Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


თბილისში ახლა უკვე არა მარტო სამხატვრო

დარბაზები, არამედ სამხატვრო სალონებიც იხსნება. გალერეისგან განსხვავებით, სამხატვრო სალონი არა მარტო ექსპონატების დათვალერებისთვის, შეძენისთვის, არამედ ადამიანთა შეხვედრებისთვისაცაა განსაზღვრული. ეს ძველთაძველი თბილისური ტრადიციაა, რომელსაც დღეს უამრავი არტისტი დრომოჭმულად, ”დეკადენტურად” მიიჩნევს. რა საჭიროა ”ელიტარული სალონები”, როცა შეხვედრების სხვა უფრო თანამედროვე ფორმები არსებობს - ბარებში, კლუბებში, თეატრის ფოიეში - იქ, სადაც არტისტებს არა მარტო ერთმანეთთან, არამედ პუბლიკასთან ურთიერთობის საშუალებაც აქვთ

მაგრამ რამდენად გამართლებულია, მაგალითად, ხსოვნის საღამოს მოწყობა ძალიან დიდ აუდიტორიაში, დიდ სივრცეში? როგორც წესი, ასეთი საღამოები ხელოვნური, ზეაწეული ტონით გამოირჩევა და ეს განწყობა ძალიან ხშირად ეწინააღმდეგება იმ ადამიანის ბუნებას, რომლის ხსოვნასაც ეძღვნება ეს საღამო. რამდენად გამართლებულია, მაგალითად, დიდი თბილისელი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ხსოვნის საღამოს მოწყობა ფილარმონიაში ან, თუნდაც, ოპერაში - ორკესტრისა და გუნდის თანხლებით? ფარაჯანოვი ხომ მთელი თავისი ცხოვრებით, შემოქმედებით ეწინააღმდეგებოდა პომპეზურობასა და პათეტიკას. მისი ხელოვნებაც ბევრისთვის გაუგებარი იყო. თავადაც არ მალავდა, რომ თანამოაზრეებისთვის იღებდა კინოს - იმ ხალხისთვის, ვინც სილამაზეს აფასებს. თუ გნებავთ, მათ ”დეკადენტები”, ესთეტები, სნობები უწოდეთ. ფაქტია, რომ მთელ მსოფლიოში არიან ასეთი ადამიანები და ფაქტია, რომ სერგო ფარაჯანოვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ეს ხალხი უწოდებს ”გენიოსს”.

ასეთი ხალხი თბილისშიც ბევრია - ფარაჯანოვის მეგობრები, კოლეგები, მისი შემოქმედების ახალგაზრდა თაყვანისმცემლები. მათ მიეკუთვნება სწორედ მხატვარი ლალი ა-მირ ალი გიორგაძე, რომელმაც ამ კვირაში თავისი სახელოსნო-სალონის პრეზენტაცია ძველ თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, სომხური ეკლესიის უკან, სწორედ სერგო ფარაჯანოვის ხსოვნის საღამოს დაამთხვია.

[ლალი ა-მირ ალი გიორგაძის ხმა] ”სახელოსნო გასაგებია - ვაკეთებ თოჯინებს, მაგრამ სალონი - დაემთხვა ფარაჯანოვის დაბადების დღეს. მინდა, რომ ეს სალონი ადამიანთა გახსენების კერა გახდეს - მიშიკო ჭავჭავაძის, დოდო ალექსიძის, სოლიკო ვირსალაძის, ვისთანაც მთელი ცხოვრება მქონდა შეხება. მე მინდა თვეში ერთხელ ვიღაცის გახსენების დღე გავაკეთო.”(სტილი დაცულია)

9 იანვარს სერგო ფარაჯანოვს 83 წელი შეუსრულდებოდა. ეს არ არის მრგვალი თარიღი, მაგრამ 9 იანვარს ფარაჯანოვის მეგობრები და კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. ქალბატონ ლალის თქმით, ამ სალონში გაიხსენებენ იმ არტისტებს, რომელთაც სიცოცხლე უყვარდათ. ამიტომ ხსოვნის საღამოები ყოველთვის მხიარული იქნება. ამისათვის ხალხს გარემო შეუწყობს ხელს. თბილისის ეს ახალი კულტურული სივრცე, სადაც თოჯინები, კოლაჟები, ფარდაგებია გამოფენილი, უაღრესად ჭრელია და, ამავე დროს, უაღრესად სადა.

[ლალი ა-მირ ალი გიორგაძის ხმა] ”შეიძლება ეს ბანალურია, რომ აქ გაიხსნებენ მხოლოდ იმ ხალხს, ვინც ჩვენთან ერთად არ არის. მაგრამ ამ ადამიანებს იმდენი აქვთ ჩემთვის გაკეთებული, რომ მინდა მათ მადლობა გადავუხადო.”

სერგო ფარაჯანოვის ხსოვნის საღამოს ორგანიზატორია ფარაჯანოვის ფონდი, რომელიც თერთმეტი წლის წინ დააარსა ხელოვნებათმცოდნე მანანა ჭყონიამ. ფონდი არსებობს, მაგრამ არ არსებობს თანხა ფარაჯანოვის ხელოვნების პოპულარიზაციისთვის. მანანა ჭყონიას თქმით, თბილისისთვის ფარაჯანოვის სახელის შენარჩუნებით დღეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დაინტერესებული. ამიტომაცაა ბუნებრივი, რომ სალონში ეწყობა დიდი რეჟისორის ხსოვნის საღამო, რეჟისორისა, რომელსაც მსოფლიოში იხსენიებენ როგორც ”თბილისელ ხელოვანს”.

