Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“გრძნობათა იმპერია” – 30


1990 წლის თებერვალში თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში დაახლოებით ორი ათასმა მაყურებელმა,

პირველად ნახა ცნობილი იაპონელი რეჟისორის, ნაგისა ოსიმას ფილმი “გრძნობათა იმპერია”. ამ სურათის პროდიუსერის, ანატოლ დომანის სურათების რეტროსპექტივაში ჩართულმა ეროტიკულმა ტრაგედიამ შოკივით იმოქმედა თბილისელებზე. თუმცა, რუსეთისგან განსხვავებით, “გრძნობათა იმპერიის” ჩვენებას სკანდალი არ მოჰყოლია. ქართულ საზოგადოებას იმხანად ან კინოსთვის არ ეცალა, ან, უბრალოდ, მზად იყო ასეთი კინოს აღქმისათვის. დღეს, როცა ნაგისა ოსიმას ფილმის მსოფლიო პრემიერიდან ზუსტად 30 წელი გავიდა, ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, “ოქროს საუკუნის” წამყვანი გიორგი გვახარია, “გრძნობათა იმპერიის” როლზე გვესაუბრება მსოფლიო კინოს ისტორიაში.

1990 წლის იანვარში, მოსკოვში, ახლადგახსნილი კინოს მუზეუმის დიდ დარბაზში, სეანსი ჩაიშალა. ნაგისა ოსიმას ფილმის, “გრძნობათა იმპერიის” ჩვენების დროს რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაიწყო ყვირილი “ჟიდომასონები რუსულ კულტურას უტევენ!”. ამ წამოძახილს ვიღაცამ უპასუხა და კინოს მუზეუმში ხელჩართული ბრძოლა დაიწყო. დარბაზის ადმინისტრაცია იძულებული იყო ფილმის ჩვენება შეეწყვიტა. ანატოლ დომანმა, ფრანგმა პროდიუსერმა, რომელიც ამ სკანდალის უშუალო მოწმე გახდა, საკმაოდ მშვიდად შეაფასა ეს არეულობა, აქ კი არა, ლამის კანის ფესტივალზე მოხდა იგივე, როცა იქ, “გრძნობათა იმპერია” უჩვენესო.

ნაგისა ოსიმას ფილმი კანის ფესტივალზე მართლაც უჩვენეს, ოღონდ კონკურსგარეშე პროგრამაში. კანის კინოფორუმის მაშინდელმა დირექციამ ვერ გაბედა სპეციალური კომისიის მიერ “პორნოგრაფიად” შეფასებული ფილმის კონკურსში ჩართვა. ორი წლის შემდეგ, საფრანგეთის კულტურის მაშინდელმა მინისტრმა ჟაკ ლანგმა წერილით მიმართა ხელისუფლებას, მოეხსნათ სურათისთვის “პორნოგრაფიული ფილმის” იარლიყი და ჩვეულებრივ კინოთეატრებში ეჩვენებინათ. მინისტრის თხოვნამ გაჭრა. 1979 წელს, მსოფლიოს ასი კინოკრიტიკოსის გამოკითხვით, “გრძნობათა იმპერია” ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ეროტიკულ ფილმად აღიარეს. უფრო მეტიც, კინოს უამრავი სპეციალისტი იაპონელი რეჟისორის ამ სურათს ყველა დროის საუკეთესო ფილმადაც მიიჩნევს.

მოსკოვში ჩაშლილი სეანსის შემდეგ, კინოს სპეციალისტები ცდილობდნენ აეხსნათ, რამ განაპირობა ოსიმას ფილმის მიმართ რუსული პუბლიკის ასეთი აგრესია. “პერესტროიკის” ეპოქაში, მოსკოვში ხომ თავისუფლად შეიძლებოდა უკვე ყველაზე უხამსი ეროტიკული ფილმის ნახვა. კინოკრიტიკოსების აზრით, საქმეც ისაა, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, მათ შორის სექსუალური აქტი, “გრძნობათა იმპერიაში” იმდენად პირობითად არის ნაჩვენები, იმდენად ორგანულად ეწერება ფილმის მხატვრულ მთლიანობაში, რომ ასე ვთქვათ “ქვენა გრძნობების” გამძაფრებას არ იწვევს. ასეთი კინო კი არავის უყვარს – არც მორალის დამცველებს და არც იმათ, ვინც ეროტიკის სანახავად დადის კინოში.

[“გრძნობათა იმპერია” ფინალური მონოლოგი მუსიკით” მეორე დისკზე]

ჩვენ ეხლა “გრძნობათა იმპერიის” ფინალი მოგასმენინეთ. “სიყვარულის კორიდა” (სხვათა შორის, სწორედ ასეთი სათაურით გადიოდა ოსიმაას ფილმი იაპონიაში) სისხლიანი ტრაგედიით დასრულდა. ქალმა და მამაკაცმა, ფილმის პირველ ნახევარში “მსხვერპლმა და ჯალათმა” როლები შეცვალეს. თუმცა ორმა სხეულმა, ორმა პოლუსმა, ამ მუდმივად დაპირისპირებულმა მხარეებმა, მაინც ვერ შეძლეს ერთმანეთში სრულად შეღწევა. იაპონელისთვის სიკვდილი არაფერია, გარკვეული თვალსაზრისით შვებაცაა, მაგრამ იაპონელი გულწრფელად განიცდის, როცა მთლიანობა მიუღწეველი რჩება. ასე იქცევა “სიყვარულის კორიდა” ფილოსოფიურ იგავად, რომელშიც ევროპელები დასავლური კულტურის წარმომადგენლების, მარკიზ დე სადის, ბატაის, არტოს მსოფლხედველობის გავლენას ხედავენ. ქართველი კულტუროლოგი, გია მანელაშვილი აღნიშნავს, რომ იაპონური, ე.ი. “კუნძულზე დამკვიდრებული კულტურისთვის” საზღვრის გადალახვას, სხვაში შეღწევას, ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა

[გია მანელაშვილის ხმა]:67.00.2067.00.35 “ადამიანი, რომელიც სახლში ცხოვრობს, სულ ინტერიერებს იღებს, ოჯახურ ცხოვრებაზეა ორიენტირებული, ამ ადამიანს აქვს გარეთ გასვლის პრობლემა, მისთვის პრობლემურია საზღვრის გადალახვა”

იაპონია სიყვარულისა და სიკვდილის სამყაროაო, ამტკიცებდა ოსიმა “გრძნობათა იმპერიის” პრემიერის შემდეგ. სიყვარული, ვნება აქ იზოლირებულ სამყაროშია მოთავსებული, სადაც ხდება კიდევაც სიყვარულის, როგორც სიკვდილისკენ გაუცნობიერებელი ლტოლვის, ზესექსუალური ვნების კვლევა. თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ოსიმა დაჟინებით ამტკიცებს, რომ იგი ყოველთვის ბიოფილების, და არა ნეკროფილების მხარეზეა

[ნაგისა ოსიმას ინტერვიუდან]: “ჩემი წინაპარია ყველა, ვისაც სურდა და სურს შეცვალოს საზოგადოება და ისინიც, ვისაც სურდა და სურს საკუთარი თავის შეცვლა, თუ საჭიროა ცნობილ და უცნობ პიროვნებებს შორის ამორჩევა, უპირატესობას უცნობებს მივანიჭებ”

ნაგისა ოსიმას ფილმზე წერენ, რომ ესაა სიტყვის, ჟესტისა და მუსიკის ენა. თუმცა იაპონელი რეჟისორი რომ მხოლოდ ამ კატეგორიებით აზროვნებს, ეს უფრო მოგვიანებით გამოჩნდა, როცა ოსიმამ თანამედროვეობის უდიდეს კომპოზიტორთან, რუიჯი საკამოტოსთან დაიწყო თანამშრომლობა. მათი ერთობრივი ნამუშევარი, ფილმი “ტაბუ” ფაქტობრივად “გრძნობათა იმპერიის” ვარიაციაა. ოღონდ აქ ქალისა და მამაკაცის როლებს, იაპონელი სამურაები ასრულებენ.

[საკამოტო. “ტაბუ”. მუსიკა]

“გრძნობათა იმპერიის” კრიტიკოსებმა ნაკლებად მიაქციეს ყურადღება იმას, რომ ფილმს 1936 წელს, იაპონიაში მომხდარი ნამდვილი ამბავი დაედო საფუძვლად. მოახლე ქალმა სადამ მორიგი სასიყვარულო პაემანის აპოგეაში მოკლა თავისი ბატონი, კასტრაცია გაუკეთა და მის სხეულზე სისხლიანი იეროგლიფები გამოიყვანა “კიიტი და სადა – მარადიული სიყვარული”. რას ნიშნავს ეს? რომელ იმპულსებს აღძრავს ოსიმას ფილმი მაყურებელში. გია მანელაშვილი აქ კიდევ ერთ აღმოსავლურ ტრადიციას იხსენებს




[გია მანელაშვილის ხმა]: 67 “ეს აღმოსავლური ტრადიცია, თქვა ისე, რომ არ დაგაძალო, არ ახსნა, აგრესიულად არ მიუთითო, არ დაღეჭო, თქვა, უჩვენო, ოღონდ გამგებმა უნდა დაინახოს და გაიგოს”

1990 წელს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ანატოლ დომანმა გაიხსენა როგორ წაიყვანა ერთი მეძავი ქალი ლუვრში, რათა მის რეაქციებს დაკვირვებოდა. მე გაოცებული ვუყურებდი სირცხვილისგან გაწითლებულ ქალს, რომელიც მიმითითებდა რა ხელოვნების უკვდავ ნაწარმოებებზე, სახელოზე მექაჩებოდა და მეკითხებოდა, როგორ შეიძლება საჯაროდ ამგვარი უმსგავსობის გამოფენაო – განაცხადა დომანმა.

1990 წლის თბილისში, სადაც “გრძნობეთა იმპერია” მოსკოვიდან ჩამოიტანეს, ანატოლ დომანს ასეთი პრესკონფერენციის გამართვა არ დაჭირდა. სეანსის დროს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან ძირითადად ქალები გავიდნენ. ისიც უხმაუროდ. მხოლოდ ფილმის ფინალში გაისმა დარბაზიდან ყვირილი. იმ დროს, როცა სადა კასტრაციის აქტს იწყებს, ვიღაცამ დაიღრიალა “არ მოაჭრა, არ მოაჭრა!”, შეშინებულ მაყურებელს სხვებიც აყვნენ. თუკი 1990 წლის იანვარში რუსებს ჟიდო-მასონების შეთქმულების ეშინოდათ, 1990 წლის საქართველოში ზოგიერთ მამაკაცს სულ სხვა ფობიები ტანჯავდა.








  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG