Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში აზერბაიჯანიდან შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირის მოწოდება დაიწყო


საქართველოს მთავრობამ ამაყად გამოაცხადა, რომ 15 იანვარს საქართველოს საზღვარი შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივმა აირმა გადმოკვეთა და გაზის მოწოდება რუსეთის

ალტერნატიული მეორე წყაროდანაც დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად საქართველო აზერბაიჯანიდან 4 მილიონი კუბური მეტრი გაზით მარაგდება. ამას საქართველოს ხელისუფლებაში ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევენ - აცხადებენ, რომ მალე საქართველოს რუსეთის გაზი აღარც კი დასჭირდება. რამდენად რეალისტურია ასეთი ვარაუდები, ანუ შეუძლია თუ არა საქართველოს, აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების დაწყების შემდეგ, უარი თქვას რუსეთის გაზზე?

15 იანვარს აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ გამოაცხადა, რომ შაჰ-დენიზის გაზის საბადოდან ბუნებრივი აირის მოპოვება განახლდა. ამ ახალი საბადოდან ბუნებრივი აირის მიღება გასული წლის დეკემბრის ბოლოს შეწყდა ტექნიკური პრობლემების გამო. შედეგად კი, არ გამართლდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, ახალი წლიდან რუსეთის გაზის პოლიტიკურ ფასს არ გადავიხდითო. 2007 წლის იანვრიდან საქართველო კვლავ რუსეთის გაზის ხარჯზე თბება და ქვეყანაში ყოველდღიურად 5 მილიონი კუბური მეტრი გაზი შემოედინება. მისი ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 235 აშშ დოლარს შეადგენს. გაცილებით იაფია აზერბაიჯანიდან მიღებული გაზი, რომლის შესახებაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური საუბრობს:

[ნიკა გილაურის ხმა] ”პრინციპში საქართველომ უკვე მიიღო შაჰდენიზის პირველი გაზი. დაახლოებით 4 მილიონ კუბურ მეტრს უკვე იღებს საქართველო აზერბაიჯანიდან...”(სტილი დაცულია)

ეს ფაქტი საგანგებოდ აღნიშნა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ:

[გიორგი არველაძის ხმა] ”რეალურად ხდება ის, რომ საქართველო მართლა ხდება დამოუკიდებელი სახელმწიფო. საქართველოს ტოვებენ რუსული შეიარაღებული ძალები, საქართველო ხდება ენერგეტიკულად დამოუკიდებელი რუსეთისაგან.”

ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტიდან საქართველოს კუთვნილი შაჰ-დენიზის ბუნებრივი აირის მიღებას მნიშვნელოვან ფაქტს უწოდებს ენერგეტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილიც:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”შაჰ-დენიზიდან გაზის მოწოდებას აქვს უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობა...”

მაგრამ გია ხუხაშვილი კრიტიკულადაა განწყობილი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა ხმამაღალი შეფასებების მიმართ:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”ძირითადად მაინც, სამწუხაროდ, “გაზპრომზე” ვართ დამოკიდებული...”

საქმე ისაა, რომ ხელშეკრულება აზერბაიჯანიდან 90 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტის შესახებ მხოლოდ 3 თვითაა გაფორმებული. ახლა, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოში ყოველდღიურად 3 მილიონი კუბური მეტრი გაზი შემოედინება, რომლის ფასიც 120 აშშ დოლარს შეადგენს.

შაჰ-დენიზის გაზის საბადოდან ჯერჯერობით საქართველო მხოლოდ გარანტირებულ მოცულობას, ანუ წელიწადში 250 მილიონ კუბურ მეტრს, იღებს, ყოველდღიურად 1 მილიონი კუბური მეტრის სახით. როდის დაიწყება შაჰ-დენიზიდან თურქეთის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 800 მილიონი კუბური მეტრი გაზის შემოდინება, ჯერჯერობით უცნობია. რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან” კი საქართველოს კომპანიებს ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული 1 მილიარდ 50 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ.
XS
SM
MD
LG