Accessibility links

logo-print

ეკონომიკური მიმოხილვა


ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არ აპირებს ყარსი-ახალქალაქის რკინიზგის იმ პროექტის დაფინანსებას, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობები განიხილავენ.

რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთ პროექტში სასურველი იქნებოდა რეგიონის ყველა ქვეყნის, მათ შორის, სომხეთის მონაწილეობაც. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მეთიუ ბრაიზას ეს ფრაზა მიმდინარე კვირის ყველაზე ხმაურიან განცხადებად იქცა.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სარკინიგზო უწყებების ხელმძღვანელების იმ შეხვედრის კვირაძალს, რომელზეც რკინიგზის ახალი ტოტის მშენებლობის უკანასკნელი დეტალები უნდა დაზუსტებულიყო, ბრაიზას გამოსვლა აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, ვინაიდან, თავდაპირველი ინფორმაციით, ამერიკის კონგრესი მზად იყო, ამ პროექტის განსახორციელებლად 500 მილიონი დოლარი გამოეყო. ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციის ასეთი მკვეთრი შეცვლა თბილისშიც, ბაქოშიც და ანკარაშიც ამერიკის სომხური ლობის აქტივობის შედეგად მიიჩნიეს. თუმცა სამივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტი მაინც აუცილებლად განხორციელდება და საამისოდ შიდა რესურსების მობილიზებაც სავსებით საკმარისი იქნება.

უკვე გადაწყვეტილია, რომ რკინიგზის საქართველოს მონაკვეთისთვის თანხებს აზერბაიჯანული მხარე უვადო ან გრძელვადიანი - სავარაუდოდ, 30-წლიანი - კრედიტის ფორმით გამოყოფს. საქართველოს ტერიტორიაზე ძველი მეურნეობის რეაბილიტაცია და 19-კილომეტრიანი ახალი ხაზის მშენებლობა 420 მილიონი დოლარი დაჯდება, მთელი ინფრასტრუქტურის გამართვა კი 600 მილიონს მოითხოვს. სამშენებლო სამუშაოები უკვე წლეულს, წლის მორე ნახევარში, უნდა დაიწყოს იმ ანგარიშით, რომ 2009 წლიდან ახალი რკინიგზა უკვე სრულფასოვნად ამოქმედდეს. შესაბამისად, ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობა სატრანსპორტო სფეროში უფრო მჭიდრო გახდება. ჯერჯერობით კი ურთიერთობების ახლებური სქემა ენერგეტიკულ სექტორში ყალიბდება.

ხანგრძლივი დაპირებების შემდეგ, საქართველოში შემომავალი აზერბაიჯანული გაზის ნაკადმა ზრდა დაიწყო. 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანი საქართველოს 120 დოლარად საკუთარი შიდა მარაგებიდან კიდევ 2,5 თვის განმავლობაში _ აპრილამდე - მოაწვდის. მხოლოდ ამის შემდეგ არის ნავარაუდევი საქართველოში შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენით შემოსვლა. ამ ინფორმაციამ, პრაქტიკულად, დაადასტურა ეჭვი იმის თაობაზე, რომ სამხრეთკავკასიური გაზსადენის ამოქმედება ნამდვილად არ არის ისეთი იოლი და სწრაფად მოგვარებადი საქმე, როგორც საქართველოს ხელისუფლება მთელი დეკემბრის განმავლობაში ანონსირებდა.

მიმდინარე კვირას საქართველოში არანაკლები შეშფოთება გამოიწვია ინფორმაციამ აზერბაიჯანში ნავთობის, ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასების მატების შესახებ. თუმცა კვირის ბოლოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირმა დააზუსტა, რომ აზერბაიჯანში მოიმატა ენერგორესურსებზე მხოლოდ შიდა ფასებმა, რომლებიც ძალიან დაბალი და პრაქტიკულად არასაბაზრო იყო. რაც შეეხება საიმპორტო ღირებულებას, მათ გენუის საერთაშორისო პლაცის ფასი არეგულირებს და ამ მიმართებით ცვლილება არ არის მოსალოდნელი. შესაბამისად, ქართველ მძღოლებს, რომლებიც ბენზინით სწორედ აზერბაიჯანიდან მარაგდებიან 60%-ით, საწვავზე ფასის ზრდა ამ ეტაპზე არ ემუქრებათ.

თუმცა ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ უამისოდაც უკვე მოასწრო თავისი შავი საქმის გაკეთება. სტატისტიკის დეპარტამენტმა უკვე გამოაქვეყნა 2006 წლის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ქვეყანაში ინფლაციური პროცესების ერთ-ერთი წამახალისებელი სწორედ ენერგორესურსებზე, საშუალოდ, 30%-ით მომატებული ფასი აღმოჩნდა. საერთოდაც, 2006 წელს ბევრ სასაქონლო ჯგუფზე ფასების რეკორდული მატება დაფიქსირდა: მაგალითად, ხილის ღირებულება მთელი 35%-ით იყო გაზრდილი, ბოსტნეულის კი _ 20%-ით, რაც სხვა მიზეზებთან ერთად ზაფხულის უპრეცედენტო გვალვამაც განაპირობა.

ინფლაციის წლიურ დონედ კი სტატისტიკის დეპარტამენტმა 8,8% მიიჩნია _ გაცილებით ნაკლები, ვიდრე ზაფხულში იყო, მაგრამ საგრძნობლად მეტი, ვიდრე შარშან წლის დასაწყისში მოელოდნენ. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პარამეტრიც შეფერხდა, რაც უპირველესად, რუსული ბლოკადის გამოძახილია.

თუმცა, როგორც ირკვევა, რუსული ბლოკადა ბოლო პერიოდამდეც მთლად ისეთი მკაცრი არ ყოფილა, როგორც გამოცხადებული იყო. ჯერ ერთი, თითქმის არ შეფერხებულა ფულადი გზავნილების მოძრაობა, რითაც რუსები ყველაზე მეტად იმუქრებოდნენ. მარტო წინასაახალწლოდ რუსეთიდან საქართველოში `ანელიკის~ ფულადი ტრანსფერების სისტემით 40 ათასი ფულის გადმორიცხვის ოპერაცია განხორციელდა, რითაც საქართველო მხოლოდ 46 ათასი ტრანსფერით პირველ ადგილზე გასულ ტაჯიკეთს ჩამორჩა.
ესეც არ იყოს, ჩრდილოეთ ოსეთში, ქვემო ზარამაგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარმა ინციდენტმა გამოააშკარავა, რომ, რუსეთის ფიტოსანიტარული კონტროლის სამსახურის აკრძალვის მიუხედავად, საქართველოდან რუსეთში 2006 წლის ბოლომდე როკის გვირაბით ციტრუსიც შეუფერხებლად შედიოდა. თუმცა ამჟამად ეს არხიც გადაიკეტა და უკან მობრუნებულ ციტრუსს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტის, დიმიტრი სანაკოევის მთავრობის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყიდულობს და გადასამუშავებლად ბიზნესმენ გოჩა ძასოხოვის ქარხანას აბარებს.

რაც შეეხება რუსეთთან სატრანსპორტო მიმოსვლას, მიმდინარე კვირას ავიაკომპანია `საქართველოს ნაციონალური ავიახაზების~ ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი ქვეყნის საავიაციო ადმინისტრაციებს შორის მიმოსვლის აღდგენაზე მიმოწერა დაიწყო. თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არავინ დაადასტურა. ისევე, როგორც ინფორმაცია რუსეთის საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აღდგენის თაობაზე, რაც რუსეთის საელჩომ კატეგორიულად უარყო.

რუსულმა კაპიტალმა კი მიმდინარე კვირას საქართველოში შემოსვლის მორიგი წინადადება მიიღო _ ქვეყანაში პრივატიზების ახალი ეტაპი იწყება. უახლოეს ხანებში გასაყიდად ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ და გემთსაშენ ქარხნებს გამოიტანენ. საბჭოური მანქანათმშენებლობის, პრაქტიკულად, უკანასკნელი აქტივი 7 მილიონ დოლარად არის შეფასებული. თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმ ახალ რესურსთან შედარებით, რომელიც საპრივატიზებო ნუსხას ემატება. ქვეყნის მთავრობამ უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ, ჯანდაცვის სისტემის ოპტიმიზაციის პროგრამის ფარგლებში, საავადმყოფოების სოლიდური ნაწილის პრივატიზებას გეგმავს.

ამ ინფორმაციამ საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მედიკოსთა კორპუსში, სადაც უმუშევრად დარჩენის საფრთხე იგრძნეს. აჟიოტაჟის ჩასაცხრობად ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრები დაუღალავად იმეორებენ, რომ ექიმების მასობრივი შემცირება მოსალოდნელი არ არის.
თავის მხრივ, პერმანენტული თავის მართლების რეჟიმში მოექცა თბილისის მერიაც. ქალაქის გაფართოების ახალმა გეგმამ, რომლის მიხედვითაც თბილისის სივრცეში მის მიმდებარედ განლაგებული 22 დაბა და სოფელი უნდა შევიდეს, ამ სოფლების მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. ისინი ქალაქთან შეერთების შემდეგ მოსალოდნელ მიწისა და კომუნალური გადასახადების მკვეთრ ზრდას უფრთხიან. მართალია, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ამ სოფლების ქალაქში მოქცევა მათ ეკონომიკურ პირობებზე გავლენას არ მოახდენს, მაგრამ ეს მოსახლეობის საპროტესტო განწყობებს ჯერჯერობით ვერ ამცირებს.
XS
SM
MD
LG