Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


გურამ ოდიშარია ამ კვირაში “თავისუფლების” დღიურების ავტორია

მწერალი გურამ ოდიშარია.

1 იანვარი, ორშაბათი
და აი, 2007-იც დადგა. მზიანი დღეა. პირველად ვწერ “2007”-ს. არა, მგონი, ადრეც მიხსენებია ეს წელი, მაგრამ 2007-ში “2007”-ს პირველად ვწერ. კარგი წელი უნდა გამოდგეს: შვიდიანით მთავრდება. კიდევ 2+0+0+7=9. 9 შესანიშნავი რიცხვია. 7 და 9 ერთად დამაიმედებელია! ასეთია ჩემი მათემატიკა. ღმერთმა ქნას!
ამ დილით 8-ზე გავიღვიძე. ეკა ტალახაძის ზარს ველოდები “პიკის საათიდან”. გუშინ ასე დავთქვით: ახალი წლის პირველივე “პიკის საათში” 2007 წელს მივულოცავთ რადიომსმენელებს. ცხრას რომ 10 აკლდა, ეკამ დარეკა. ვისაუბრეთ, სოხუმი გავიხსენეთ, ქალაქელი კოლორიტები, სოხუმელი “მარადონა”; ვიხუმრეთ კიდეც. უმრავლესობას ძინავს ასეთ დროს, მაგრამ ვიცით - ზოგიერთები მაინც გვისმენენ - სამზარეულოებში, მანქანებში, სხვაგანაც. სწორედ მათ მივულოცავთ ახალ წელს და იმათაც, რომლებსაც ახლა სძინავთ.
გუშინ, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩავრთე მობილური ტელეფონი და მეგობრებს დავურეკე. შევეცადე, მათთვის ახალი წლის მილოცვა დამესწრო. ბევრს დავასწარი, ბევრს - ვერა. ბოლოს ნაშუაღამევს - 3 საათზე დამირეკეს. შემდეგ ჩამეძინა.
დილით გია სიამაშვილს ვესაუბრე. გია ჩემს მომცრო წიგნს თარგმნის რუსულად. თუმცა წიგნი ჯერ ქართულადაც არ გამოსულა. წიგნს ასე შევარქვი - “გასაუბრება 10 წლის დღიურთან”. მცირე დღიურია.
დღეს სახლიდან არ გავალ. არც ხვალ. ტრადიციულად ახალ წელს სახლში ვხვდები მეუღლესთან და ქალიშვილთან - ცისანასთან და სალომესთან ერთად. თუმცა, ეს ახალი წელი სხვაა: ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა - ლეკვი, დალმატინელი. სალომეს აჩუქეს ზაფხულში. ისე, უკვე დროა, სალომეს თავად ჰყავდეს საკუთარი შვილები. ის კი ლეკვებს დააწოწიალებს. ლეკვი უკვე 7 თვისაა. შევარქვით დეზი. სკოტ ფიცჯერალდის რომანის “დიდი გეტსბის” მომხიბვლელი ქალის - დეიზის ხათრითა და სიყვარულით. ოღონდ ჩვენ - დეზი! დეზი იმიტომ რომ, რომანის დეიზივით, ისიც არისტოკრატია.
ნაშუადღევს ბადრი წერედიანი მირეკავს - ახალგაზრდა რეჟისორი, თემურ ჩხეიძის შეგირდი. თურმე ბატონი თემური თბილისშია, მე კი უკვე პეტერბურგში მეგონა და ვაპირებდი, იქ დამერეკა. ავად გამხდარა. ვურეკავ ბინაში. ბატონი თემური მეუბნება, რომ ვერ დასწრებია “ჯამბაზების” პრემიერას. “როგორ უნდა ვიყო, წარმოგიდგენია, - ამბობს ის - მე რომ პრემიერას ვერ დავესწრები?!” თემურ ჩხეიძისნაირი ადამიანები თითო-ოროლანი თუ დადიან ამ ქვეყანაზე. ასეთი კაცები ავად არასდროს უნდა ხდებოდნენ და ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ. ღმერთო, ხელი მოუმართე წელს თემურ ჩხეიძესა და მის მსგავსებს!
წუხელ, ზუსტად 12 საათზე, მე და ცისომ შავი ღვინით სავსე ფუჟერები მივუწკრიალეთ ერთმანეთს. სალომე მეგობრებთან ერთად შეხვდა 2007-ის შემობრძანებას. მგონი, სადღაც გიგანტური ხაჭაპურის თუ ისეთივე გიგანტური გოზინაყის რეგიონში. 12 საათი, როგორც თითქმის ყოველ ახალ წელს, ლამაზი იყო: ოთახში, როგორც ცისომ დათვალა, 14 სანთელი გვენთო, გიზგიზებდა ბუხარი. გარეთ იყო ფოიერვერკები და თოფების ბათქა-ბუთქი. ამ ელვა-გრიალში დეზი საშინლად დაგვიშინდა, საძინებელში საწოლს ქვეშ დაიმალა და გამოსვლა არ უნდოდა. ვეხვეწეთ, ვევედრეთ, შევეცადეთ გაგვემხნევებინა, მაგრამ არ გვენდო, არ დატოვა თავისი “ციხე-სიმაგრე”. ცუდააა ჩვენი - ქართველების საქმე - როგორ არავინ გვენდობა? ახლა მათ რიგს დეზიც მიემატა. გრაფინია დეზი ვან ფონ დე დალმატინსკაია.
მოკლედ, დაიწყო 2007 წელი!
პირველი კოსმოსელი კაცის არ იყოს - Поехали!

2 იანვარი, სამშაბათი
დღესაც გრძელდება მოსალოცი ზარები, მესიჯები. სახლში დავრჩები, მიუხედავად რამდენიმე მიპატიჟებისა, არსად წავალ. სალომეც სახლშია. თურმე, მთაწმინდაზე შეხვედრია ახალ წელს, განა საგინესო ხაჭაპურთან. ახალი წლის დღესასწაული ფილოსოფიურიცაა: აჯამებ წინა წლის დღეებს, რა იყო კარგი, რა იყო ცუდი, რისი გაკეთება შეგეძლო უკეთ, სულ რამდენი დღე დაგამახსოვრდა 2006-ის 365-დან? გეგმავ ახალ, ამჯერად 2007-ს.
შარშან, როგორც იქნა, დავამთავრე ერთი წიგნის წერა. მეორე კი - მინი-რომანი, რომელიც ერთი წლის წინათ მოვნათლე კიდეც - “პრეზიდენტის კატა” - ეს მერამდენე წელია, დაუმთავრებელია. გაზაფხულამდე უნდა მოვრჩე. პირობას ვდებ. ერთხელ კიდევ ვდებ ასეთ პირობას. მერე პიესის დაწერაც მინდა და კიდევ - ერთი წიგნის. აი, იმ წიგნის იმედი მაქვს ყველაზე მეტად. კიდევ პამუკის წიგნები უნდა წავიკითხო – თურქი მწერლის ორჰან პამუკისა და ბრაზილიელი პაულო კოელიოსი. კიდევ ათასი სხვა წიგნიც. რამდენი ხანია, კარგი წიგნი არ წამიკითხავს.
მორჩა, წელს დროს არ დავკარგავ სისულელეებზე! ეკონომიურად გამოვიყენებ 2007-ს, გავუფრთხილდები დროს, როგორც უდაბნოს მგზავრი - წყალს.
დღესაც არაფერს ვკითხულობ, არც ვწერ. ვწევარ დარბაზში, ბუხართან, ხელში ტელევიზორის პულტი მიჭირავს. საახალწლო განმარტოება და ტელევიზორი - ესეც ჩემი ტრადიციაა. გუშინ რამდენიმე ქართული არხი აჩვენებდა რიაზანოვის “Ирония судьбы или с легким паром”-ს. რუსული არხებიც აჩვენებდნენ. ამ ფილმთან ერთად ვბერდები. კარგი ფილმია, მაგრამ... დღეს 50-იანი წლების “ყვავილი თოვლში” ვნახე. მარტივი, მაგრამ თეთრი ფილმი, თოვლიანი. ბორჯომი, ბაკურიანი. ახალი ფილმიც აჩვენეს - იქაც თოვლი, ბაკურიანი, ცემი. ორივეს ბოლომდე ვუყურე. ალბათ, თოვლი მომენატრა.
ცისო ამ ახალ წელს კომპიუტერთან უფრო მეტ ხანს ფუსფუსებს, ვიდრე სამზარეულოში. ასე ჯობია. მეუბნება, ვინ მილოცავს, ვინ რას მწერს. მიხარია, რომ მოსალოც წერილებს შორის ხუთი წერილი სოხუმიდანაა. ჩემთვის ყველაზე ლამაზი და ყველაზე შორეული ქალაქიდან. აქედან ვხედავ კიდეც, როგორ ხვდებიან იქ ახალ წელს და გულით ვულოცავ ყველა სოხუმელს 2007-ს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ყველა სოხუმელს: ვინც იქ ცხოვრობდა, ვინც ცხოვრობს და ვინც იცხოვრებს მომავალში.
წერილებს დღეს არ ვუპასუხებ, არც ხვალ. შემდეგ კვირას “ავმუშავდები”. მანამდე კი, მოდი, ასე ვილივ-ლივ-ლივ-ებ.
დღეს ფეხობაა. ცისომ, როგორც ყოველ სისხამზე, დეზი ეზოში გაასეირნა. ჰოდა, დაბრუნებულზე დეზიმ გვიფეხა. დეზი ჩვენი ბროლიაცაა. აქვე უნდა აღვნიშნო: დეზის ფეხობის პირველი წუთი ცისოს აქტიური პედაგოგიკით აღინიშნა: “დეზი, ნუ ჭამ ამდენ კანფეტს!”
საღამოჟამს დედაჩემმა დამირეკა: 31 დეკემბერს, ახალ წლამდე სამიოდე საათით ადრე, ჩვენი სიძე, გუგული მიმინოშვილი გარდაცვლილა - მამიდაშვილის ქმარი, წესიერი, პატიოსანი თბილისელი კაცი. ამ რამდენიმე წლის წინათ თბილისის ერთ-ერთი საშუალო სკოლის დირექტორი იყო. შემდეგ? შემდეგ კი - ტაქსისტი. 59 წლის კაცს გული გაუჩერდა, სამუშაოდან მოსული აბაზანაში შევიდა და... დედაჩემმა ასე მითხრა: არავის შეგვატყობინეს გუშინ მისი სიკვდილი, გაგვიფრთხილდნენ, არ უნდოდათ, ახალი წელი ჩაგვმწარებოდაო.

3 იანვარი, ოთხშაბათი
დილით “Малахов+”-ს ვუყურე. მალახოვსა და ლენა პროკლოვას - ჩვენთვის კარგად ცნობილ ლარისა ივანოვნას. ჩემს ასაკში უკვე გულისყურით უნდა მიადევნო კაცმა გადაცემებს ჯანმრთელობაზე. ისე, სხვათა შორის მაინც.
შემდეგ “სტუდია-რე”-დან დამირეკეს მამუკა ყუფარაძემ და ხვიჩა ლაბაძემ. ყოჩაღ, “სტუდია-რე”, უკვე მუშაობს, არც თავად ისვენებს, არც სხვებს ასვენებს. პირველი საათისთვის ხვიჩა ამოდის. ის წელს ჩვენი პირველი სტუმარია. ვსაუბრობთ, შავ ღვინოს ვსვამთ. ხვიჩა წუხს - ერთი თვის წინათ კავკასიური ნაგაზი დაეკარგათ - ბომბორა, სამი წლის. დღესაც ეძებენ. თურმე, როცა აქებდნენ: ნახეთ, რა კარგი ბიჭია ბომბორაო, თათს თვალებზე იფარებდა, თითქოს იმორცხვებდა. შემდეგ მე მახსენდება ომის ძაღლები. ძაღლის წელი უკვე დამთავრდა, ტახისა დაიწყო. ჩვენ კი ძაღლების ისტორიებს ვყვებით.
გარედან დროგამოშვებით ისმის სროლისა და აფეთქებების ხმები.
მერე ხვიჩა მიდის, ვზივარ ტელევიზორთან, პულტს ვაწრიალებ. რა კარგია ხანდახან ტელევიზორი: სხვებს ჰგონიათ, თითქოს უყურებ, სინამდვილეში კი ფიქრებით სულ სხვაგან ხარ.
რამდენიმე მეგობარი მირეკავს, სახლში მეპატიჟება. უარს ვეუბნები. არც არავის ვპატიჟებ სახლში. შეუძლოდ ვარ, მგონი, გავცივდი. ახალ წლამდე კი ხელი მტკიოდა. კიდევ - გადავიღალე შარშან. წელს ნაკლებად ტელევიზორის ყურება. და ნაკლებად დროის სულელურად ხარჯვა!
გუგული მიმინოშვილს ვიგონებ. უკანასკნელად ზაფხულში ვნახე. სამოცდაათი წლის კაცს ჰგავდა, საცოდავად გამოიყურებოდა. საერთოდ, ძალიან გულსევდიანი კაცი იყო. ყოველ წელს აყენებდა ღვინოს, ახარისხებდა და ნომრავდა N1, N2, N3. სამივე ღვინო კარგი ჰქონდა. N3 - “საპატივცემულო სტუმრებისთვის”, N2 - “ძალიან საპატივცემულო სტუმრებისთვის”, N1 კი - “განსაკუთრებული და ძალიან საპატივცემულო სტუმრებისთვის”. უკვე, ალბათ, ოთხი წელია, რაც მასთან სტუმრად არ ვყოფილვარ. ვნანობ. ეს როგორ არა მაქვს დრო! და ეს რამოდენა ქალაქში ვცხოვრობ!

4 იანვარი, ხუთშაბათი
დილიდანვე მირეკავს მიხო ბეროშვილი, “კავკასიური სახლიდან.” “კავკასიურიც” მუშაობს! ყოჩაღ! არც თავად ისვენებს, არც სხვებს ასვენებს. დავთქვით ასე: 8-ში ან 9-ში შევიკრიბებით: მიხო, მე და ხოსე – იგივე გია ალავიძე – და ვიმუშავებთ დოკუმენტურ ფილმზე. მიხო, ბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი შენთვის, თამრიკოსთვის, ბიჭისთვის. მერე ხოსეს ვურეკავ - ბედნიერი ყოფილიყოს!..
მიხო მეუბნება: “შენი წიგნი უნდა გამოვცეთ. ” – “რომელი წიგნი?” –“პატარა წიგნი გქონია რაღაც დღიური, გია სიამაშვილმა გვითხრა.” აი, ძმობაც ამას ჰქვია, მიხო! აბა, მე სადა მაქვს წიგნის გამოსაცემი ფული?
მერე კარგა ხნის უნახავი მწერალი მირეკავს. მეუბნება, რომ სიცივის გამო ტუჩები დაუსივდა, ყოფილა ასეთი ალერგიაც - სიცივის. ისე, ღამე, დილა-საღამოს ყინავს. დღეები მზიანია, როგორც წესიერ ყინვებს ეკადრება. ტელეფონით საუბრისას ტუჩებდასიებული მწერალი წარმოვიდგინე და გამეცინა. მანაც - გატყობ, კარგ ხასიათზე ხარ, კარგი წელი ყოფილიყოსო.
არადა, დღეს ტელეფონის დღეა, ხან მობილური რეკავს, ხან - ბინის ტელეფონი. გაუმარჯოს იანვარს - პირველს, განუმეორებელს, მოკითხვებისა და მილოცვების, კაცთა გამაერთიანებელ, ყველაზე სატელეფონო-საიმეილო თვეს!
წერილებს ხვალ ვუპასუხებ.
ღამით ბუხარს ვანთებთ. დეზი რაც შეიძლება ახლოს წვება ცეცხლთან. უკვე შეეჩვია. როცა პირველად ნახა დანთებული ბუხარი, დიდხანს უყეფდა ცეცხლს, შეეშინდა. ასე ვართ ჩვენც - რაც უცხოა და უცნობი, მაშინავე უარვყოფთ, ძველი და მიჩვეული კი კომფორტული რამაა. უარვყოფთ ახალ აზრს, ახალი გადაწყვეტილებების შესაძლებლობებს, უარვყოფთ ერთმანეთის მსოფლმხედველობასაც. სულ ასე ყეფა-ყეფით ჩავამთავრეთ ძაღლის წელი. ამიტომაც უფრო გაქვავდნენ და ლამის მარადიულები ხდებიან ჩვენი ძველი პრობლემები.

5 იანვარი, პარასკევი
დღეს მოიღრუბლა. სადღაც, ალბათ, თოვს, მაგრამ თბილისში - არა. სიამოვნებით წავიდოდი ბულაჩაურში, მაგრამ დრო არ მაქვს. ზამთარიცა და ზაფხულიც სხვანაირია არაგვის პირას, ვაჟა-ფშაველას მხარეში. ასეთ დროს, იანვარში, თითქმის ყოველთვის მახსენდება ვაჟას საახალწლო მოთხრობები, ეთნოგრაფიული წერილები: როგორ იჭერენ თევზს არაგვში, როგორ ნადირობენ, როგორ ხვდებიან ახალ წელს...
დღეს ვაჟას წავიკითხავ.
რამდენჯერ მიფიქრია იმაზე, რომ კულა გლდანელის გარდა არავინ დახმარებია ვაჟას. სარაჯიშვილის, ზუბალაშვილების, სხვა ქველმოქმედების დროს... არ დახმარებიან. არც ფიროსმანს. სადღაც წავიკითხე, დიდი ჩინოვნიკების შვილებს ეხმარებოდნენ თურმე იმ დროს ხშირად. სასწავლებლად რომ მიდიოდნენ საზღვარგარეთ. ძალიან ბევრს სულ ტყუილად ახარჯავდნენ ფულს.
ტელევიზორი გადმოსცემს, რომ ენგურთან სროლები ყოფილა. ერთი ქართველი ჯარისკაცი მოკლეს. გვარად შარია, მეორე - დაჭრეს. ასეა, უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჩვენი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ქრონიკულ, დროგამოშვებით ფეთქებად კონფლიქტად, რომელიც პერიოდულად შეიწირავს ადამიანებს. მთავარია, შეაჩერო და არ დაიწყო ომი, თორემ მერე ის არ მთავრდება.
ტელევიზორი გადმოსცემს ინფორმაციებს ხანძრებზე, ავიაკატასტროფებზე, თვითმფრინავის აფეთქებაზე, კონფლიქტების განახლებაზე... მოკლედ, დაიწყო 2007 წლის სისხლიანი სტატისტიკა.
ვწერ რამდენიმე წერილს და ვაგზავნი ელექტროფოსტით.
მირეკავს მეგობარი. მესაუბრება “ჯეოსტარის” შარშან ჩატარებულ კონკურსზე. საინტერესო მოსაზრებები აქვს. მეუბნება, კარგი იქნება, თუ გოგი გვახარია თავის გადაცემაში მოაწყობს დისკუსიას “თბილისი და რეგიონები”. თბილისი მხოლოდ დედაქალაქია, თუ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიცაა? როგორია დღევანდელი თბილისი და თბილისელი რეგიონში მცხოვრების თვალში და პირიქით. მართლაც ძალიან საინტერესოა და იქნებ როგორმე შევთავაზო ეს იდეა გოგის.
ღამით ტელევიზორს ვუყურებ. ხან “კულტურას”, ხანაც “MEZZO”-ს. მღერის შესანიშნავი პლასიდო დომინგო. მღერის უშესანიშნავესი ანა ნეტრებკო - ნიჭიერი და ლამაზი უკრაინელი ახალგაზრდა მომღერალი, მისთვის უსამართლოდ შეუფერებელი გვარით – ნეტრებკო. რატომ ერთხელაც არ აჩვენებენ ჩვენი ტელეარხები ანა ნეტრებკოს? ან ამ საახალწლო გადაცემებში სად გაქრა ელეგანტური კლასიკა და რით ჩაანაცვლეს ის?

6 იანვარი, შაბათი
ნუცუბიძეზე დილიდან თოვს. უფრო სწორად, თოვლჭყაპია. კიდევ უფრო სწორად, დროგამოშვებით ცრის ცივი წვიმა. ჩემი ფანჯრიდან ნისლში წყნეთის გადათეთრებული გორაკები მოჩანს.
სოხუმიდან მეგობარი მირეკავს. გაიხარე, დაურ!
კარგა ხანია გათენდა 2007-ის პირველი მოწყენილი დილა, მაგრამ ხალხს ჯერ კიდევ ძინავს, ქუჩაში ზარმაცად მოძრაობს თითო-ოროლა მანქანა. მართლმადიდებლური კალენდრით ხვალ შობაა, დღევანდელი ღამე შობისაა.
12 საათზე გასვენებაზე უნდა წავიდე. 3 საათის შემდეგ თამარ ჩიქოვანს უნდა დავურეკო.
ასეთ წვიმიამ-თოვლიან დღეებში ჯერ კიდევ სტუდენტობიდან, ძალიან ხშირად ძალაუნებურად ამეკვიატება ხოლმე გივი გეგეჭკორის მიერ თარგმნილი პოლ ვერლენის ლექსის სტრიქონები:

რა უსაზღვრო ნაღველს მალავს
სული ჩემი მეუფე,
სულსაც აწვიმს როგორც ქალაქს,
ანდა მის გარეუბნებს.
აწვიმს ქუჩას და სახურავს
და შრიალით ავივსე,
სევდა სულში ჩასახული
უკრავს წვიმის კლავიშზე.
და მით უფრო არის მძაფრი
უმიზეზო ნაღველი,
არსაიდან რომ არაფრით
არის ნაკარნახევი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG