Accessibility links

logo-print

რატომ გაძლიერდა ”საზღვარი” ენგურის ხიდზე


მეორე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზურმა მხარემ გაამკაცრა სასაზღვრო რეჟიმი ენგურის ხიდზე.


აფხაზი მებაჟეები, რომლებსაც კრასნოდარის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი მეთაურობს, გალის რაიონში გადასვლისათვის თითოეულ მოქალქეს 750 ლარს სთხოვენ. თვითგამოცხადებული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ საბაჟო წესების გამკაცრება ენგურის ხიდზე 10 იანვრიდან დაიწყო. ზუსტად იმ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზემო აფხაზეთში გამოთქვა სურვილი გალის რაიონში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და, ამასთანავე, გალელი პედაგოგების მატერიალური სტიმულირების საჭიროებასაც შეეხო. რატომ გაძლიერდა საბაჟო კონტროლი ენგურის ხიდზე და როგორ აპირებს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება შეასრულოს პრეზიდენტის დავალება?

120-მდე გალის მცხოვრები ქართველი ძველით ახალ წელს, შესაძლოა, ენგურის ხიდზე შეხვდეს, თუკი ისინი არ გადაიხდიან აფხაზი მებაჟეების მიერ დაწესებულ გადასახადს, რაც ერთ სულზე 750 რუსულ რუბლს, ანუ დაახლოებით 30 ამერიკულ დოლარს, შეადგენს. გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ზუგდიდისა და საქართველოს სხვა ქალაქების ბაზრებზე სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზებით ირჩენენ თავს, აფხაზი მებაჟეების მოთხოვნა უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.

[გალელი მოქალაქეების ხმა]”750 რუბლი აქ არა აქვს ახლა ხალხს და იქით არ უშვებენ, აქეთ არ უშვებენ.”/ ”ჩაკეტილია და არ წამოხვიდეო. წადიო ”ნაზად”.(სტილი დაცულია)


გალის ქართული ადმინისტრაციის უფროსმა ბადრი ბულისკირიამ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ 120 ქართველს აფხაზი მებაჟეები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ და აიძულებენ გადაიხადონ დადგენილი თანხა. გალელი მოქალაქეები რუსეთის სამშვიდობო ძალების 201-ე პოსტთან იმყოფებიან და არ იციან, ვისი დახმარების იმედი ჰქონდეთ. რუსი სამხედროები საქმეში არ ერევიან. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც კოდორის ხეობაში იმყოფება და იქ თოვლის ბაბუის დასახვედრად საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ”ხეობაში ვარ ახლა. აქ სხვა ღონისძიებებს ვატარებ და, სიმართლე გითხრა, კომენტარს ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით.”

განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აქიშბაიამ. აღსანიშნავია, რომ, თოვლის ბაბუამდე, ზემო აფხაზეთს 10 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდა. კოდორის ხეობაში მყოფმა სააკაშვილმა აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობას დაავალა საგანგებო კონტროლზე აიყვანონ გალელი პედაგოგების ფულადი კომპენსაციის დროულად გადახდის საკითხი. შესაბამისად, იბადება კითხვა: რა გზით აპირებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა ამ თანხის გალელ მასწავლებლებამდე მიტანას, თუკი აფხაზები არ აღადგენენ მიმოსვლას ენგურის ხიდზე? მალხაზ აქიშბაია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტის დავალება შესრულდება:

[მალხაზ აქიშბაიას ხმა] ”ყოველთვის იყო შესაძლებელი იქ ვითარების დარეგულირება. არა მგონია, ამან გაართულოს ის, რაც თქვა პრეზიდენტმა და სხვა მიმართულებები, რაც დაგეგმილი გვაქვს აფხაზეთში.”(სტილი დაცულია)

ენგურის ხიდზე დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ კონტროლი მას შემდეგ გაამკაცრა, რაც გასული წლის ბოლოს დაუდგენელმა პირებმა, ტერორისტული აქტის შედეგად, სეპარატისტული ხელისუფლების გავლენიანი პირები ოთარ ტურნამბა და ალიკ ხიშბა მოკლეს. იმ დღიდან აფხაზეთის თვითაღიარებულმა მთავრობამ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ტერაქტის უკან ქართული სპეცსამსახურები დგანან, გაამკაცრა საქართველოსთან მიმოსვლა ენგურის ხიდზე.
XS
SM
MD
LG