედვით, შეზღუდულია კრედიტების მოცულობა, - ის არ აღემატება 12 ათას ლარს, -მაგრამ თავისუფალია არჩევანი, ანუ საქმიანობის სფერო:

[ზვიად არჩუაძის ხმა] „დაწყებული მაღაზიისა და აფთიაქის გახსნიდან, დამთავრებული პოლიეთილენის მილების დამზადებით, სათბურის აშენებით, სამკერვალო საქმიანობით, ტიხრული მინანქრის წარმოებით, ელექტრონული მოწყობილობების შექმნით... საკმაოდ მრავალფეროვანი პროექტებია.“

მრავალფეროვან პროექტთა შორის გამორჩეულია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ლამარა ორაგველიძის ბიზნესპროექტი:

[ლამარა ორაგველიძის ხმა] „ჩემი მომავალი ბიზნესი გულისხმობს საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის არასტანდარტული ელექტრონული მართვის სისტემების შექმნა-რეალიზაციას და მის დამკვიდრებას ყოველდღიურობაში. აი, მაგალითად, თქვენ სახლში არ ხართ და გინდათ დაგხვდეთ ჩართული წყლის გამათბობელი. აკრიფავთ ტელეფონზე თქვენს ნომერს, შემდეგ კოდს, მაგალითად, „1“-ს, და ჩაირთვება „არისტონი“, ასევე სხვა ელექტრომოწყობილობა...“ (სტილი დაცულია)

ქალბატონმა ლამარამ ბიზნესპროექტი, რომლის ღირებულება 5 ათასი ლარია, კავკასიის ბიზნესსკოლისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ექსპერტების დახმარებით შეადგინა, ხოლო საქმის დასაწყებად საჭირო კრედიტს დამწყები ბიზსნესმენი „საქართველოს ბანკიდან“ მიიღებს, თუმცა, როგორც „თი-ბი-სი” ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ასლანიკაშვილი განმარტავს, მერიის პროგრამა ბანკებისთვის მნიშვნელოვან რისკს არ შეიცავს:

[გიორგი ასლანიკაშვილის ხმა] „მართალია, გამოუცდელები არიან, მაგრამ თითოეული პროექტის უკან დგას მერიის გარანტია და, თუ მათ შეექმნებათ გარკვეული ფინანსური პრობლემები, მაშინ მერია აანაზღაურებს ზარალს. ბანკები გამოდიან როგორც ფინანსური შემფასებლები, ექსპერტები. ხდება პროექტების შეფასება და სიცოცხლისუნარიანობის განსაზღვრა.“

პროექტების სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით მერიისა და ბანკების წარმომადგენლებისაგან განსხვავებული აზრი აქვს თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს გიორგი გუგავას, რომლის თქმითაც, საქართველოში ბიზნესის განვითარებას თავად ხელისუფლება აფერხებს:

[გიორგი გუგავას ხმა] „დღეს საქართველოში თავისუფალი ეკონომიკა არ არსებობს. ბიზნესს ჰყავს დირექტორი, ხელისუფლების სახით. ხელისუფლებას გადანაწილებული აქვს ბიზნესი და, აქედან გამომდინარე, ვერანაირად ვერ შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ვერ განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა.“

არადა, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სწორედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ემსახურება პროექტი „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“. გიგი უგულავას თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე საქართველო თავს ვერ დააღწევს სიღარიბე:ს

[გიგი უგულავას ხმა] „ყველა ქვეყნის ხერხემალი არის პატარა და წვრილი ბიზნესი. სწორედ ეს, ბევრი პატარა საწამრო, ქმნის ძლიერ ეკონომიკას. ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მათ განვითარებას მომავალშიც.“

გიგი უგულავას თქმით, პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტში 500 ათასი ლარია გამოყოფილი.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG