Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესის მიმოხილვაში დღეს შევეხებით ორ თემას, რომელსაც მთელი კვირის მანძილზე გამორჩეული ყურადღება ეთმობოდა დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებში:

ესენია ერაყში აშშ-ის ახალი სტრატეგია და ევროპის ქვეყნებში რუსეთის ნავთობის ექსპორტის დროებით შეწყვეტა.

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ოთხშაბათს ღამით, საგანგებო სატელევიზიო მიმართვაში წარმოდგენილ გეგმას, რომლის მიზანიც ერაყში ამჟამინდელი, ჯორჯ ბუშის თქმით, “მიუღებელი” ვითარების გამოსწორებაა, თითქმის ცალსახად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა პრესაში.

“ნიუ-იორკ ტაიმსის” შეფასებით, პრეზიდენტს ამ მიმართვით ჰქონდა შანსი, ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანი არ გაეხადა და გულწრფელი ყოფილიყო. მაგრამ მან ამ შანსით არ ისარგებლა, წერს “ნიუ-იორკ ტაიმსში” დაბედჭილი სტატიის ავტორი და განაგრძობს:

“ამერიკელებს სურდათ ბუშისაგან მოესმინათ, როგორ აპირებს ის ამერიკელი ჯარსიკაცების გამოყვანას ერაყის კატასტროფიდან, რომელიც თვითონვე გამოიწვია. მაგრამ სინამდვილეში მოისმინეს კიდევ უფრო ზოგადი განცხადებები ტერორიზმთან ბრძოლაში გამარჯვებასა და ერაყში ახალგაზრდა დემოკრატიის შექმნაზე. სხვაგვარად რომ ითქვას, ამერიკელებმა დაინახეს იმ პრეზიდენტის გზა, რომელიც თავისი მმართველობის ბოლომდე სავარძელში მოკალათებული დარჩება და პრობლემებს შემდეგ პრეზიდენტს დაუტოვებს”.

აშშ-ის პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლამ ვერც რომის გაზეთ “რეპუბლიკას” კომენტატორის მოლოდინი გაამართლა.

“ოთხი წელი ომის შემდეგ იყო იმედი, რომ პრეზიდენტი ბუში ყურს დაუგდებდა იმ დემოკრატიის ხმას, რომელსაც ისე ეთაყვანება, რომ ძალით სურს მისი გავრცელება მსოფლიოში. მაგრამ ეს იმედი გაანადგურა იდეოლოგმა, რომელსაც სურს გადაირჩინოს საკუთარი თავიც და თავისი იდეოლოგიის ნამსხვრევებიც - თუნდაც ეს ადამიანების სიცოცხლის ფასად მოხდეს. თეთრ სახლში ისევ “ღვთაებრივი მისიის” ცდუნებამ გაიმარჯვა რეალობის აღიარებაზე. პრეზიდენტ ბუშის პასუხი ერაყში 4-წლიან წარუმატებლობაზე არის “ახალი გეგმა”, რომელიც ძველის ასლს ჰგავს, ოღონდ შეიცავს საფრთხეს, რომ ომი მთელს რეგიონს მოედება”.

ჯორჯ ბუშის მიერ წარმოდგენილი ახალი გეგმა, რომელსაც ასე მკაცრად აკრიტიკებს იტალიის გაზეთი “რეპუბლიკა”, როგორც ცნობილია, ერაყში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდას - დამატებით, 21 500 კაცის გაგზავნას ითვალისწინებს. შვეიცარიის გაზეთ “ბაზლერ ცაიტუნგის” კომენტარი:

“ბუშის ახალი კურსი მდგომარეობს ძველის გაგრძელებაში, ოღონდ მეტი ჯარისკაცით. ერაყიდან ჯარისკაცების გეგმაზომიერი გაყვანის მოთხოვნა, რომლითაც ვაშინგტონში - დემოკრატებით დაწყებული და საგანგებო კომისიის თავმჯდომარე ჯეიმს ბეიკერით დამთავრებული - კრიტიკოსთა სულ უფრო ფართო კოალიცია გამოდის, პრეზიდენტმა ყურად არ იღო. არადა, ბუშის მიერ გამოთქმული გაფრთხილება, “ერაყში შეერთებული შტატების წარუმატებლობის შემთხვევაში, კიდევ უფრო დიდი სისხლისღვრაა მოსალოდნელიო”, კაცმა რომ თქვას, სწორია. მაგრამ საკითხავია, რამდენად შეძლებს ამერიკელი ჯარისკაცების შედარებით მომცრო დამატებითი კონტინგენტი ერაყში ღია სამოქალაქო ომის თავიდან აცილებას (...) როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, ბუში ერაყში ბოლო რეზერვს აგზავნის. მას მეტი ჯარისკაცი არ ჰყავს”.

“ბაზლერ ცაიტუნგის” ამ კომენტარში არ არის დაზუსტებული წყარო ან მიზეზი შეფასებისა, რატომ არ ჰყავს აშშ-ის პრეზიდენტს მეტი ჯარისკაცი.

დადებითი გამოხმაურება ერაყში ჯორჯ ბუშის ახალ სტრატეგიაზე გაცილებით უფრო იშვიათია პრესაში, მაგრამ მაინც არის - მას წაიკითხავთ, მაგალითად, ავტორიტეტიან გერმანულენოვან გაზეთ “ნოიე ციურხერ ცაიტუნგში”, რომლის შეფასებითაც “ბუშის გეგმას ამჟამად რეალური ალტერნატივა არ გააჩნია. პრეზიდენტი პოლიტკურად შესაძლებლის ჩარჩოებში დარჩა.”

ევროპაში კი გასული კვირის მანძილზე, გამორჩეული მნიშვნელობის თემა იყო რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის შეჩერება, რისი მიზეზიც ბელორუსიასთან ტრანზიტზე უთანხმოება გახდა. მადრიდში გამომავალ გაზეთ “ABC”-ეს კომენტარი:

“ევროპაში თანდათან ტრადიციად ყალიბდება ის, რომ რომელიმე ენერგომომმარაგებელი ზამთარში ექსპორტის შეწყვეტით იმუქრება. ევროპელების პოზიცია სულ უფრო სუსტდება. ისინი დამოკიდებული არიან საზღვარგარეთიდან იმპორტზე და არ შესწევთ უნარი, გაერთიანებული ძალებით იმოქმედონ და ენერგომომმარაგებლებლთან ურთიერთობაში ეფქტიანად დაიცვან თავიანთი ინტერესები (...) რუსეთი თავს არ წარმოაჩენს სანდო პარტნიორად ენერგიით მომმარაგებლის როლში. და თუ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავის დამოკიდებულებას არ შეცვლის, ასეთი კრიზისის მოწმე კიდევ გავხდებით.”

რუსეთის პრეზიდენტის შესახებ ლაპარაკია გერმანიაში გამომავალ, ეკონომიკური პროფილის გაზეთ “ჰანდელსბლატშიც”. მასში დაბეჭდილი კომენტარის ავტორი იხსენებს გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის ერთ ძალიან გახმაურებულ გამონათქვამს “პუტინი კრისტალურად სუფთა დემოკრატიაო”. სტატიის ავტორი აქებს ამჟამინდელ კანცლერ ანგელა მერკელს, რომელიც პუტინისადმი გაცილებით უფრო კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენს.

“როგორც იქნა! ცოტა არ იყოს, (...) შვებისმომგვრელია ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელის ახალი ტონი კრემლთან მიმართებაში. როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ვლადიმირი პუტინი “კრისტალურად სუფთა დემოკრატად” იყო აღზევებული, მიუხედავად იმისა, რომ, არ მიუძღვის დამსახურება თავის სამშობლოში კანონის უზენაესობის დამკვიდრების მხრივ. მერკელის კრიტიკა მოსკოვის შეუთანხმებელი მოქმედების, ნავთობის ექსპორტის შეჩერების გამო - უფრო გამართლებულია (ვიდრე შრიოდერის ხოტბა პუტინის მისამართით).”

უმეტესწილად კრიტიკულია დასავლეთის სხვა საინფორმაციო საშუალებათა გამოხმაურებაც რუსეთის მიერ კლიენტების გაუფრთხილებლად ნავთობის ექსპორტის შეჩერებაზე. თუმცა, ლონდონში გამომავალი მემარცხენე ორიენტაციის “გარდიანისთვის” მოსკოვის თვალთახედვა გასაგებია და ის დასავლეთში სხვებსაც ურჩევს ამ თვალთახედვის გათვალისწინებას.

“რუსეთის ენერგეტიკული ნაციონალიზმი განხილულ უნდა იქნეს 1990-იანი წლების მოვლენათა გათვალისწინებით, როცა რუსები არა მარტო თავიანთი ზესახელმწიფოს დამხობას მოესწრნენ, არამედ საშუალო შემოსავლის შემცირებაც აიტანეს. არ შეიძლება რუსებს უსაყვედურო ის, რომ ახლა წინა პლანზე აყენებენ თავიანთ ეკონომიკურ ინტერესებს. რუსეთთან საქმიანი ურთიერთობა მომავალშიც გარდაუვალია. ორივე მხარეს ლეგიტიმური ინტერესები აქვს. ურთიერთობა, რომელშიც წონასწორობა დარღვეულია, ვერავის დაეხმარება”.
XS
SM
MD
LG