Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთის ლიდერებში აშშ-ის მიმართ მხარდაჭერა მატულობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი განაგრძობს ტურნეს ახლო აღმოსავლეთში. კონდოლიზა რაისის მიზანია, რეგიონის ლიდერები დაარწმუნოს ერაყის საკითხში

თავისი ქვეყნის ახალი სტრატეგიის მართებულობაში და მოიპოვოს მხარდაჭერა ირანისადმი დამოკიდებულებაშიც.

ამ კვირაში რაისმა უკვე მოიპოვა ეგვიპტის მხარდაჭერა ახალი სტრატეგიისათვის, რომელიც ითვალისწინებს ერაყში დამატებით 21 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას და რეკონსტრუქციისთვის მეტი ფულის გამოყოფას. დღეს კი კონდოლიზა რაისი საუდის არაბეთში მართავდა შეხვედრებს: ესაუბრა მეფე აბდულას, შემდეგ საგარეო უწყების ხელმძღვანელს, საუდ ალ-ფაიზალს, რის შემდეგაც ქების სიტყვები არ დაიშურა საუდის არაბეთის მისამართით - ერაყის საკითხში გაწეული დახმარებისთვის.

[კონდოლიზა რაისის ხმა] “ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი - ეს არის ერთიანი ერაყი, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც უზრუნველყოფილია, რომლის საქმეებშიც გარედან არ ერევიან, ეს არის ერაყი, სადაც ყველა მოქალაქე თანასწორი უფლებებით სარგებლობს და სახელმწიფოსაგან დაცულია რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად”.

როგორც იუწყებიან, უფრო სკეპტიკური იყო მასპინძლის, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალ-ფაიზალის შეფასება. მისი თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლება, მართალია, იმედს ამყარებს ამერიკის გეგმაზე, რომლის მიზანიც ერაყში ვითარების მკვეთრი გაუმჯობესებაა, მაგრამ ეჭვი ეპარება ერაყის ამჟამინდელი მთავრობის უნარში, თავი გაართვას ამ ამოცანას. უნდა ითქვას,ზოგადად, არაბულ სამყაროში ბევრი არ ენდობა ერაყის ამჟამინდელ მთავრობას, რომელშიც წამყვან როლს შიიტები ასრულებენ და - როგორც სუნიტი არაბები შიშობენ - ირანელი შიიტების ინტერესებს ემსახურებიან.
მაშ, შეიძლება თუ არა კონდოლიზა რაისის ამჟამინდელი ტურნე წარმატებულად ჩაითვალოს? ჩვენმა კოლეგამ, ვალენტინას მიტემ ამ შეკითხვით მიმართა რეგიონის ექსპერტს, დუბაიში დაფუძნებული ინსტიტუტის, სპარსეთის ყურის კვლევითი ცენტრის თანამშრომელ მუსტაფა ალანის.

ექსპერტი ჯერ ნაადრევად მიიჩნევს რაისის ვიზიტის წარმატებულად, ან წარუმატებლად ჩათვლას, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ამერიკის დასახმარებლად ახლო აღმოსავლეთში ახლა გაცილებით მეტია მზადყოფნა ვიდრე ადრე იყო: [მუსტაფა ალანის ხმა] “რეგიონი გრძნობს გავლენას - ირანის ინტერვენციონისტული პოლიტიკის უარყოფით გავლენას, განსაკუთრებით ერაყში. ამიტომ რეგიონი დაინტერესებულია აშშ-თან ძალების შეკავშირებით ირანის წინააღმდეგ ზომების მისაღებად. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ აშშ-ს არ ენდობიან. მათ სჭირდებათ ფაქტები, საჭიროა მათი დარწმუნება. საჭიროა პრაქტიკული ნაბიჯები იმის დასამტკიცებლად, რომ აშშ-ს სურს სტაბილიზაცია, რომ ეს არის აშშ-ის პოლიტიკის მიზანი”.

ექსპერტ მუსტაფა ალანის შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში ახალი სტრატეგიული ბლოკი ყალიბდება: ეგვიპტე, იორდანია, საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები. ყველა ეს ქვეყანა შეშფოთებულია ირანის - მსოფლიოს უდიდესი შიიტური სახელმწიფოს - მზარდი ამბიციებით და ამ კრიტიკული დამოკიდებულებიდან გამომდინარე დგას აშშ-ის მხარეზე. ასეთ ვითარებაში კი, შესაძლოა, რეგიონის სხვა, ურთულესი პრობლემის მოგვარებისაკენ მიმართული ძალისხმევაც გააქტიურდეს: ეს პრობლემაა ისრაელ-პალესტინელების კონფლიქტი.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ახლო აღმოსავლეთში კონდოლიზა რაისის ამჟამინდელი მოგზაურობისას გადაწყდა, რომ მალე გაიმართება სამმხრივი შეხვედრა თვით კონდოლიზა რაისის, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და პალესტინელების პრეზიდენტის მონაწილეობით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ქუვეითში ვიზიტით აგრძელებს, სადაც 8 არაბული ქვეყნის საგარეო მინისტრებთან ერთად განიხილავს ზემოხსენებულ ორ საკითხს: ერაყის სტაბილიზაციას და ირანის როლს ახლო აღმოსავლეთში.
XS
SM
MD
LG