Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო ინიციატივები.


ახალი წელი დაიწყო პრეზიდენტის ინიციატივებით, რომლებმაც საფიქრალი გაუჩინა მის პოლიტიკურ ოპონენტებს და ექსპერტებს.

რა სურს მიხეილ სააკაშვილს - რეალური დიალოგი ოპოზიციასთან, დემოკრატიული მართვის ილუზიის შექმნა, სახელმწიფოს დაფუძნებისთვის აუცილებელი ატრიბუტების სრულყოფა, თუ საკუთარი კარიერის მაქსიმალურად გახანგრძლივება?
შობა-ახლი წლის სადღესასწაულო განწყობა ჯერ განელებულიც არ იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივებით წარსდგა საზოგადოების წინაშე: მან ისაუბრა ახალი კონსტიტუციის შექმნის აუცილებლობაზე და ოპოზიციას შესთავაზა თანამშრომლობა უშიშროების საბჭოს გაფართოებული შემადგენლობის ფორმატით.

ოპოზიცია მოუმზადებელი შეხვდა პრეზიდენტის ინიციატივებს, რაც გასაკვირი არ ყოფილა: გასულ წლებში ხელისუფლება არ გამოირჩეოდა განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემით და დიალოგის კულტურით. ოპოზიციის მოუმზადებლობა გამოიხატა არა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ერთმანეთისგან განსხვავებული რეაქციით, არამედ, მათი სწრაფი და არადამაჯერებელი პასუხებით პრეზიდენტის შეთავაზებებზე. მაგალითად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი განმარტავდა უმთავრეს საკითხებს: რისთვის არის საჭირო ახალი კონსტიტუცია, რა პრინციპიებზე უნდა აიგოს და, სავარაუდოდ, როდის უნდა დასრულდეს მასზე მუშაობა, - პოლიტიკურმა პარტიებმა სასწრაფოდ დაადასტურეს ან უარყვეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ამ საკითხზე. ერთ დღეში კი გაირკვა, რომ, თურმე, ახალი კონსტიტუცია შორეული მომავლის ამოცანაა და მისი მიღება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება. სააკაშვილის ამ განმარტებამ მყისვე წარმოაჩინა პარტიების და პოლიტიკური ჯგუფების ჩქარა-ჩქარა პოზიციის უმწიფრობა.

დაახლოებით იგივე მოხდა უშიშროების საბჭოს ფორმატით თანამშრომლობის შეთავაზებისას. პარტიის ლიდერებმა მანამდე გამოიტანეს დასკვნები და ჟურნალისტებსაც გაუზიარეს, ვიდრე დააზუსტებდნენ, რა საკითხების განხილვას აპირებდა პრეზიდენტი ოპოზიციასთან ერთად, რატომ უშიშროების საბჭოში და რა შედეგის მიღწევა სურდა სააკაშვილს დიალოგის მეშვეობით; ერთი სიტყვით, რა იყო პრეზიდენტის ამ ინიციატივის რეალური წონა და, აქედან გამომდინარე, რას უფრო მყარი საფუძველი ჰქონდა - თანხმობას თუ უარს.

მართალია, ოპოზიცია სწრაფად გადავიდა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ რეჟიმში და მის რამდენიმე ზოგად წინადადებას კონკრეტული პირობების წამოყენებით უპასუხა, თუმცა, საბოლოოდ, გაუგებარი დარჩა, რატომ ააფორიაქა მიხეილ სააკაშვილმა სადღესასწაულო განწყობაზე მყოფი პოლიტიკური სპექტრი და მასმედია. ერთი მხრივ, ახალგაზრდა პრეზიდენტისგან, რომელმაც ხავერდოვანი რევოლუციის გზით დაამხო ძველი ხელისუფლება, შექმნა მართვის ახალი სტილი, ახალი ჰიმნი, დროშა და გერბი, სრულიად ბუნებრივია ახალი კონსტიტუციის დაწერის ინიციატივაც. მიხეილ სააკაშვილს აქვს ამბიცია, რომ გახდეს სახელმწიფოს დამფუძნებელი, რაც თავისთავად გულისხმობს სახელმწიფოს ყველა მთავარი ატრიბუტის, მათ შორის, კონსტიტუციის განახლებას. მაგრამ უპასუხო კითხვად რჩება, რატომ იწყებს პრეზიდენტი ამ თემაზე საუბარს დღეს, თუკი ახალი კონსტიტუციის იდეა აქტუალურია მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის შორეული მომავლის კონტექსტში. ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თვალსაწიერში.

რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგს, ამ შეთავაზებასაც ახლდა ბუნდოვანება, რაზეც ზევით უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მისი ახსნა შესაძლებელია, თანაც, მეტად ოპტიმისტური ვერსიით. როდესაც გასული წლის ბოლოს ხელისუფლება დატოვა ირაკლი ოქრუაშვილმა, მაშინვე გაჩნდა შეკითხვა, თუ რით იყო განპირობებული სააკაშვილის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და გავლენიანი წევრის ჩამოშორება მართვის სადავეებიდან: პიროვნული კონფლიქტით თუ ძალისმიერი პოლიტიკის მარცხით. შესაძლებელია, თავდაცვის მინისტრის მიერ საკუთარი ფუნქციის ხედვა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული ძალისმიერ პოლიტიკასთან, ბოლოს და ბოლოს, დაუპირისპირდა ქართული სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების სტრატეგიულ ვექტორს. ამ შემთხვევაში, საქმე ოქრუაშვილის გადაყენებით ვერ დასრულდებოდა და პირველ მძიმე გადაწყვეტილებას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვებოდა სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით. არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციისთვის რეგულარული დიალოგის შეთავაზება სწორედ ამგვარი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

და რაგინდ მცირე რაოდენობის ადამიანს ეხებოდეს პრეზიდენტის მოწოდება თანამშრომლობისკენ, რაგინდ საეჭვო იყოს სათანამშრომლო თემები თუ გულწრფელობის ხარისხი, ნებისმიერ შემთხვევაში, კონსენსუსის, დიალოგის, სამშვიდობო პოლიტიკის კონტექსტი თითოეულ მოქალაქეს მეტ სივრცეს სთავაზობს თავისუფლებისთვის და შემოქმედებისთვის. სწორედ ამ შესაძლებლობის გათვალისწინებით იძენს საგანგებო მნიშვნელობას პრეზიდენტის ბუნდოვანი საახალწლო ინიციატივები.






XS
SM
MD
LG