Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სამხედრო კონტინგენტი ერაყში ოპერაციის ბოლომდე დარჩება და, შესაძლოა, ავღანეთშიც გამოჩნდეს


შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ

გასულ კვირაში გამოქვეყნებული ერაყის ახალი სტრატეგია, კონგრესის მხარდაჭერის შემთხვევაში, ერაყში კოალიციის მოქმედებას, სულ მცირე, 2007 წლის ბოლომდე გაახანგრძლივებს. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, გავლენას იმ 850 ქართველ ჯარისკაცზეც იქონიებს, რომლებიც ერაყში მრავალეროვნული კოალიციის შემადგენლობაში მოქმედებენ. საქმე ისაა, რომ შარშან, 5 ივლისს, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ერაყში ბოლომდე ამერიკის გვერდით ყოფნას დაჰპირდა. ამ დღეებში კი საბოლოდ გახდა ცნობილი, რომ საქართველო არათუ ერაყიდან სამხედრო კონტინგენტის გამოყვანას არ ფიქრობს, არამედ მზად არის ქვედანაყოფი ავღანეთშიც გაგზავნოს. რა სამხედრო-პოლიტიკურ მიზნებს ისახავს საქართველოს ხელისუფლება ”სხვათა ომში” მონაწილეობით?

ერაყში საქართველოს სამხედრო კონტინგენტი 850 კაცამდე აღწევს, აქედან 500 კაცი ბაღდადში გაეროს მისიის დაცვის ფუნქციას ასრულებს, 300-კაციანი ქვედანაყოფი კი დაიალას პროვინციაში, ქალაქ ბაქუბაში, ახორციელებს სამხედრო მისიას. ბოლოსწინა ქართულ ბატალიონს, რომელიც გასული წლის მიწურულს დაბრუნდა ერაყიდან, მაიორი ზაზა მუშკუდიანი მეთაურობდა, რომელმაც, ჯერ კიდევ ერაყში მყოფმა, რადიო ”თავისუფლებასთან” სატელეფონო საუბარში ასე დაახასიათა ქართველი ჯარისკაცების ოპერატიული მიმართულება:

[ზაზა მუშკუდიანი] “ბაქუბა ითვლება ერთ-ერთ რთულ კონფლიქტურ რეგიონად ერაყში. ეს წითელი ზონაა და აქ არის დაიალას პროვინცია, რომელიც ერთ-ერთ ძლიერ დასაყრდენ პუნქტად ითვლება ტერორისტებისათვის. აქ მოკლეს ალ ზარქავი, ჩვენგან ერთ 10-15 კილომეტრში. ალბათ, იცით, რომ ოპერაცია ჩატარდა ცოტა ხნის წინ -ივნისის დასაწყისში.” (სტილი დაცულია]


მაგრამ საქართველოში ერაყიდან გამოსვლის სავარაუდო თარიღზეც არ ლაპარაკობენ. მეტიც, საქართველო, რომელიც ნატოში გაწევრიანებას ჩქარი ტემპით ცდილობს, ხოლო ქართველი სამხედროების ”ცხელ წერტილებში” გაგზავნით ალიანსის წევრებს თავის ერთგულებას უმტკიცებს, აპირებს მცირერიცხოვანი სამხედრო რაზმი ავღანეთშიც გაგზავნოს.
ჯერ კიდევ რიგაში ნატოს სამიტზე მყოფმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, რადიო ”თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში გასაგებად განაცხადა, რომ საქართველო ემზადება თავისი წვლილი შეიტანოს ავღანეთში ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში (ISAF):

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ამ შემთხვევაში მე არა ვარ ის პოლიტიკური ფიგურა, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ, პოლიტიკური გადაწყვეტილების სახით, ჩვენ ვაპირებთ, ისევე როგორც ერაყში, ავღანეთშიც კონტრიბუცია - და, თანაც, სერიოზული - მოვახდინოთ. იმიტომ რომ ეს, ჯერ ერთი, შედის ჩვენი მოკავშირეების ინტერესებში და, მეორე, ეს შედის ცივილიზებული კაცობრიობის ინტერესებში. ამიტომ საქართველო ყოველთვის დგას ცივილიზაციის გვერდზე, მით უმეტეს, როდესაც ის უპირისპირდება ველურობას.”(სტილი დაცულია)

8 იანვარს გაზეთ ”ახალ ვერსიასთან” ინტერვიუში ავღანეთში მიმდინარე სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციაში ქართული ქვედანაყოფის გაგზავნის შესაძლებლობა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ რურუამაც დაადასტურა. თანაც, რურუას თქმით, ”ჩვენი მონაწილეობა ნატოს ოპერაციებში თავად ალიანსის დახმარების გარეშეც” შეიძლება მოხდეს. იგულისხმება ის მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარება, რაც არ აკლდა აქამდე ალიანსის მხრიდან სუსტი ეკონომიკის მქონე საქართველოს კონტინგენტს. ღირს აღინიშნოს, რომ ქართველი მშვიდობისდამცველი ჯარისკაცები ავღანეთის ტერიტორიაზე ორი წლის წინ გამოჩნდნენ. 50-მდე ჯარისკაცი საჩხერის ნომერ მე-16 ბატალიონიდან 6 თვის განმავლობაში, მრავალათასიან კონტინგენტთან ერთად, 2004 წლის ოქტომბერში ავღანეთის პირველი დემოკრატიული არჩევნების მშვიდობიან ჩატარებას უზრუნველყოფდა, განაცხადა ეროვნული გვარდიის მაშინდელმა სარდალმა, გენერალმა სოსო ქუთათელაძემ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში:

[სოსო ქუთათელაძის ხმა ] ”ჯერ გერმანიაში ჩავიდნენ, იქ გაიარეს მომზადება. გერმანელების ეგიდით, აი, იმ არჩევნებთან დაკავშირებით იყვნენ ჩასულები[ავღანეთში]. თუ არ ვცდები, ექვსი თვე იყვნენ. ბიჭები დააჯილდოეს და ისე გამოუშვეს.”[სტილი დაცულია]


აღსანიშნავია, რომ ქართველ სამხედროებს ნატოს ეგიდით კოსოვოში მოქმედ სამშვიდობო ოპერაციაში (KFOR) ხანგრძლივი, 7 წლიანი, გამოცდილება აქვთ. მორიგი ქართული ქვედანაყოფი ახალი წლის პირველ დღეებში გაემგზავრა თურქებით დასახლებულ სოფელ მამუშში. ასე რომ, თუ ხელისუფლებამ სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა ავღანეთშიც გადაწყვიტა, მაშინ საქართველო, ერთბაშად, სამ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტში იქნება წარმოდგენილი, რაც ნატოს წევრი ქვეყნების თვალში კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, იმიჯს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ამ გადაწყვეტილებას სერიოზული დაპირისპირება მოჰყვეს ქვეყნის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, რომლის წარმომადგენლებს დღემდე არ მიუღიათ პასუხი შეკითხვაზე, თუ რატომ გაიზარდა ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართველი სამხედროების რაოდენობა ერაყში 850- კაცამდე, როცა სხვა, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნები ყოველწლიურად ამცირებენ სამხედრო ყოფნას ერაყში.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG