Accessibility links

logo-print

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა


ახალი წლის მეორე კვირა

მოვლენებით გაცილებით დატვირთული აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. საახალწლო კარნავალებისა და სუფრების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვეულ მდგომარეობას ჯერაც არ დაბრუნებოდა, როცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი კონსტიტუციის შექმნის იდეა წამოაყენა. ახალ საფიქრალთან ერთად ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას არც ძველი მოჰკლებია და გასულ კვირაში აქტუალობა კვლავაც არ დაუკარგავს საქართველოსთვის აზერბაიჯანის გაზის მოწოდების თემას. მოძმე აზერბაიჯანმა საქართველოს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობაშიც გაუწოდა დახმარების ხელი. მინდა გასული კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ უფრო დაწვრილებით გესაუბროთ.

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციაში საქართველოს პარლამენტმა 13-ჯერ შეიტანა ცვლილებები და დამატებები. სულ ბოლოს პარლამენტმა გასული წლის მიწურულს, 2006 წლის 29 დეკემბერს, გადაწყვიტა ქვეყნის ძირითადი კანონის შესწორება, რასაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი მოაწერა 10 იანვარს და განაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე მინდა ხაზი გავუსვა...”

სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი აღარ უხელმძღვანელებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არ დანიშნავს მოსამართლეებს. მეორე ცვლილების მიხედვით კი, 2008 წლის შემოდგომაზე ერთდროულად ჩატარდება როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი, ვახტანგ ხმალაძე, მიიჩნევს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული ეს ცვლილება სახიფათოა:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ”არჩევნები სხვადასხვა დროს იმართება ხოლმე...”

ცვლილების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი პოლიტოლოგი გია ნოდიაც. მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლების ფეხზე დასაყენებლად მხოლოდ კანონების შეცვლა არ კმარა. გია ნოდია ასევე არასწორად მიიჩნევს არჩევნების დანიშვნას გარე, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით.

[გია ნოდიას ხმა] ”ნეგატიურ შეფასებას იმსახურებს ის შეფასება..”

თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ ცვლილებებით არ კმაყოფილდება. საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 11 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ძირითადი კანონის ხელახლა შექმნის ინიციატივით გამოდის:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე მიმაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციას სჭირდება...”

მოქმედი კონსტიტუციის იმ ხარვეზების შესახებ, რომლებმაც პრეზიდენტ სააკაშვილს ახალი ინიციატივისკენ უბიძგა, პოლიტოლოგი გია ნოდია გვესაუბრება:

[გია ნოდიას ხმა] ”შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სერიოზული პრობლემა საქართველოში დემოკრატიისთვის...”

რის გამო გაჩნდა ასეთი დისბალანსი კონსტიტუციაში? მისი ერთ-ერთი ავტორი, ვახტანგ ხმალაძე, ამბობს, რომ ქვეყნის ძირითადი კანონი 2004 წლის თებერვლამდე, ანუ მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე, სრულად პასუხობდა დემოკრატიის ძირითად მოთხოვნებს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] ”შემოღებული იქნა მთავრობის ინსტიტუტი...”

ვახტან ხმალაძეს არა აქვს იმედი, რომ ამგვარი ცვლილებების ინიციატორ ხელისუფლებას კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდეს. შედარებით ოპტიმისტურადაა განწყობილი გია ნოდია, რომელიც მომავალი კონსტიტუცის კონტურებს მოხაზავს:

[გია ნოდიას ხმა] ”ის უნდა იყოს საკმარისად ზოგადი, ის უნდა...”

სხვაგვარია საკითხისადმი ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება. მათი აზრით, ახალი კონსტიტუციის მიღება სააკაშვილს იმისთვის სჭირდება, რომ, მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საპარლამენტო მმართველობის შემოღების გზით, საკუთარი ხელისუფლება გაიხანგრძლივოს.


საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, გასული კვირის პოლიტიკურ არენაზე გამოითქვა კიდევ ერთი ინიციატივა, კერძოდ, ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ. საპარლამენტო ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრის გია თორთლაძის განცხადებაზე დაყრდნობით, გავრცელდა იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების აქტიური წარმომადგენლების სახელები და გვარები, რომლებიც ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას გეგმავენ.

დეპუტატები კახა კუკავა, კოკა გუნცაძე და გიორგი ცაგარეიშვილი; მათთან ერთად, პოეტი რატი ამაღლობელი, ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარე ანა დოლიძე ახალი პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნებას გეგმავენ. ახალი პოლიტიკური პარტიის თუ მოძრაობის ფორმირება რომ მართლაც იგეგმება, ამას ჩამოთვლილი პირები არ უარყოფენ, თუმცა ზოგიერთი მათგანი გამორიცხავს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას.

დამოუკიდებელი დეპუტატის კოკა გუნცაძის თქმით, ჯერჯერობით არც ისაა გადაწყვეტილი, ახალი პარტია ჩამოყალიბდება თუ ეს იქნება არსებული პლიტიკური ძალების კოალიცია:

[კოკა გუნცაძის ხმა] ”ეს იქნება ახალი პოლიტიკური გაერთიანება თუ არსებული ძალების კოალიცია, მიზანია ამ ხელისუფლების ალტერნატივის ჩამოყალიბება. ”

ასე რომ, ახალი მძლავრი პოლიტიკური გაერთიანება გასულ კვირაში მხოლოდ იდეის დონეზე დარჩა.

გასულ კვირაში იდეის დონიდან რეალურ განხორციელებას მიუახლოვდა აზერბაიჯანიდან საქართველოში ყოველდღიურად 1 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების თემა.

მას შემდეგ, რაც ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტიდან შაჰდენიზის გაზის მიღება ტექნიკური მიზეზების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო, საქართველოს მთავრობამ გაზის დეფიციტის შესავსებად უშუალოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიაკითხა.

აზერბაიჯანი, რომელიც თავად განიცდის ბუნებრივი აირის დეფიციტს, თავის სტრატეგიულ მოკავშირეს დახმარებას მაინც დაჰპირდა. იმის კომენტირება, თუ რა რესურსების ხარჯზე მოხდება საქართველოსთვის ყოველდღიურად 1 მილიონი კუბმეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება, აზერბაიჯანელ ექსპერტებსაც კი უჭირთ. აზერბაიჯანის პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრის დირექტორი საბიტ ბაგიროვი:

[საბიტ ბაგიროვის ხმა] ”გულახდილად რომ გითხრათ, მე არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შაჰდენიზის გაზი იყოს, მაგრამ ის მალე იქნება. შესაძლებელია, სხვა საბადოების გაზია, მაგრამ ეს ნამდვილად აზერბაიჯანული გაზია.”

ამ ნამდვილად აზერბაიჯანულ გაზს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება 120 აშშ დოლარად შეიძენს, თავდაპირველად 1 იანვრისთვის ელოდნენ.
მაშინ ტექნიკური მიზეზების გამო მოწოდება 10 იანვრამდე გადაიდო.

[გაზის ხმა]

[ნიკა გილაურის ხმა] “ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ქვეყანას, საქართველოს, სამი ქვეყნიდან აქვს დივერსიფიცირებული გაზის
მომარაგება.”

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ერთი წლის წინ ასე აღნიშნავდა იმ გაზსადენის მწყობრში შესვლას, რომლითაც ახლა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის განხორციელება ვერ ხერხდება. საქართველოს ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანი მალე საქართველოსთვის გაზის ძირითად მომწოდებლად იქცევა.

ენერგეტიკული უსაფრთხოების ექსპერტის გია ხუხაშვილის კომენტარი:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”აზერბაიჯანიდან შემოვა, დაახლოებით, მილიონი კუბმეტრი...”

საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრეს ნიუსისათვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ისაკ ნავრუზოვი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანიდან გაზის მიღება მილსადენის ონკანის დაზიანების გამო შეფერხდა და ის უახლოეს დღეებში აღდგება.

მთავრობას იმედი აქვს, რომ იაფფასიანი აზერბაიჯანული გაზით ძვირად ღირებული რუსული გაზის დაბალანსებას მოახდენს. სხვაგვარად ფიქრობენ ექსპერტები, ვინაიდან რუსული ბუნებრივი აირის წილი თითქმის 7-ჯერ აღემატება აზერბაიჯანიდან მისაღები გაზის მოცულობას.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, აზერბაიჯანულმა გაზმა საქართველოს საზღვრები 12 იანვარს გადმოკვეთა.

გასულ კვირაში აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული მეგობრობის კიდევ ერთი ფაქტის დემონსტრირება მოხდა. აზერბაიჯანის მთავრობამ საქართველოს 200 მილიონი აშშ დოლარის შეღავათიანი კრედიტი გამოუყო ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საქართველოს მონაკვეთის ასაშენებლად. თუ როგორ მოხდება 25 წლიანი და 1 პროცენტიანი კრედიტის დაფარვა აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის ზიია მამედოვის კომენტარიდან შეიტყობთ:

[ზიია მამედოვის ხმა] ”კრედიტი დაიფარება ამ მონაკვეთის შემოსავლების ხარჯზე. ექსპლუატაციის დროს რამდენიც იქნება გამომუშავებული, დამოკიდებული იქნება გადაზიდვების მოცულობასა და ტარიფზე. რაც საჭირო იქნება მოცემული მონაკვეთის რკინიგზის ექსპლუატაციისთვის, იმ ხარჯებს გავითვალისწინებთ, დანარჩენი კი წავა კრედიტის დაფარვაზე.”

ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ასაშენებლად 422 მილიონი აშშ დოლარია საჭირო, ხოლო, მიმდებარე ინფრასტრუქტურის ჩათვლით, სულ პროექტის ღირებულება 600 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. როგორც ცნობილია, აშშ-ის კონგრესმა ამერიკულ კომპანიებს ამ პროექტის დაფინანსება აუკრძალა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და საქართველომ სტრატეგიულად და ეკონომიკურად სასარგებლო პროექტის განხორციელება არ შეაჩერეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის კომენტარი:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ეს არის, ბუნებრივია, სუვერენული გადაწყვეტილება...”

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2007 წლის მაისში დაიწყება და 2-3 წელიწადს გასტანს. პროექტის მნიშვნელობის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი გვესაუბრება:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”ამ სამი ქვეყნისთვის ის მნიშვნელობა აქვს, რომ ტვირთების მოძრაობა უფრო გაიოლდება... ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპასთან უფრო სრულმასშტაბიან ხასიათს მიიღებს.”

შემდგომ ეტაპზე, შესაძლებელია, ბაქო-თბილისი-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს შუა აზიის ქვეყნებიც შეუერთდნენ, რაც ამ პროექტით დაგეგმილ ეკონომიკურ სარგებელს კიდევ უფრო გაზრდის.

13 იანვარს თბილისში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზიია მამედოვმა, ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ, იმ დოკუმენტის პარაფირება მოახდინეს, რომელიც საფუძვლად დაედება აზერბაიჯანისა და საქართველოს თანამშრომლობას ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის სფეროში.
XS
SM
MD
LG