[მანანა ჭყონიას ხმა] “სულ ვამბობ, ეტყობა, სერჟიკა ”ზევიდან” ხელს მიწყობს, ეს ფონდი რომ მოვათრიე აქამდე კბილებით... მაგრამ შენობა არ მქონდა, რომ გამეკეთებინა და ამ ქალბატონმა დამითმო თავისი სალონი, ამ მოვლენის გამო დაჩქარდა პრეზენტაციაც.”

დღეს ფარაჯანოვის შემოქმედების ქართველი თაყვანისმცემლები სინანულით იხსენებენ 90-იანი წლების დასაწყისს, როცა, რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ, სასწრაფოდ გაიყიდა მისი ბინა კოტე მესხის ქუჩაზე, სახლი, სადაც არაერთი დიდი ხელოვანი სტუმრობდა რეჟისორს, სადაც მარჩელო მასტროიანიმ თქვა: ”ჩემთვის აი, ეს ეზოა თბილისიო”. გაიძარცვა ფარაჯანოვის ქონება. მისი კოლაჟები, თოჯინები, ესკიზები, ნახატები საზღვარგარეთ აღმოჩნდა. ცოტა ხანში ერევანში, ქალაქში, სადაც ფარაჯანოვს, ფაქტობრივად, არ უცხოვრია, რეჟისორის მუზეუმი გაიხსნა. დღეს ფარაჯანოვის ხელოვნების თაყვანისმცემლები სწორედ ერევანში ჩადიან ამ მუზეუმის დასათვალიერებლად. ერევანში. მაგრამ თბილისში -აღარ.

[მანანა ჭყონიას ხმა] ”თავიდან მუზეუმის გახსნაზე ვფიქრობდი, მაგრამ პრაქტიკულად გამოირიცხა მუზეუმი, რადგანაც შენობა არ არსებობს; ექსპონატებიც იმ რაოდენობით არ არსებობს, რომ მუზეუმის თუნდაც ერთი დარბაზი გამოვიდეს...” (სტილი დაცულია)

თუმცა მთავარი ხომ ის არაა, რომ თბილისს ფარაჯანოვის - ახლა უკვე ძალზე ძვირად ღირებული - ექსპონატები შემოაკლდა. მთავარი ისაა, რომ საქართველოში ჯერ არაფერი დაწერილა დევნაზე, რომელსაც სერგო ფარაჯანოვი განიცდიდა საქართველოში 80-იანი წლების მიწურულსაც, ციხიდან განთავისუფლების შემდეგ.. იმაზე, რომ მას არ მისცეს უფლება გადაეღო ”შუშანიკის წამება”; იმაზე, რომ ზოგიერთმა ქართველმა კრიტიკოსმა და მწერალმა ფარაჯანოვის ფილმი ”ლეგენდა სურამის ციხეზე” ”ანტიქართულ მოვლენად” მონათლა. ”ჩვენ არათუ ფარაჯანოვის ნივთები ვერ შევინარჩუნეთ, ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ თავად ფარაჯანოვი,” - აღნიშნავს მანანა ჭყონია და გვიამბობს, რა გააკეთა ფონდმა თავად ქართული საზოგადოების რეაბილიტაციისათვის, სერგო ფარაჯანოვის ხსოვნის შენარჩუნებისთვის:

[მანანა ჭყონიას ხმა] ”იმისათვის, რომ ფონდი მარტო ფონდად არ დარჩენილიყო, უმოქმედოდ არ დარჩენილიყო და თბილისს ფარაჯანოვის სახელი დარჩენოდა, დავაარსე ეს პრიზი - საერთაშორისო პრიზი - ბროწეული მინანქარში. ორიგინალია ყოველ დამზადებაზე... ნატურალური ზომის ბროწეული იმუშავებს მარტო კინოფესტივალებზე. პოლონეთში ამ ზაფხულს გავაგზავნეთ ვროცლავის ფესტივალზე. მეორე პრიზი, რომლითაც რობერტ სტურუა და გოგი მესხიშვილი დავაჯილდოეთ, ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის გაიცემა.”


იანვრის მიწურულს სერგო ფარაჯანოვის პრიზებს კიდევ ორ ხელოვანს გადასცემენ -რეზო ჩხეიძეს, ადამიანს, რომელმაც ციხიდან განთავისუფლებულ ფარაჯანოვს ფილმის გადაღების საშუალება მისცა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში”, და ფარაჯანოვის მუზას, სოფიკო ჭიაურელს. დაჯილდოების ცერემონიალი კვლავაც ვიწრო წრეში, ”სალონურ ვითარებაში”, მოეწყობა. ძველი თბილისის ამ პატარა სახლში კვლავ შეიკრიბებიან ადამიანები, რომლებიც, მასკულტურის მომძლავრებისა და სტანდარტიზაციის ეპოქაში, უნიკალურსა და განსხვავებულს აფასებენ. თუ გნებავთ, ”დეკადენტები” უწოდეთ ამ ხალხს, თუ გნებავთ, სნობები.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG