Accessibility links

logo-print

კონდოლიზა რაისი ახლო აღმოსავლეთში სტუმრობს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი განაგრძობს ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობას.

ორშაბათს იგი იერუსალიმში შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტს, შემდეგ ეგვიპტეს ესტუმრა. სამშაბათს კი ქუვეითში განაგრძობს ტურნეს.
ამერიკის მოკავშირეებთან რაისის შეხვედრებს წინ უსწრებდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ ერაყის საკითხებში ახალი სტრატეგიული გეგმის გამოქვეყნება, რომელიც, მიუხედავად კონგრესის წინააღმდეგობისა, ერაყში დამატებითი ჯარების გაგზავნას ითვალისწინებს.

კონდოლიზა რაისი ორშაბათს იერუსალიმში შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტს მას მერე, რაც კვირას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და იორდანიაში იმოგზაურა.

ახლო აღმოსავლეთში რაისის სტუმრობა ამ რეგიონში ამერიკის პოლიტიკის გააქტიურებაზე მიუთითებს, მაგრამ ჯერჯერობით არავითარი წინსვლა არ შეინიშნება ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესში.

როგორც კვირას რამალაში განაცხადა რაისმა, იგი ეთანხმება მოწოდებებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს რეგიონში.

[რაისის ხმა] "ხმამაღლა და გარკვევით გაისმა მოწოდება, რომ ამერიკა უფრო ღრმად ჩაერთოს ამ პროცესში. შეერთებული შტატები აქტიურად ცდილობს, დახმარება გასწიოს ისეთი გადაწვეტილების გამონახვაში, რომელიც უსაფრთხოდ, მშვიდობაში და დემოკრატიაში ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს ისრაელს და პალესტინელებს."

მაგრამ რეგიონის ლიდერების პოზიიდან არაორაზროვნად ჩანს, რომ რაისი მძიმე ამოცანის წინაშე დგას.

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა უარყო იდეა, რომელიც "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმით არის გათვალისწინებული და რომელსაც ვაშინგტონი უჭერს მხარს - ესაა პალესტინელთა სახელმწიფოს დროებითი საზღვრების დადგენა.

ორშაბათს კი, როცა რაისი ოლმეტრს ხვდებოდა, ისრეალის ბინათმშენებლობის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 44 სახლის აშენება აქვს დაგეგმილიმდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უდიდეს ებრაულ დასახლებაში, რაც "საგზაო რუკის" დარღვევაა. საგზაო რუკა დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვს.

არაბული ქვეყნების ბევრმა ლიდერმა აგრძნობინა ვაშინგტონს, რომ ერაყში დახმარების სანაცვლოდ ისინი ისრაელსა და პალესტინელებს შორის ურთიერთობაში წინსვლას მოელიან.

რაისის ახლო აღმოსავლურ ტურნემდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა თეთრი სახლის გეგმები, რომლის თანახმად, ამერიკა ერაყში დამატებით 21500 ჯარისკაცის გაგზავნას აპირებს.

ჯორჯ ბუშის ამ გეგმას ეწინააღმდეგება ახალარჩეული კონგრესი, რომელშიც დემოკრატები ორივე პალატას აკონტროლებენ.

ბუშის ახალ სტრატეგიას მხარდამჭერები ჰყავს საკუთარ ადმინისტრაციაში, მაგრამ ამ საკითხში საზოგდოებრივი აზრი მკვეთრად უარყოფითია.

მართალია, ვითარების უკიდურესად გამწვავების შემთხვევაში დემოკრატებმა შეიძლება ერაყის კამპანიის დაფინანსება შეწყვიტონ, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს მოსალოდნელი არ არის ამერიკის მმართველ წრეებში აზრთა სხვადასხვაობის გამო.
XS
SM
MD
LG