Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს პრიორიტეტებს შორის წელსაც რჩება ე.წ. “გაყინული კონფლიქტები”


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის

ორგანიზაცია - ეუთო - ევროპის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრებს საქართველოც მიეკუთვნება, კერძოდ, 1992 წლიდან. ეუთოზე სულ რამდენიმე დღის წინ უკვე მოგვიწია საუბარი ჩვენს გადაცემებში იმ მიზეზით, რომ მისი მორიგე თავმჯდომარის პოსტს გამოეთხოვა კარელ დე ჰუხტი - ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ შემოგთავაზეთ დე ჰუხტთან ინტერვიუ, რომელშიც მან ეუთოს მიერ განვლილი წლის მანძილზე გაწეული მუშაობა შეაფასა და ეუთოს ახალ მორიგე თავმჯდომარეზეც ილაპარაკა.

[დე ჰუხტის ხმა] “ახლა ჩვენ მემკვიდრეობა ესპანეთს - ჩემს მეგობარ მიგელ ანხელ მორატინოსს გადავეცით. ის ბრწყინვალე დიპლომატია! ჩემზე ხანდახან ამბობენ, რომ არა ვარ დიპლომატი - ის კი გამოცდილი დიპლომატია, მე პოლიტიკოსად უფრო მთვლიან. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის ბრწყინვალე თავმჯდომარე იქნება”.

როგორც დარწმუნდით, ეუთოს ყოფილმა მორიგე თავმჯდომარემ ქების სიტყვები არ დაიშურა ახალი მორიგე თავმჯდომარის მისამართით. ჩვენც სწორედ ახალ თავმჯდომარეზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას - გიამბობთ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიგელ ანხელ მორატინოსის გეგმებზე ეუთოს ლიდერის რანგში.

ამ, ახალ ამპლუაში მიგელ ანხელ მორატინოსის პირველი გამოსვლა ფრთხილი და პრაგმატული იყო. წინამორბედის თქმის არ იყოს, მორატინოსს დიპლომატის გამოცდილება ეტყობოდა, რაც შესაძლოა განსაკუთრებით საჭიროც იყოს ეუთოსთვის, რომლის წევრებს შორის, არცთუ იშვიათ შემთხვევაში, დაძაბულია ურთიერთობა. ბოლო თვეებში დაძაბულობის მხრივ რუსეთი და მისი მეზობლები გამოირჩეოდნენ: ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების გარშემო აგორებული სკანდალი საქართველოსთან ურთიერთობაში, ენერგეტიკული კრიზისი ბელორუსიასთან.

მორატინოსმა ვენაში ჩვენი რადიოს კორესპონდენტს როგორც უთხრა, მას სურს ერთიანობაზე ზრუნვა ეუთოს წევრებს შორის: [მორატინოსის ხმა] “ჩვენ გვაქვს ამ ორგანიზაციისადმი კუთვნილების განცდა, რასაც მე ეუთოს “ოჯახის წევრობის შეგძნებას” ვუწოდებ. მაგრამ ახლა ეს განცდა დაკარგულია და გვინდა ის ისევ აღვადგინოთ. ამიტომ მმართებს ლაპარაკი აუცილებლობაზე, დავძლიოთ განხეთქილება, რომელმაც, როგორც ჩანს, ისევ იჩინა თავი”.

მორატინოსს სჯერა, რომ ეუთოს 56 წევრს - მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს, აშშ-ს, რუსეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს - საერთო ფასეულობები აერთიანებს, მაგრამ მაინც განსხვავდება ერთმანეთისაგან. ზოგ შემთხვევაში კი ეს სხვაობა საბედისწერო მასშტაბს იძენს - თუნდაც ე.წ. “გაყინული კონფლიქტების” შემთხვევაში.

მორატინოსის წინამორბედი, ეუთოს ყოფილი თავმჯდომარე კარელ დე ჰუხტი შარშან ამ, “გაყინული კონფლიქტების” მოგვარებას ასახელებდა თავისი თავმჯდომარეობის პრიორიტეტულ ამოცანად. მაგრამ, როგორც ცნობილია, მიზანს ვერ მიაღწია. დე ჰუხტი მაინც არ ფიქრობს, რომ კონფლიქტების დღემდე მოუგვარებლობა ეუთოს უუნარობაზე მეტყველებს.

[დე ჰუხტის ხმა] “არ ვთვლი, რომ ეს ეუთოს უუნარობა იყო. ეუთოს მთავარი ამოცანაა, იყოს პატიოსანი გამრიგებელი, შეეცადოს, წააქეზოს მხარეები არგუმენტების ძიებაში. სამხრეთ ოსეთში მართლაც მოეწყო რეფერენდუმი, რომელიც არც ჩვენ ვაღიარეთ და არც საერთაშორისო თანამეგობრობამ. მეორე მხრივ, მოეწყო სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაციის დონორთა შეხვედრა. ჩვენ ვეწვიეთ სამხრეთ ოსეთს და მივედით იმ აზრამდე, რომ შეგვიძლია სამხრეთ ოსეთის რეაბილიტაცია”.

ასეა თუ ისე, დე ჰუხტის მემკვიდრე ეუთოს მორიგე თავმჯდომარის პოსტზე, ესპანელი მორიტინოსიც ირწმუნება, რომ გაყინული კონფლიქტების მოგვარება მნიშვნელოვანი საკითხია 2007 წელსაც: [მორატინოსის ხმა] “გაყინული კონფლიქტები, რასაკვირველია, პრიორიტეტად რჩება ესპანეთის თვამჯდომარეობის პერიოდშიც. თუმცა სავსებით ნათლად უნდა ვთქვა: ჩვენ ძალიან პრაგმატულად ვუდგებით ამ საკითხს, არ გვინდა ძალიან დიდი მოლოდინი გავაღვივოთ. ჩვენ ვიქნებით პროცესის ძალიან აქტიურად ხელშემწყობი ძალა, მაგრამ არ გვინდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს ესპანეთის თავმჯდომარეობისას შესაძლებელი იქნება ყველა ამ ხანგრლძივი გაყინული კონფლიქტის მოგვარება”.

ნიშნავს თუ არა მორატინოსის ეს განცხადება იმას, რომ შარშან, ბელგიის თავმჯდომარეობისას კონფლიქტების მოგვარებაში გარღვევის მოლოდინის - ამაო მოლოდინის - შემდეგ უფრო ზომიერი პოზიცია მკვიდრდება?

[მორატინოსის ხმა] “მე პრაგმატულად და ფრთხილად მოვეკიდები ამ საქმეს და ვფიქრობ, შევეცდებით დავეხმაროთ მხარეებს - და საბოლოოდ სწორედ მათზე, მხარეებზეა დამოკიდებული, მიმართონ ზომებს და შეძლონ კომპრომისზე წასვლა”, - ამბობს მიგელ ანხელ მორატინოსი, რომლის თავმჯდომარეობის პერიოდშიც ეუთოს სხვა რთული ამოცანებიც აქვს დასახული: მათ შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და გარემოს დაცვაზე ზრუნვა.
XS
SM
MD
LG