Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 678-ე გამოშვება


ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს გაგაცნობოთ ძველი თბილისის ახალგაზრდა გამგებლის გეგმებს; ვისაუბრებთ საქართველოში უსინათლოთა პრობლემებზე; გამოვეხმაურებით ორ საიუბილეო თარიღს - მწერალ უმბერტო ეკოს დაბადების 75 წლისთავს; შემდეგ კი ვისაუბრებთ გამოჩენილ ამერიკელ მსახიობზე, ჰამფრი ბოგარტზე, რომელიც 50 წლის წინ გარდაიცვალა.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


ძველი თბილისის ახალგაზრდა გამგებლის გეგმები

ბიძინა რამიშვილი:
უკვე რამდენიმე თვეა, ყურადღების ცენტრშია ქალაქის ხელმძღვანელობის უკვე განხორციელებული პროექტი - ძველი თბილისის რაიონის შექმნასთან დაკავშირებით. საერთო შეფასებით იდეა მისასალმებელია, თუმცა დაინტერესებული ადამიანებსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს აინტერესებთ რატომ აქვს ამ რაიონს სხვებთან შედარებით რამდენჯერრმე დიდი ბიუჯეტი და რაში უნდა დაიხარჯოს საკმაოდ სოლიდური თანხა - 34 მილიონი ლარი? ბევრს აინტერესებს რაიონის ახალადდანიშნული გამგებლის ლაშა ფურცხვანიძის საქმიანი პორტრეტი და ძველ თბილისთან დაკავშირებული მისი გეგმები. ამ ყველაფერზე კი ლაშა ფურცხვანიძეს რადიო ”თავისუფლების” თბილისელი კორესპონდენტი ალექსანდრე ელისაშვილი ესაუბრა.


უსინათლოთა პრობლემები საქართველოში

ბიძინა რამიშვილი:
სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშში ვკითხულობთ: ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა განათლებაზე, დასაქმებაზე, სამართლებრივ და სოციალურ დაცვაზე, სადაც ყველას თანასწორად შეუძლია მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.”- ციტატის დასასრული.

მაგრამ ამავე ანგარიშიდანაც ჩანს, და ყოველდღიური რეალობაც იმას ადასტურებს, რომ მათ არც ,,თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა” აქვთ და არც ბევრი სხვა რამ. მათ შეზღუდული შესაძლებლობებიც სხვადასხვაგვარი აქვთ და გასაჭირიც...

როგორ ცხოვრობენ და რა პრობლემები აქვთ მხედველობადაქვეითებულ და უსინათლო ადამიანებს საქართველოში... ამის გარკვევას მარინა ვაშაყმაძე შეეცადა.

მარინა ვაშაყმაძე:
ნავთლუღის ბაზართან გრძელი მიწისქვეშა გადასასვლელია. ჩვეულებრივი თბილისური გადასასვლელი - წვრილი მოვაჭრეებით, სათამაშო ავტომატებით და მბჟუტავი ნათურებით. მეტროს შესასვლელთან პატარა სკამზე ასაკოვანი კაცი ზის. აკორდეონი უჭირავს და ამღერებს. აქ ბევრი იცნობს _ ძია ვანო ჰქვია. საგანგებოდაც მოდიან და უკვეთავენ ,,ძია ვანო, კალიმა დაუკარი”. ძია ვანო კი ,,სულიკოს” უკრავს:

[ვანო ჯეგაძის ხმა] ,,აი... თქვენ უნდა მიხვდეთ... ( ისმის სულიკო...) ”

ძია ვანო უსინათლოა. - ფოტოგრაფი ვიყავი, კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას... 9 წლის წინ ორ კვირაში დავბრმავდიო...

[ვანო ჯეგაძის ხმა] ,,რა ვიცი. ასე მიდიოდა... მერე კაპელაში მოვხვდი, მერე აქ მოვხვდი ქუჩაში და ასე...… დღეს რა ვჭამო და ხვალე რა ვჭამო, აი ეს არის”.

ვანო ჯეგაძე უსინათლოთა კავშირის წევრია. ადრე ამ ორგანიზაციას უსინათლოთა საზოგადოება ერქვა. მაშინ ამ სიტყვებთან ლამაზი ჯაგრისები და ქილების თავსახურები ასოცირდებოდა. მათ უკან, კი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა მორიდებული და თავდახრილი შრომა იდგა. ასე იქმნებოდა დიდი დოვლათი. მერე ეს დოვლათი სადღაც გაქრა...

უსინათლოთა კავშირის წევრი ანა ჯოხაძე ამბობს:

[ანა ჯოხაძის ხმა] ,,უსინათლოთა საზოგადოება იყო მაშინ... 90 წლებში სახელმწიფოში სახელმწიფო იყო. და დღეს აღარაფერი აღარ გვაქვს. თვალის კლინიკა რომ არის ორთაჭალაში ის ჩვენი იყო. და ახლა ჩვენ საშუალება არა გვაქვს, რომ მივიდეთ და კონსულტაცია უფასოდ გავიაროთ.”

უსინათლოთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ზოგს ერიდება ამაზე საუბარი, ზოგი თავს უბრალოდ ვეღარ იკავებს:

[უსინათლო ქალბატონის ხმა] ,,მოკლედ... ენით ვეღარ აგიწერთ რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვიმყოფებით საერთოდ... “

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა მიმართ სახემწიფო პოლიტიკაზე საუბრობს:

[სოზარ სუბარის ხმა] ,,რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკას, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პოლიტიკა არ არსებობს. თუმცა ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის სამინისტროსთან არსებობს კომისია, რომელმაც ეს პროექტი უნდა შეიმუშაოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით შედეგს ვერ ვხედავთ. “

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, უსინათლოები თავადაც უტევენ...

[უსინათლო მამაკაცის ხმა] ,,ჭიპაშვილთან ვერ შევედი. ორშაბათი და ოთხშაბათი იქ ვზივარ მე... მარა ვერ შევედი... მოხდა ამნაირი ამბავი... და ნუთუ, ამას... ფიზიკურად არ ვცნობ ამას... თორემ ქუჩაში დავხვები... მეგრამ ხომ ვერ ვცნობ...

სულ ახლახან, დახმარებებისა და შემწეობის ახალი სისტემა ამოქმედდა. მისი განმარტება სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო ცენტრის დირექტორს მორის წამალაშვილს ვთხოვეთ:

[მორის წამალაშვილის ხმა] ,,არის ორი ტიპის სოციალური დახმარება. ეს არის საოჯახო დახმარება კატეგორიების მიხედვით და მეორე ტიპის, მიზნობრივი სოციალური დახმარება, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემთა მიხედვით. ანუ ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია ამ მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 52 ათასს... გაიცემა მასზე მიზნობრივი სოციალური დახმარება, რომელსაც საარსებო შემწეობას ვუწოდებთ. ეს ორი დახმარება ერთმანეთს გამორიცხავს, ანუ ბენეფიციარს უფლება აქვს აირჩიოს რომელიმე ერთი, ამ ორი დახმარებიდან.” - განმარტავს მორის წამალაშვილი.

თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ამას თავიანთი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობად არ აღიქვამენ. პირველი ჯგუფის ინვალიდი ალექსანდრე სტეპანიანი ამბობს:

[ალექსანდრე სტეპანიანის ხმა] ,,სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეები, პენსიონერები და განსაკუთრებით ინვალიდები საარსებო მინიმუმის ტოლფასი პენსიებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მთავრობას, განიხილოს ეს პრობლემა, მაგალითად, ღარიბი ოჯახების პრობლემა ცალკეული ოჯახების შემოსავლის თვალსაზრისით. “

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,უსინათლოები საზღვრებს გარეშე” თავმჯდომარე, თავადაც უსინათლო, ბესიკ სოლოღაშვილი პრობლემის სიმძიმეს ფსიქოლოგიური ფაქტორითაც ხსნის.

[ბესო სოლოღაშვილის ხმა] ,,უსინათლო ადამიანები შეიძლება ცხოვრობდნენ ოჯახებში, რომელსაც პური აქვს, წყალი აქვს, მაგრამ შეღავათები რომლებიც არსებობდა გაზზე წყალზე, მოხსნილი არის სიღარიბის პროგრამასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით უნდა დარჩენილიყო, რადგან როდესაც რაღაცა სახით მაინც, უსინათლო ოჯახის წევრს შეაქვს თავისი ოჯახის ბიუჯეტში, ამით ის მორალურად კმაყოფილი არის და შინაგან ფსიქოლოგიურ დისკომფორტს არ განიცდის.

დაგროვილი პრობლემების მოგვარებაში დახმარებას, უსინათლოები უპირველესად თავიანთი მშობლიური კავშირიდან ელოდნენ. თუმცა მათი დიდი ნაწილი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია და მათ ახალი ალტერნატიული ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს _ უსინათლოთა უფლებების დაცვის ასოციაცია. ამ ახალი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ანა ჯოხაძესთან და სხვებთან ერთად, გურამ ორბელიანიც არის:

[გურამ ორბელიანის ხმა] ,,ჩამოვაყალიბეთ კავშირის ალტერნატიული ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს უსინათლო წევრების უფლებებს. “

ასოციაციის წევრთა ერთი ნაწილი კავშირის ხელმძღვანელობას მკაცრად აკრიტიკებს.

ანზორ მღვდელაძე, უსინათლოთა კავშირის წევრი:

[ანზორ მღვდელაძის ხმა] "გაყიდვის უფლება არავის არა აქვს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ამას ვეუბნებით ვუწერთ ველაპარაკებით, ეს არის, ესე იგი, კანონდაუმორჩილებლობა. არაო, ჩვენ არ ვემორჩილებით კანონსო - პირდაპირ გვეუბნებიან. კანონი ჩვენთვის არაფერი არ არისო, ჩვენ ბრმები ვართო და კანონი არაფერი არ არისო. და ჩვენც ხუთი ათასი რომ ვართ უსინათლო, ჩვენა გვძარცვავენ", ამბობს ბატონი ანზორი.

ამ ახალი ორგანიზაციის შექმნას სხვებიც მიესალმებიან თუმცა დასძენენ, რომ კარგი იქნება, თუ მისი შექმნის მიზანი მხოლოდ კავშირის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ბრძოლა არ იქნება და ასოციაცია მათ რეალურად დაეხმარება. პრობლემები უამრავია, დასაქმება, განათლება, სოციალური ადაპტაცია, ელემენტარულად, გადაადგილების შესაძლებლობა.

ასოციაციის დამფუძნებელ შეკრებაზე უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელებიც მივიდნენ და ბევრი მწარე სიტყვაც მოისმინეს. თუმცა უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ურუშაძე ამბობს, რომ ახალ ასოციაციასთან თანამშრომლობას მაინც აპირებს.

[გურამ ურუშაძის ხმა] ,,კი, კი... ჩვენ ვითანამშრომლებთ. უსინათლოთა კავშირი მზად არის ითანამშრომლოს დღეს ჩამოყალიბებულ ასოციაციასთან თუ იქნება ნირმალური თანამშრომლობა.”

ამ შეკრებაზე ძია ვანოც იყო... ერთი ესა თქვა _ ცხრა წელია უსინათლო ვარ და არასოდეს არანაირი დახმარება არ მიმიღიაო...
ქუჩაში ახალგაზრდა კაცთან ერთად ხელმკლავით გამოვიდა, რომელსაც ასევე შავი სათვალე ეკეთა. გზის პირას შედგნენ...

[სოზარ სუბარის ხმა] ,,ჯერ კიდევ პირველ მოხსენებაში ვისაუბრე იმაზე, რომ თბილისში არ არის არც ერთი გადასასვლელი ქუჩაზე, სადაც იქნება ხმოვანი სიგნალი, მწვანე შუქთან ერთად, სადაც მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებს შეეძლებათ გადასვლა. და მიხვდებიან რომ მწვანე აინთო მათთვის... ხმოვანი სიგნალი ჩაირთო... და ეს არ გაკეთებულა დღემდე", გვითხრა საუბარში სოზარ სუბარმა.

მწვანე - მათთვის ჯერ არ აინთო. მათ ქუჩაზე შუქნიშანი საერთოდაც არ დგას. იქ მიწისქვეშა გადასასვლელია...

მარინა ვაშაყმაძე, რადიო თავისუფლება, თბილისი.


“გაბუნდოვნების დიდოსტატი” - უმბერტო ეკო 75 წლისაა

ბიძინა რამიშვილი:
ახლა გიამბობთ ერთ პროფესორზე, რომელიც მულტიმილიონერი გახდა უჩვეულო უნარის წყალობით: “გაბუნდოვნების ოსტატობით”. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე უწოდებს უნარს, წეროს კულტურისა და ისტორიის შესახებ მრავალფეროვანი ინფორმაციის მომცველი, ორაზროვანი მითითებებით სავსე და იმავდროულად დეტექტივივით მძაფრსიუჟეტიანი რომანები. სწორედ ამ, მრავალმილიონიანი ტირაჟით გაყიდულმა რომანებმა გაუთქვა სახელი მთელს მსოფლიოში იტალიელ მეცნიერსა და, ალბათ, ყველაზე უფრო ცნობილ ინტელექტუალს - უმბერტო ეკოს. 5 იანვარს მას 75 წელი შეუსრულდა. მარიამ ჭიაურელს მოუსმინეთ:

მარიამ ჭიაურელი:
ამ 30 წლის წინ, გასული საუკუნის 70-იან წლებში, უმბერტო ეკო უკვე ცნობილი მეცნიერი იყო: ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი, შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და ლიტერატურის შესახებ მრავალი სამენციერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი, სემიოტიკის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, ურიცხვი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რამდენად უჩვეულო მიმართულებით წარიმართებოდა ამ აღიარებული, ავტორიტეტიანი მეცნიერის კარიერა...

1978 წელს უმბერტო ეკომ დეტექტივის წერა დაიწყო. სათაური ასე წარმოედგინა: “მკვლელობა მონასტერში”. მაგრამ მალე ის მეტისმეტად სწორხაზოვნად მოეჩვენა და რაღაც უფრო იდუმალის, ინტერპრეტაციისთვის უფრო რთულის ძიებას შეუდგა - ასეა თუ ისე, რომანში მოქმედება შუა საუკუნეებში ვითარდება, ერთმანეთს უპირისპირდება სხვადასხვა ფილოსოფიური მოძღვრება, სიტყვებს, ნიშნებს, ციტატებს სიმბოლური დატვირთვა აქვს. შესაბამისად, იმისდა მიხედვით, რა ცოდნის, რა განათლების პატრონია რომანის მკითხველი - ტექტსის გაგება, მისი ინტერპრეტაცია სრულიად განსხვავებული შეიძლება იყოს.

იდეალურ სათაურს უმბერტო ეკომ შუა საუკუნეების პოეზიის კითხვისას მიაკვლია - “ვარდის სახელი”. ასე ეწოდება მის პირველ, 1980 წელს გამოსულ რომანს, რომელიც დღეისთვის 9 მლნ ეგზემპლარად არის გაყიდული. “ვარდი იმდენად მრავალფეროვანი სიმბოლური მნიშვნელობით არის დატვირთული, ლამის აღარ დარჩა მნიშვნელობა, მისთვის რომ არ მიენიჭებინათო”, ამბობს ეკო. კაცმა რომ თქვას, ამის შესახებ - უახლესი ისტორიის გათვალისწინებით საქართველოშიც ძალიან კარგად არის ცნობილი.

რაც შეეხება “ვარდის სახელს” - უმბერტო ეკოს რომანს, ის ქართულად არ არის თარგმნილი. სამაგიეროდ, ამჟამად ითარგმნება უმბერტო ეკოს სხვა, ასევე ფრიად წარმატებული რომანი “ფუკოს ქანქარა”. ჩვენ მის მთარგმნელს, ნოდარ ლადარიას დავურეკეთ, ინტერვიუ ვთხოვეთ და ჯერ ის ვკითხეთ, რა სიძნელეები ახლავს თარგმანზე მუშაობას, როცა ორიგინალის ავტორია სემიოტიკის პროფესორი, განსაცვიფრებელი ერუდიციის პატრონი, რომელიც თავის ნაწარმოებში უამრავ მითითებას აქსოვს ისტორიის, ლიტერატურის, კულტურის შესახებ.

[ინტერვიუ ნოდარ ლადარიასთან: იხ. აუდიოვერსია]

უბერტო ეკოს - მკვლევრის, მწერლის, პედაგოგის, ჟურნალისტის, უმაღლესი ჰუმანიტარული სკოლის დამაარსებლის შესახებ გვესაუბრა მისი ერთ-ერთი რომანის მთარგმნელი, თავადაც ფრიად მრავალმხრივი ადამიანი, ნოდარ ლადარია, რომელიც პირადადაც კი იცნობს ცნობილ იტალიელ ინტელექტუალს.


ჰამფრი ბოგარტის გარდაცვალების 50 წლისთავი

წამყვანი: ვერაგი განგსტერი, გამობრძმედილი ალკოჰოლიკი თუ ცინიკოსი დეტექტივი - ძნელად თუ შეედრება ვინმე ჰამფრი ბოგარტს 26-წლიანი კინოკარიერის მანძილზე განსახიერებული როლების მრავალფეროვნებაში.

ბოგარტი არ იყო მხოლოდ მსახიობი, იგი საკულტო ფიგურად იქცა. მას არა მხოლოდ ეკრანებზე უყურებდნენ, მას ბაძავდნენ, ადამიანები მას საკუთარ ოცნებებში უთმობდნენ ადგილს.

ვერავინ მოთვლის, რამდენმა ადამიანმა დაიწყო თამბაქოს წევა ბოგარტის გამო. როგორც ამბობენ, არცერთ მსახიობს, ჯეიმს დინსაც კი არ შეეძლო სიგარეტის ისე უდარდელად მოქაჩვა, როგორც ბოგარტს. შეერთებულ შტატებში გამოთქმაც კი გაჩნდა: “to bogart”, ასე აღნიშნავენ წევის მანერას, რომლის დროსაც სიგარეტი პირის კუთხეში აქვთ ხოლმე გაჩრილი ისე, რომ არ ეწევიან.

მითად ქცეული მსახიობის, ჰამფრი დეფორესტ ბოგარტის დაბადების თარიღიც კი მითებით არის მოცული. დიდხანს მის დაბადების დღედ 1899 წლის 23 დეკემბერი ითვლებოდა. მაგრამ, როგორც ამბობენ, კინოსტუდია Warner Brothers-მა 24 დეკემბრად გადააკეთა ეს თარიღი სარეკლამო მოსაზრებებით, თავად ბოგარტის უკანასკნელი მეუღლე, ლორენ ბეკოლი კი დღემდე ირწმუნება, რომ ბოგი, როგორც მას გულშემატკივრები უწოდებენ, 25-ში გაჩნდა.

რაც ნამდვილად გარკვეულია, იგი ნიუ იორკში დაიბადა ქირურგისა და ილუსტრატორის ოჯახში. თავდაპირველად სამედიცინო განათლების მიღებას აპირებდა, მაგრამ უნირევიტეტიდან გამოაგდეს და, ფაქტობრივად, შემთხვევით გახდა მსახიობი. სამსახიობო ხელოვნება მას არასოდეს შეუსწავლია.

1921 წელს დაიწყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ლეგენდარული სამსახიობო კარიერა. პირველი მცირე როლი მან ბრუკლინის ერთი პატარა თეატრის სცენაზე შეასრულა. ბოგარტის შემოქმედების ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ეს პერიოდი 1935 წლამდე გაგრძელდა. 1936 წელს კი პირველი როლი შეასრულა კინოში. ეს გახლდათ კინოფილმი “გაქვავებული ტყე”. ამ ფილმით დამკვიდრდა ე.წ. “ბოგარტის ტიპი” - 30-იანი წლების მეორე ნახევარში იგი ძირითადად განგსტერებს განასახიერებდა. მას Warner Brothers-თან ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი და, მაშინდელი წესების თანახმად, თვითონ არ შეეძლო როლების შერჩევა. კინოში იგი მოკლული ჰყავთ ისეთ გამოჩენილ მსახიობებს, როგორებიც არიან ჯეიმს კეგნი და ედვარდ რობინსონი. იგი 12-ჯერ არის სიკვდილით დასჯილი და საერთო ჯამში 800 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი.

მსოფლიო აღიარება ჰამფრი ბოგარტმა გვიან მოიპოვა. პირველი დიდი ფილმი, რომლითაც ის ცნობილი გახდა, იყო 1941 წელს გამოსული ვესტერნი „High Sierra“,მაგრამ ჯონ ჰიუსტონის თრილერ “მალტის შევარდენში” განსახიერებული სემ სპეიდის როლით ბოგარტმა გზა გაუკვალა მომდევნო პერიოდის ყველა კერძო დეტექტივს. ეს film noire-ის დაბადების მომენტი გახლდათ.

სმაში თავის თანამეინახესთან, ჯონ ჰიუსტონთან ბოგარტს ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა. სწორედ ჰიუსტონის ფილმში, “აფრიკელ დედოფალში” 1951 წელს ნათამაშევი მთავარი როლისთვის მიიღო ჰამფრი ბოგარტმა თავისი კარიერის ერთადერთი ოსკარი.

მაგრამ მანამდე იყო 1942 წელს გადაღებული “კასაბლანკა”, რომელშიც ბოგარტი ბარის მფლობელსა და რომანტიულ ანტიგმირს, რიკ ბლეინს თამაშობს. ფილმი, რომელშიც ბოგარტს ინგრიდ ბერგმანი უმშვენებს გვერდს, კულტად იქცა. ხოლო ბოგარტის სიტყვები Here's looking at you, kid - “თვალებში გიყურებ, პატარავ” - კინოისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამონათქვამად შევიდა.

[ხმა კინოფილმიდან "კასაბლანკა"]

“კასაბლანკამ”, რომლისთვისაც იგი ოსკარზე იყო წარდგენილი, უმალ აქცია ბოგარტი სუპერვარსკვლავად. ამიერიდან მას უკვე თავადვე შეეძლო როლების არჩევა.

მათ შორის იყო მთავარი როლები კინოფილმებში “ქონა თუ არქონა”, “დიდი სიზმარი” და „Key Largo“, რომლებშიც იგი მასზე 25 წლით უმცროს ლორენ ბეკოლთან ერთად თამაშობდა. ამ ფილმების ჩამოსხმული და ეროტიკით დამუხტული დიალოგები განუმეორებელია კინოს ისტორიაში. ახალგაზრდა ბეკოლის წინაშე ჰამფრი ბოგარტი პირად ცხოვრებაშიც ვერ დარჩა გულგრილი. მართალია, ბეკოლი 19 წლის იყო, როცა ისინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, ბოგარტს კი მესამე ცოლი ჰყავდა, მაგრამ ეს საოცნებო წყვილი მაინც შედგა. ისინი 1945 წლის მაისში დაქორწინდნენ, ბოგარტი 49 წლის ასაკში მამა გახდა.

ჰამფრი ბოგარტი არ ერიდებოდა საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმას. იგი ერთ-ერთი იყო იმ მცირერიცხოვან მსახიობთაგან, რომლებმაც ხმამაღლა გაილაშქრეს მაკარტიზმის წინააღმდეგ. თავისი პირდაპირობით ბოგიმ ჰოლივუდში ბევრი მოიმდურა, მაგრამ მისი მეგობრები - მათ შორის კეტრინ ჰეპბერნი, სპენსერ ტრეისი და ფრენკ სინატრა - დიდად აფასებდნენ მის გულწრფელობას და ბოროტ იუმორს.

ბოგარტის სამარკო ნიშანი, სიგარეტი, მისი ნაადრევი აღსასრულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. იგი საყლაპავის კიბოთი დაავადდა და 58 წლის ასაკში გარდაიცვალა 1957 წლის 14 იანვარს.

1999 წელს ამერიკის კინოინსტიტუტმა ბოგარტი უკანასკნელი ასი წლის უდიდეს კინოლეგენდად გამოაცხადა.

[მუსიკა კინოფილმიდან "კასაბლანკა"]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG